ავტორი:

11 დაღუპული, დაკარგულები და ფერფლის თითქმის 3-კილომეტრიანი სვეტი, რომელმაც მიმდებარე სოფლები დაფარა - ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანი ამოიფრქვა (ფოტო, ვიდეო)

11 დაღუპული, დაკარგულები და  ფერფლის თითქმის 3-კილომეტრიანი სვეტი, რომელმაც მიმდებარე სოფლები დაფარა - ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანი ამოიფრქვა (ფოტო, ვიდეო)

ინდონეზიის კუნძულ სუმატრას დასავლეთ ნაწილში, მარაპის მთაზე ვულკანის ამოფრქვევას სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში მაშველები მუშაობენ, მათ გადარჩენილების გამოყვანა შეძლეს, კიდევ 12 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

მათი ძებნა უსაფრთხოების მიზნით ამ დროისთვის შეჩერებულია.

”ძალიან საშიშია ახლა ძიების გაგრძელება”, - განაცხადა სამაშველო ჯგუფის სპიკერმა ჯოდი ჰარიავანმა.

სუმატრაში კვირას, 3 დეკემბერს, რეგიონში ერთ-ერთო ყველაზე დიდი ვულკანი მარაპი ამოიფრქვა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ვულკანის სიახლოვეს 75 ადამიანი იმყოფებოდა. 49 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, მათგან ბევრს დამწვრობის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ვულკანის ფერფლის სვეტმა, რომლის სიმაღლე თითქმის 3 კმ იყო, სამი მიმდებარე სოფელი დაფარა.

ინდონეზიის ხელისუფლებამ განგაშის მეორე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას კრატერთან 3 კილომეტრის მანძილზე მისვლა აუკრძალა.

მარაპი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კუნძულ სუმატრაზე, მისი ყველაზე დამანგრეველი ამოფრქვევა 1979 წლის აპრილში მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 60 ადამიანი.

ინდონეზიის არქიპელაგი, რომელიც შედგება 18 ათასი კუნძულისგან, წყნარი ოკეანის ვულკანური ცეცხლის რგოლში მდებარეობს. ამ ზონაში ყველა სეზონზე სეისმურად აქტიურობა აღინიშნება.

ინდონეზიაში სულ 127 აქტიური ვულკანია.