ავტორი:

"გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ" - კახა კალაძე

"გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ" - კახა კალაძე

ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია "სისტრას ჯგუფის“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავსი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდება მხარდამჭერი.

“ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ, პოლიტიკოსის სტატუსი შეურაცხყოფა იქნებოდა ამ ადამიანების მიმართ. ჰგონია, რომ ის პერიოდია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ, ჩარჩენილია წარსულში. არ ვიცი, როგორ უნდა იკადრო ადამიანმა ასეთი ტყუილის თქმა, გამოვიდა და პირდაპირ ეთერში თქვა, თითქოს თბილისის მერია არ ითვალისწინებს უცხოელი კონსულტანტების მიერ შემოთავაზებულ პირობებს, ასევე, რა სქემებით უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ასე შემდეგ, ეს ძალიან დიდი ტყუილია. ჩვენ დაქირავებული გვყავს საუკეთესო კომპანიები, ის რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო დღესაც გრძელდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რათა ქვეითად გადაადგილება, ტრანსპორტით მგზავრობა ხელმისაწვდომი იყოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი. განცხადებები, თითქოს, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თავად მოვუსმინე, როდესაც ის საუბრობდა, რომ კვლევაში გაწერეს, რომ არ შეიძლება საავტობუსო ზოლის გაკეთება იქ, სადაც ორი ზოლია, მაგალითად კი ჭავჭავაძის გამზირი ჰქონდა მოყვანილი. ეს ადამიანები ასეთი იაფფასიანი, პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან, მცდელობა აქვთ, მხარდაჭერა მოიპოვონ. ჩემი რჩევაა, ასეთი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდებათ ამომრჩეველი, შედეგიც სახეზეა. ხედავთ, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”, დღეს შეიძლება დაირქვას “სტრატეგია”, ხვალ შეიძლება გადაირქვას, შინაარსობრივად და ვიზუალურად ერთნი არიან”,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ რასაც თბილისის მერია ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე და წერეთელზე აკეთებს კომპანია "სისტრას“ უწერია, რომ არ შეიძლება.

"კალაძის გაუდაბურებული გზები ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, რომ შემდეგ საერთოდ ვერ გავივლით და რატომ ხდება ეს? უცხოური კომპანია "სისტრა“ ხომ დაიქირავეს და სულ მეგონა, რომ ეს უცხოური კომპანია რამ გააგიჟა, ასე გიჟურად როგორ დაგეგმა გზები-მეთქი და იცით, რომ იქ, სადაც ერთი მანქანის გზა რჩება, ერთი სამანქანო გზა რჩება, იქ "ბასლაინის“ გაკეთება არ შეიძლება ანუ რასაც აკეთებს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე, პირდაპირ უწერია "სისტრას“, რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს მაინც აკეთებს, რადგან ამ ადამიანმა ფეხბურთში ხომ ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა და წერა-კითხვაც არ იცის, მგონი. კახი, წაიკითხე ბიჭო, რა დაწერა იმ კომპანიამ. მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხა, შენც წაიკითხე. თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე და მოუსმინე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ასევე იხილეთ: