ავტორი:

"კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ - ახალი სერია, რომელიც თქვენი ბიბლიოთეკისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება

"კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ - ახალი სერია, რომელიც თქვენი ბიბლიოთეკისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება

„პალიტრა L-ის“ წარმატებული პროექტის შექმნიდან - 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ 15 წელი გავიდა, თუმცა სერიის მიმართ ინტერესი არ წყდება. მკითხველები დღემდე ცდილობენ გამორჩენილი ტომების შევსებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიამ მკითხველის ინტერესებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა.

წიგნების სია გამომცემლობამ შეადგინა გამოკითხვის მეშვეობით, რომელშიც როგორც პროექტის ავტორი მარიკა დარჩია გვიამბობს, 80 000-მდე მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. 50 წიგნის გამოცემის შემდეგ „პალიტრა L-მა“ მკითხველის დახმარებით კიდევ მნიშვნელოვანი 49 წიგნის სერია შეადგინა. წლების შემდეგ კი მალე წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება ახალი სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“, რომლის შედგენაში მონაწილეობა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაა საჭირო.,

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს ან დარეკეთ ნომერზე 2 47 00 45

მსგავსი სერიები საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, თვალი მივადევნოთ თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებსა და მნიშვნელოვან ნამუშევრებს და მეორე მხრივ, გავეცნოთ კლასიკურ ლიტერატურას.

პროექტის - „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ავტორი მარიკა დარჩია იხსენებს, როგორ შეიქმნა აღნიშნული სერია. მისი თქმით, იდეა BBC-ის გამოკითხვიდან მოდის, როდესაც გამოცემამ მკითხველს სთხოვა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნების სია შეედგინათ. ამის შემდეგ კიდევ არაერთი გამოკითხვა ჩატარდა, მათ შორის New York Times-ის 2021 წლის გამოკითხვაც, თუმცა მიღებული შედეგები პროექტად არ ითარგმნებოდა ხოლმე.

მარიკა დარჩია იხსენებს, რომ პროექტის შექმნის შემდეგ ჩატარებულ პირველ ორ წიგნის ფესტივალზე მკითხველები სიებით მიდიოდნენ, რათა გამოტოვებული ტომები შეევსოთ. სერიაზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ გამოცემები დიდი ტირაჟებით გამოდიოდა.

„ამ გამოცემის მოსამზადებლად დიდი შრომა გავწიეთ. ინტერესი ძალიან დიდი იყო. მკითხველებს გაუჩნდათ კითხვა, ძველი ტომეულებისთვის რა მოეხერხებინათ და გამოიკვეთა მაკულატურის გადამუშავების საჭიროება. ჩვენს ვუპასუხეთ ამ მოთხოვნას და ასე შეიქმნა ახალი პროექტი - „მაკულიტერატურა“, რომელიც მაკულატურის ახალ გამოცემებში გადაცვლას მოიაზრებდა.

პროექტის იდეის ავტორი მარიკა დარჩია განმარტავს, რომ გამომცემლობა ახლაც მაქსიმალურად გაითვალისწინებს მკითხველის მოსაზრებებს. ახალი პროექტის - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ შექმნის იდეა კი ახალი მკითხველის ინტერესების გამოსავლენად და საინტერესო სერიის შესაქმნელად დაიბადა:

„გარკვეული პერიოდის შემდეგ ლიტერატურული მეხსიერება და გემოვნება იცვლება. ამ შემთხვევაში ჩვენ 15 წლის შემდეგ ვადგენთ ახალ სიას. როგორც წინა პროექტების შემთხვევაში, ესეც გამოკითხვაზე დამყარებული პროექტია და „50 წიგნის“ მსგავსად, როდესაც სერიის შესაქმნელად ყველა პლატფორმას, მათ შორის ბეჭდურსაც ვიყენებდით, მკითხველისგან ველით აქტიურობას“, - განმარტა მარიკა დარჩიამ.

ახალი სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ შექმნის პროცესი ისევ მიმდინარეობს, გამოცემებს კი მკითხველი სულ მალე იხილავს.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს ან დარეკეთ ნომერზე 2 47 00 45

R