ავტორი:

წლის მოდელად პლუს ზომის მოდელი დასახელდა - ვინ არის პალომა ელსესერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია

წლის მოდელად პლუს ზომის მოდელი დასახელდა - ვინ არის პალომა ელსესერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია

დიდ ბრიტანეთში, როიალ ალბერტ-ჰოლში გუშინ 2023 წლის მოდის დაჯილდოება გაიმართა. წლევანდელ ღონისძიებაზე, ისტორიაში პირველად, წლის მოდელის ტიტული პლუს-ზომის მოდელმა მიიღო.

British Fashion Awards-ის მიერ წლის მოდელად აღიარებული პალომა ელსესერი ამერიკაში ცხოვრობს. პალომას დედა აფრო-ამერიკელია, მამა კი ჩილედანაა.

31 წლის ამერიკელი ქალი მოდის სფეროში 21 წლის ასაკში მოხვდა:

"იმ პერიოდში მოდის ინდუსტრია ცვლილებებს განიცდიდა და ჩემმა ერთგულმა მეგობარმა, სტივი დენსმა იდეა მომაწოდა, სამოდელო კარიერას გავყოლოდი. მან ჩემი ფოტოები სხვადასხვა სააგენტოში გაგზავნა და შეხვედრებზე მისვლის შემდეგ, ყველამ უარით გამისტუმრა", - ამბობს პალომა.

მისივე თქმით, იმ პერიოდში მოდელობაზე არ ოცნებობდა, ამიტომ ამას განწყობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

  • პალომამ წლის მოდელის ტიტული 2020 წელს Models.com-ისგანაც მიიღო.

  • პალომა Pat Magrath-მა Instagram-ზე შემთხვევით აღმოაჩინა

"მახსოვს, ჩემი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როცა Pat Magrath-მა "ინსტაგრამზე" მიპოვა და იმ დროისთვის მაკიაჟის ახალი ხაზის მოდელად ამირჩია. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაცვიფრებელი მომენტი იყო. მოდელობა ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა", - იხსენებს მოდელი.

  • "კარგი იქნებოდა, რომ სილამაზეს ჩვენი ადამიანური ღირებულებების მიხედვით ვაფასებდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება."

ბრიტანული Vogue-ის ცნობით, პალომა, სამოდელო სფეროში დასაქმებამდე, ნიუ იორკში ფსიქოლოგიას და ლიტერატურას სწავლობდა. გატაცებულია პოეზიითა და მწერლობით.

სამოდელო სფეროში წარმატების მიუხედავად, მისი ინტერესები არ იცვლება. შარშანდელ ინტერვიუში ესსეების კრებულის გამოცემის გეგმებზე საუბრობდა: "ჩვენი სამუშაო უმეტესად იმაზეა ხოლმე ფოკუსირებული, რომ სხვებს მივცეთ მეტი ძალაუფლება, მაგრამ ამჯერად, ჩემს სურვილებს დავაყენებ პირველ ადგილზე", - ამბობდა ელსესერი.

მიუხედავად იმისა, რომ პალომამ მოდის სამყაროს ყურადღება ვიზუალით მიიპყრო, ინდუსტრიაში ადგილი მან ერუდიციით და გაბედულებით დაიმკვიდრა. პალომა თავისუფლად საუბრობს სოციალურ სამართლიანობასა და მრავალფეროვნების საკითხებზე და სურს, ხალხს თავი ასე დაამახსოვროს.

წყარო: vogue

მოამზადა: ანა სიბოშვილმა