ავტორი:

“კადრში რომ არ გამოჩენილიყო, ფეხებში ურტყამდნენ..." - მუქარა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა: ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შიდა ქართლში

“კადრში რომ არ გამოჩენილიყო, ფეხებში ურტყამდნენ..." -  მუქარა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა: ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შიდა ქართლში

თბილისიდან ერთი საათის სავალზე, საქართველოს მე-5 ყველაზე დასახლებულ ქალაქ გორში ტურისტული თუ შემეცნებითი თვალსაზრისით, სანახავი მართლაც ბევრია. აქ არც უცხო ქვეყნიდან ჩამოსულების ნაკლებობა შეინიშნება, თუმცა ambebi.ge ამჯერად სულ სხვა რამეზე გააკეთებს აქცენტს - მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებზე, რაც ხშირად ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ბლოგერებს და ფოტოგრაფებს საჭიროების შემთხვევაში უფასო სამართლებრივ დახმარებას, პროექტის ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo) ფარგლებში უწევს. რომელიც ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისადა თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.

ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გვესაუბრება. დეტალების გაცნობის შემდეგ, ცხადი ხდება, რომ რეალობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არის ფიზიკური დაპირისპირების და მუქარის ფაქტებიც.

ალექსი მერებაშვილი:

“ჩვენს წარმოებაში არის დაახლოებით 7 საქმე, რომლებიც ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს შეეხება. გამოცდილებიდან გამომდინარე, სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა ის, რომ საგამოძიებო უწყებები არაეფექტიანად აწარმოებენ გამოძიებას... ქვეყანაში შექმნილი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ზოგადად, ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო, ორგანიზაციამ გადაწყვიტა მეტი ყურადღება დაეთმო ამ მიმართულებით. ვთანამშრომლობთ რეგიონის მასშტაბით მომუშავე როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ტელევიზიების ჟურნალისტებთან. ძირითადად ეს საქმეები შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ გადამეტებულ ძალადობას.

ქეისები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია და მათთან გვიწევს კომუნიკაცია.“ - აცხადებს ადვოკატი, რომელიც რამდენიმე გამორჩეული საქმის დეტალებსაც გვაცნობს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ქეისის დეტალებს:

  • ქარელის ინციდენტი

2022 წლის 5 ივლისს, რეგიონალური ტელევიზიის “ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტი შოთა სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი ქალაქ ქარელში იქ არსებული მშენებლობის - ე.წ. სპორტული სკოლის გადასაღებად იყვნენ ჩასულები, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაესხნენ თავს.

“მათთან მივიდნენ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, სავარაუდოდ “ალტ- ინფოს“ წარმომადგენლები (საუბრის დროს ეტყობოდათ, რომ პრორუსული განწყობები ჰქონდათ და ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებდნენ), არ აძლევდნენ გადაღების საშუალებას. სცადეს კამერის დამტვრევა, მიკროფონის წართმევა. ამ საქმეზე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, მიუხედვად იმისა, რომ კადრები არსებობს, მედიის წარმომადგენლების დაზარალებულად ცნობა აქამდე არ მომხდარა. დამნაშავე პირების მიმართ ბრალის წარდგენაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

საქმის მასალების გაცნობაზე რატომღაც უარი გვითხრეს. მიუთითეს მიზეზი, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ დაზარალებულს აქვს საქმის მასალებზე წვდომის უფლება. თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ მიუხედვად სტატუსისა, ის მაინც აცნობს ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ თავს დაზარალებულად, საქმის მასალებს.

ამ შემთხვევაში, ქმედების ჩადენიდან 2 წელიწადში თუ არ მოხდა ბრალის წარდგენა, სისხლის სამართლის დევნის დაწყება დამნაშავე პირების მიმართ შეუძლებელი იქნება.

თუ არ იქნება შედეგი, ვაპირებთ მივმართოთ “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“ სახელმწიფოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლების მუხლის დარღვევის დადგენის თაობაზე" - აცხადებს ალექსი მერებაშვილი.

  • დაპირისპირება კასპის საკრებულოში

2022 წლის 18 თებერვალს ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო კასპის საკრებულოში, სადაც ავტომობილების შეძენის მიზნით ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავდნენ. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია "ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები მივიდნენ, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციელებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლებიც კი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ჟურნალისტებმა მიიღეს დაზიანებები, დაზიანდა აპარატურაც.

“კასპის საკრებულოში, სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტები და აშუქებდნენ მის მიმდინარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, მიღებული პრაქტიკა იყო კასპის საკრებულოში, რომ ჟურნალისტებს არ აძლევდნენ დასწრების შესაძლებლობას. კონკრეტულად ამ შემთხვევაში სწორედ პოლიციის ხელმძღვანელს ადანაშაულებენ ჟურნალისტები აგრესიულ დამოკიდებულებაში, მათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში. კადრებშიც ჩანს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამრღვევ პირებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ისინი ხელის კვრით გაყარეს გარეთ, კადრებში რომ არ გამოჩენილიყო, ფეხებში ურტყამდნენ ძალიან მწარედ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის გამოძიება დაიწყო. საქმე პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კუთხით აღიძრა.

სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამას პროკურატურის მხრიდან. აქაც იგივე პროცედურები გვაქვს დაწყებული და ვაპირებთ მივმართოთ “ადამიანის უფლებათა ევროპულ“ სასამართლოს", - ამბობს ადვოკატი.

  • მუქარა “ტვ მონიტორინგის“ წინააღმდეგ

აღნიშნული ფაქტი დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. როგორც ალექსი მერებაშვილი გვიყვება, “ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტმა ადგილობრივ თემატიკაზე გააკეთა სიუჟეტი შენობაზე, რომელსაც ნარკოდამოკიდებულები იყენებდნენ. საკითხზე სურდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ჩაწერა, თუმცა სატელეფონო საუბარში რესპოდენტმა ქალმა განუცხადა, რომ “არ ეცალა, ტრენინგზე იყო...“

“შოთა სადაღაშვილმა სიუჟეტში ახსენა, რომ ადგილობრივების პრობლემებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს არ სცალია. სიუჟეტის გასვლის შემდეგ მას დაუკავშირდა უცნობი პირი - მამაკაცი, მოსთხოვა პასუხი თუ რატომ გაუშვა ეს ეპიზოდი სიუჟეტში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. უთხრა, რომ თუ კიდევ გავიდოდა მსგავსი რამ, “ოთხში ამოიღებდა“- რაც ცოცხლად გატყავებას ნიშნავს. ფრაზა სიკვდილთან არის კავშირში.

ჟურნალისტმა მოახერხა სატელეფონო საუბრის ჩაწერა და ამ შემთხვევაშიც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. საქმე აღიძრა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით.

ფაქტი ერთი თვის წინ მოხდა, ამიტომ ჯერ რაიმე შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია". წაიკითხეთ ამ თემაზე მომზადებული სტატია

  • კიბერთავდასხმა ადგილობრივ ტელევიზიაზე

ეს ქეისი წინა შემთხვევებისგან განსხვავდება. საქმე კიბერთავდასხმას შეეხება. როგორც დაზარალებული ტელევიზიის “ტვ მონიტორინგის“ დამფუძნებელი მაია ტატულაშვილი აცხადებს, შედეგად მთლიანად წაიშალა არქივი და განადგურდა ფაილები.

“მიმდინარე წლის დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსთვის “ტვ მონიტორინგის“ კომპიუტერულ სისტემაში დისტანციურად მოხერხდა შეღწევა და განადგურდა გადაცემისთვის საჭირო ინფორმაცია, ასევე ელექტრო მასალები.

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა ტელევიზიის დირექტორმა. ჩვენც მივმართეთ გენპროკურატურას, ვაცნობეთ, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა და მოვითხოვეთ რეაგირება.

პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, თუკი მან მიიღო ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. უწყებას 1-ლ ნოემბერს მივმართეთ, თუმცა პასუხი აქამდე არ მიგვიღია.“ - აღნიშნა ადვოკატმა ambebi.ge- თან საუბარში.

მიმდინარე ქეისები ჯერ კიდევ განხილვის და უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირების საგანია. ეს ის შემთხვევებია, რომელზეც მედიის წარმომადგენლებმა გაჩუმება არ ამჯობინეს და საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით ხმამაღლა განაცხადეს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ.

აქ მოყვანილი მაგალითების გარდა, არსებობს უამრავი მსგავსი ფაქტი და სავარაუდოდ, ზეწოლა კიდევ გაგრძელდება. როგორც ალექსი მერებაშვილი მედიის წარმომადგენლებს ურჩევს, მათ წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედების შემთხვევაში, არ უნდა დაიბნენ და ყველაფრის დოკუმენტირება მოახდინონ. შემდეგ კი აუცილებლად მიმართონ შესაბამის საგამოძიებო უწყებას. მიუხედავად იმისა, თუ რა რეაგირება მოჰყვება სამართალდარღვევას, შემდგომი პრევენციისთვის აუცილებელია ფაქტის აღრიცხვა და შედეგისთვის ბრძოლა.

  • ავტორი: თეონა რამაზაშვილი