ავტორი:

"მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი ნებაყოფლობით, თავისი არჩევანით წარმოადგენენ იქ ქართულ ღირსებას" - პრეზიდენტი

"მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი ნებაყოფლობით, თავისი არჩევანით წარმოადგენენ იქ ქართულ ღირსებას" - პრეზიდენტი

მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი ნებაყოფლობით, თავისი არჩევანით წარმოადგენენ იქ ქართულ ღირსებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, ორბელიანების სასახლეში შეკრებილებმა პრეზიდენტის ინიციატივით უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„მოხალისეობა ახალი არ არის. მოხალისეები იყვნენ 1924 წელს შეფიცულები, როცა ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდნენ უცხო რეჟიმს, რომელიც დამკვიდრებაც ცდილობდა და მოსახლეობის ნაწილი ებრძოდა ამ რეჟიმის დამკვიდრებას. ეს იყო სუფთა წყლის მოხალისეობა.

ასევე მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი ნებაყოფლობით, თავისი არჩევანით წარმოადგენენ იქ ქართულ ღირსებას და მე მინდა, რომ პატივი მივაგოთ წუთიერი დუმილით იმ ბიჭებს, რომლებმაც იქ შესწირეს თავიანთი სიცოცხლე და ჩვენთვის არიან ძალიან ღირებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოხალისეებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში ქვეყნისთვის მოხალისეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნებაყოფლობითი მოხალისეობა მოქალაქეობის ნამდვილი გამოვლენაა.

„შთამბეჭდავია იმდენი ხართ. მოხარული ვარ, რომ ყველამ შეძელით და მობრძანდით სასახლეში. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქ ყოფნა, რადგან თქვენ ყველანი, ვინც აქ ხართ, ხართ მოხალისეები. არიან ძალით მოხალისეებიც, რაც კიდევ სხვა კატეგორიაა და ამ ქვეყანას გავლილი აქვს სხვა პერიოდში. ნებაყოფლობითი მოხალისეობა ეს არის ნამდვილი გამოვლენა მოქალაქეობის და და ეს არის იმის გაგება, რომ საზოგადოება და ქვეყანა დაყრდნობილია პირად ინიციატივაზე და თქვენ, ყველამ ეს გამოავლინეთ. პირადი ინიციატივა ამავე დროს ნიშნავს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რომ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე ყველანი ერთნაირად პასუხისმგებლები ვართ. ზოგი ცოტა მეტადაც, მაგალითად პრეზიდენტი, მაგრამ არა ყოველთვის. ყველას გვაქვს ის წვლილი შესატანი, რასაც ჰქვია მოხალისეობა და ინიციატივა. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამდენი მოხვედით და ვისურვებდი, რომ კიდევ მეტი ადგილი იყოს აქ, რომ ყველა მიგვეღო. ფიზიკურად აღარ იტევს ეს სასახლე მეტ ადამიანს.

თქვენ წარმოადგენთ სწორედ ძალიან დიდი ძალას, რომელსაც ვერავინ ვერ შეაკავებს იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ძალა. არა მხოლოდ „თქვენი ხმა ევროპას“, არამედ თქვენ ხართ ევროპა იმიტომ, რომ ესაა ევროპა: თავისუფლება, თავისუფალი ინიციატივა, თავისუფალი გაგება იმისა, თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებას და ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.

პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.