სახლი, სადაც მამაკაცმა საკუთარი ოჯახი ამოხოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა, განცხადების განთავსებისთანავე გაიყიდა, რითაც ხალხი შოკირებულია.
2022 წლის 2 დეკემბერს ილინოისის შტატში, ბუფალო გროუვში მდებარე სახლში პოლიცია გამოიძახეს, სადაც მათ ხუთი ცხედარი აღმოაჩინეს. 39 წლის ანდრეი კისლიაკმა საკუთარი დედა, 67 წლის ლილია კისლიაკი, ცოლი, 36 წლის ვერა კისლიაკი და მათი ორი ქალიშვილი, 6 წლის ვივიანი და 4 წლის ამილია დახოცა, ბოლოს კი თავი მოიკლა. პოლიციამ შემთხვევის სახლში ოჯახის ძაღლიც მკვდარი აღმოაჩინა.

კისლიაკების ოჯახმა ქონება 2017 წელს 655 000 დოლარად შეისყიდა. ტრაგედიიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ 8 ნოემბერს 6-ოთახიანი სახლის 899 000 დოლარად გაყიდვის თაობაზე განცხადება განთავსდა. ბინას ახალი მეპატრონე 9 დღეში გამოუჩნდა.
ინფორმაციას ონლაინ ადამიანების აღშფოთება მოჰყვა. "ტიკტოკზე" გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში მომხმარებელი ამბობს: "მე ვერ ვიცხოვრებდი ისეთ სახლში, სადაც პატარა ბავშვები დახოცეს". "ეს სახლი ახლა ნამდვილად მოჩვენებებით იქნება სავსე",- დააკომენტარა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

სახლის გასაყიდად განთავსებულ განცხადებაში საერთოდ არაა ნახსენები, რომ სახლი ოდესღაც საზარელი მკვლელობის ადგილი იყო. კანონით, უძრავი ქონების აგენტებს არ მოეთხოვებათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება.
"აღმოაჩინე ფუფუნების მწვერვალი, იცხოვრე ამ არაჩვეულებრივ რეზიდენციაში",- წერია სახლის სარეკლამო განცხადებაში.

წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა