ავტორი:

"32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო" - რას წერს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

"32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო" - რას წერს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აქტიური სპორტიდან მიდის. ამის შესახებ სპორტსმენმა ინფორმაცია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი განმარტა.

"მოგესალმებით, მეგობრებო მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც.

ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება. ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი.

თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც. სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო.

თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც. მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26-წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად იზიარებდით მარცხისას განცდილ სინანულსა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულ", - წერს ზურაბ დათუნაშვილი.

ცნობისთვის, 2019 წლის 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და გეგეშიძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნეს. რაც შეეხება დათუნაშვილს, ის სერბეთში წავიდა და სერბეთის სახელით ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ის სერბეთის წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.