ავტორი:

"მე მილიონერი დავბრუნდები სახლში" - ისრაელი მუშახელს სხვა ქვეყნებში ეძებს: ომის რეჟიმში მყოფ ქვეყანაში აფრიკიდან 1000-ზე მეტი სამუშაოს მაძებარი მიემგზავრება

"მე მილიონერი დავბრუნდები სახლში" - ისრაელი მუშახელს სხვა ქვეყნებში ეძებს: ომის რეჟიმში მყოფ ქვეყანაში აფრიკიდან 1000-ზე მეტი სამუშაოს მაძებარი მიემგზავრება

1500 სოფლის მეურნეობის მუშა კენიიდან ისრაელში მიემგზავრება, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის შრომის სამინისტრომ გაავრცელა. იქამდე აფრიკის კიდევ ერთმა ქვეყანამ, მალავიმ ომის რეჟიმში მყოფ ქვეყანაში 221 მუშა გაგზავნა.

კენიის ხელისუფლება ამბობს, რომ მუშები ხელს მოაწერენ სამწლიან კონტრაქტს და მათი ხელფასი თვეში 1500 აშშ დოლარი იქნება. ეს კონტრაქტები შეიძლება გაგრძელდეს.

ისრაელს სჭირდება აფრიკელი მუშახელი, რადგან დაახლოებით 10 000 უცხოელი მუშა, ძირითადად ტაილანდის მოქალაქეები, 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცნენ.

ისრაელმა ასევე აკრძალა პალესტინელი მუშების შესვლა ქვეყანაში, რომლებიც ომამდე ქვეყნის ფერმის მუშახელის თითქმის 20%-ს შეადგენდნენ.

ისრაელის ელჩმა კენიაში მაიკლ ლოტემმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელი ასევე გეგმავს სოფლის მეურნეობის მუშაკების დაქირავებას უგანდადან.

ელჩმა ისრაელში მუშახელის დეფიციტი იმითაც ახსნა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე სამხედრო სამსახურში დაახლოებით 360 ათასი ისრაელელი რეზერვისტი გამოიძახეს. ელჩს არ უხსენებია უცხოელთა მასობრივი გასახლება ქვეყნიდან და პალესტინელი მუშებისთვის დაწესებული აკრძალვა.

გასულ კვირას ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ CNN-ს განუცხადა, რომ ქვეყანას დამატებით 30,000-დან 40,000 ფერმის მუშა სჭირდება.

გარდაცვლილები და მძევლად აყვანილები

კენიელი მუშების ისრაელში მიგრაცია კენიაში ყველას არ მოსწონს. მათ ეშინიათ ამ ხალხის უსაფრთხოების. ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის დროს სულ მცირე 23 ტაილანდელი მუშა დაიღუპა და რამდენიმე მათგანი მძევლად აიყვანეს.

მოკლეს ასევე ტანზანიელი სტუდენტი კლემენს ფელიქს მტენგა, რომელიც სტაჟირებას გადიოდა ისრაელის ფერმაში. კიდევ ერთი ტანზანიელი, სტუდენტი ჯოშუა ლოიტუ მოლელი დაკარგულია.

ისრაელში გარდაცვლილი ტანზანიელი კლემენს ფელიქს მთენგა 22 წლის იყო

ასევე შემაშფოთებელია ის პირობები, რაც შეიძლება უცხოელ მუშახელს ისრაელში დახვდეს.

2018 წლის BBC-ის გამოძიების თანახმად, ისრაელში მიგრანტი მუშები სახიფათო პირობებში მუშაობდნენ. მათ საცხოვრებელში იყო მუდმივი ანტისანიტარია. ზოგი ზედმეტად მუშაობდა, ზოგს არასაკმარისი ანაზღაურება ჰქონდა და იყო ათობით აუხსნელი სიკვდილის შემთხვევა.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Human Rights Watch-მა, შეშფოთება გამოთქვეს ისრაელში უცხოელი მუშების მოპყრობის თაობაზე.

თუმცა ისრაელმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოელ მუშებს აქვთ იგივე უფლებები, რაც ისრაელელებს.

თავის მხრივ, მაიკლ ლოთამმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო დამატებითი ზომები უცხოელი მუშების მიმართ სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. "ახლა ნებისმიერ მათგანს შეუძლია საჩივრის შეტანა, რომელიც სწრაფად განიხილება", - ამბობს ელჩი.

მალავის მთავრობის გადაწყვეტილებით, 5000 ახალგაზრდას გაგზავნიან ისრაელში ფერმებში სამუშაოდ.

"ხალხი სასოწარკვეთილებისგან მიდის“, - ამბობს უილიამ კამბვანდირა, მალავიის შრომითი უფლებების დაცვის ჯგუფის დირექტორი. „იმის გათვალისწინებით, რომ ომი მიმდინარეობს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამ ახალგაზრდების და ქალების ბედით.“

თუმცა, ისრაელის ელჩმა კენიაში, მაიკლ ლოტემმა BBC-ს განუცხადა, რომ ფერმის მუშები არ განთავსდებიან საომარი მოქმედებების მახლობლად მდებარე ადგილებში და ექნებათ ისეთივე დაცვა, როგორც ისრაელელებს.

ბევრი მალავიელი მუშისთვის, რომლებიც ისრაელში მიდიან, სტაბილური სამუშაოს პერსპექტივა, მაღალი ხელფასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსაფრთხოება.

27 წლის ენდრიუ ჩუნგა, ერთ-ერთი პირველი მალავიელია, რომელიც ისრაელში სამუშაოდ ჩავიდა ნოემბერში. ახლა ის ორ სხვა მალავიელ მუშასთან ერთად ცხოვრობს ოროთახიან საცხოვრებელში, ფერმაში, გეფენში, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში.

"მთავარი ფულია. აქ მუშაობა უკეთესია. მე კი მილიონერი დავბრუნდები სახლში,“ - ამბობს ენდრიუ ჩუნგა სიცილით.