ავტორი:

კონფლიქტი და სასტიკი, ორმაგი მკვლელობა გზის გამო, რომელიც კაკაოს პლანტაციაზე გადის - დანაშაულში ბრალდებულია შოკოლადის ამერიკელი მაგნატი

კონფლიქტი და სასტიკი, ორმაგი მკვლელობა გზის გამო, რომელიც კაკაოს პლანტაციაზე გადის - დანაშაულში ბრალდებულია შოკოლადის ამერიკელი მაგნატი

შოკოლადის ამერიკელ მაგნატ 57 წლის ჯონათან ლერერს და მის სავარაუდო თანამზრახველ რობერტ სნაიდერს ბრალი წაუყენეს ორი ადამიანის მკვლელობისთვის. დანაშაული ა.წ. 1-ელ დეკემბერს, კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის არქიპელაგის კუნძულ დომინიკაზე მოხდა, სადაც 66 წლის დანიელ ლანგლუა და მისი პარტიორი ქალი დომინიკ მარშანდი გარდაცვლილები იპოვეს. ლანგლუა გახლდათ კანადელი, რომელიც კუნძულზე მსოფლიოში ცნობილ ეკო-კურორტს Coulibri Ridge-ს ფლობდა. ის ასევე 3D ანიმაციის ნოვატორად არის მიჩნეული. მისი და დომინიკ მარშანდის ცხედრები დამწვარ მანქანაში იპოვეს.

ჯონათან ლერერი და რობერტ სნაიდერი ოთხშაბათს გამოცხადდნენ სასამართლოში, დომინიკის დედაქალაქ როზოში, მათ ოფიციალურად წაუყენეს ბრალდებები დანიელ ლანგლუასა და დომინიკ მარშანდის მკვლელობისთვის. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.

ჯონათან ლერერი

როგორც ირკვევა, მკვლელობის მოტივი გახდა გზა, რომელიც ლანგლუას ეკო-კურორტამდე ლერერის მამულში, კაკაოს პლანტაციის გავლით გადიოდა. მოკლედ, ლერერი ფლობს ქონებას იმ ეკო - კურორტის მახლობლად და ის მოკლულ წყვილთან მწვავედ იყო დაპირისპირებული სწორედ ამ გზის გამო.

"რადიო კანადა" ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლანგლუას და მარშანდს მოუწყვეს ჩასაფრება და ისინი სასტიკად მოკლეს მანამდე, ვიდრე მანქანა ხევში გადაიჩეხებოდა და ცეცხლი გაუჩნდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაჩენილი ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ პოლიციას მოკლულების იდენტიფიცირება გაუჭირდა.

"ეს არის საშინელი და სასტიკი დანაშაული, რომლის იგნორირება არ შეიძლება და ჩვენ არ უნდა მივცეთ დამნაშავეებს სასჯელისგან თავის დაღწევის საშუალება“, - თქვა დომინიკის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, რეიბერნ ბლექმურმა ეროვნული რადიოს ეთერში.

დანაშაულთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, მაგრამ ბრალი მხოლოდ ლერერსა და სნაიდერს წაუყენეს. ისინი შემდეგ სასამართლო პროცესზე მარტში წარდგებიან.

დანიელ ლანგლუა და მისი პარტიორი ქალი დომინიკ მარშანდი

ლერერი გახლავთ კომპანია Bois Cottlette - ს მფლობელი, რომელიც შოკოლადს აწარმოებს. მისმა მამამ, რობერტ ლერერმა და Journal de Montréal-ს განუცხადა, რომ მისი შვილი "წარმატებული ბიზნესმენია და არა მკვლელი“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლერერსა და ლანგლუას დავა ჰქონდათ მორნ რუჟის გზაზე, რომელიც გადის ლერერის მამულზე და ეკოლოგიურ კურორტამდე მისვლის ერთადერთი მარშრუტია. ცნობილია, რომ ლანგლუამ 2018 წელს მოაწყო დემონსტრაცია ლერერის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ლერერმა სცადა გზატკეცილის გადაკეტვა ლითონის მილების გამოყენებითა და თხრილის გათხრით. მომხდარის შემდეგ აღმოსავლეთ კარიბის ზღვის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო საჯარო გზა. სასამართლო ასევე განიხილავდა მეორე გზის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ ლანგლუას თანამშრომლებსა და სტუმრებს მისი შეუზღუდავად გამოყენების უფლება მისცა.

ლანგლუა ცნობილი იყო, როგორც კომპიუტერული ანიმაციის პიონერი, რომელმაც შეიმუშავა 3D ანიმაციის პროგრამული უზრუნველყოფა, რაც გამოიყენება ფილმებში. მან 1994 წელს Softimage მიჰყიდა Microsoft-ს 200 მილიონ დოლარად. ლანგლუასა და მარშანდის წყვილი 15 წელი ქმნიდა Coulibri Ridge-ს, რომელიც 285 ჰექტარ ფართობზე გაშენებული. „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ დანიელ ლანგლუას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ“, - სამძიმარი გაავრცელა კანადის ეროვნულმა კინოსაბჭომ. "მისი წვლილი კინოს სამყაროში უსაზღვროა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მოამზადა: ანასტასია შალიკაშვილმა