ავტორი:

"ჩემთვის გამორჩეული ადამიანი ჩემი მეუღლეა, შეიძლება მკითხველმა არც დაიჯეროს, მაგრამ მასთან არც კი მიჩხუბია" - როგორც მოხვდა "ველიჯანა" ჩცდ-ში და რას ჰყვება ცნობილ მეუღლეზე, ოჯახსა და ახალ როლზე

"ჩემთვის გამორჩეული ადამიანი ჩემი მეუღლეა, შეიძლება მკითხველმა არც დაიჯეროს, მაგრამ მასთან არც კი მიჩხუბია" - როგორც მოხვდა "ველიჯანა" ჩცდ-ში და რას ჰყვება ცნობილ მეუღლეზე, ოჯახსა და ახალ როლზე

"ბავშვობიდან ველიჯანას მეძახიან, გვარის შემოკლებული ფორმაა, რაღაც ბუნებრივად დამკვიდრდა და მომწონს" - გვეუბნება მსახიობი, ტელე-რადიოწამყვანი დავით ველიჯანაშვილი. მრავალმხრივი ადამიანია - აქტიური, შრომისმოყვარე და საქმიანი. ამიტომაც იცნობენ სპექტაკლებიდან, სერიალიდან, ტელევიზიიდან, რადიოდან, ამასთან, ცნობილი ხმაა, წლებია, სერიალებს ახმოვანებს.

მეცხრამეტე სეზონზე "ჩემი ცოლის დაქალებიშიც“ აღმოჩნდა. არც ისე მარტივი პერსონაჟის თამაში უწევს. თუმცა მიაჩნია, რომ ამ როლზე მუშაობისას საინტერესო პროცესს გადის. დავით ველიჯანაშვილი AMBEBI.GE-ს სტუმარია და ჩვენს კითხვებს პასუხობს.

- "ჩემი ცოლის დაქალებში“ ბევრი წლის წინ ვიყავი. ოღონდ, ერთადერთი ეპიზოდი მქონდა, მგონი, მე-5 სეზონზე, მსახიობ თინა მახარაძესთან ერთად ვითამაშე. ეს მაყურებელმა ინტერნეტში დაწერილ კომენტარებშიც გაიხსენა. მოკლედ, ახლა ის პერსონაჟი სხვა ცხოვრებით და სხვა ამბებით დაბრუნდა... ამ ჯგუფთან "ხელოვნურ სუნთქვაზეც“ ერთი სეზონი ვიმუშავე. მაღალი დონის სერიალი იყო, სწორი და აუცილებელი მესიჯები ჰქონდა - ჟანრობრივად სოციალური დრამა იყო...ახლა „ჩემი ცოლის დაქალების“ მეცხრამეტე სეზონი მიდის. მაყურებლისთვის მართლა საკულტო სერიალი გახდა. მას ძალიან ნიჭიერი ადამიანები აკეთებენ. ეს სეზონი საკმაოდ საინტერესო გამოდის, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ვმონაწილეობ. ვერც იმას ვიტყვი, რომელიმე სეზონი მეტი თუ ნაკლები იყო. თანაბრად წარმატებული და მრავალმხრივია. მებისმიერი ადამიანი აქ ისეთ ხაზს და ხასიათებს დაიჭერს და აღმოაჩენს, რომელიც მისთვის საინტერესოა და ის ამბები ჩვენ გარშემო ხდება.

- როლი როგორ მიიღეთ?

- იმ წუთისთვის შთაბეჭდილება აღმაფრთოვანებელი იყო. ქასთზე ეკა მჟავანაძემ მიმიწვია, მერე ირაკლი საღინაძეს შევხვდი და რა პერსონაჟის შესახებ ვისაუბრეთ. მიწვევას დიდი სიხარულით დავეთანხმე იმიტომ, რომ როგორც მსახიობს, მიმაჩნია, რომ რაც ჩემთვის ნაცნობი და პროფესიულად გათელილი როლია, იმის მიმართ შეიძლება ნაკლები ინტერესი მქონდეს. როცა მსახიობს შემოქმედებითად საინტერესო შემოთავაზებასთან გაქვს საქმე, ცხადია, მიმზიდველია. მოკლედ, უნდა შემექმნა გმირი, რომლის მსგავსი არასდროს შემიქმნია, რომელიც ჩემი პიროვნებისგან, დავით ველიჯანაშვილისგან აბსოლუტურად შორსაა. მივხვდი, რომ სხვა ადამიანის თამაში მომიწევდა, რაც საინტერესო გამოწვევაა.

- რა ფსიქოტიპია, საბოლოოდ რა გამოიკვეთა, როგორ შეაფასებთ?

- ასეთ პერსონაჟს ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურ ყოფაში ადვილად ვიპოვით, მაგრამ თუ როგორ ვითარდება ასეთი ხასიათები, ეს უფრო საინტერესოა ხოლმე. რა არის ასეთი ადამიანებისთვის გამოწვევა, რომ ესა თუ ის საქციელი ჩაიდინონ. რა შეიძლება ვიღაცამ თავისი სიყვარულისთვის, კარიერისთვის, იმიჯისთვის გაწიროს. იმიჯისთვის, რომელსაც ადამიანები ცხოვრებაში გულმოდგინედ ვიქმნით. რასაც ტაში, განდიდება მოჰყვება. ამის მოპოვების შემდეგ მისი დაკარგვა წარმოუდგენლად მიაჩნიათ და ჩნდება ყველაფრის დაკარგვის შიში. ეს შიში კი ადამიანს რას გააკეთებინებს, არავინ იცის და იქედან იწყება დრამა. ჩემი პერსონაჟისთვის შექმნილი იმიჯი, რაც მან მოიპოვა, ამის დაკარგვა მტკივნეულია და ამას არც არასდროს დაუშვებდა... ადამიანი რაზეა წამსვლელი, რას იკადრებს, უკვე ამაზე გადის გარკვეული ზღვარი. ცხოვრებაშიც ხომ დგება მომენტები, როცა ჩვენი მორალური ჩარჩოები რაღაც ზღვრამდე აღარ გვიშვებს და აი, სადამდე გვიშვებს, ეს არის საკითხავი.

- თანაუგრძნობთ მას?

- რაღაც ეტაპზე კი თანავუგრძნობ, თუმცა როგორ შეიძლება იმ ადამიანის მიმართ ემპათია გაგიჩნდეს, რომელმაც ის ჩაიდინა, რაც უკვე ჩაიდინა... აქ უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ, ასეთი ადამიანების უკან რა დგას და საიდან მოდიან ისინი. ასეთ ნაბიჯს რატომ დგამენ. სადამდე შეიძლება ადამიანი მიიყვანოს არასწორმა გადაწყვეტილებებმა - ეს უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართოს.

- პროფესიით თეატრის მსახიობი ხართ - როდის მოვიდა ეს სფერო თქვენს ცხოვრებაში?

- 2002 წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი თეატრის შტატში არ ვყოფილვარ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ძალიან აქტიური თეატრალური ცხოვრება მქონდა, ასე აეწყო, თან პარალელურად ბევრი სხვა საქმეც მქონდა. სხვადასხვა თეატრალურ დასთან მიწვევის ფორმატით ვიყავი ხოლმე... პანდემიის მერე აღარ დავბრუნებულვარ, რაღაც არჩევანი მქონდა გასაკეთებელი და ინტერესების სფეროც ცოტა სხვაგან გადაიხარა. თუმცა სამომავლოდ შეიძლება რაღაცები ისევ იყოს თეატრში, არ გამოვრიცხავ.

- მსახიობის პროფესია თქვენთვის რა არის?

- ბავშვობაში საკმაოდ შორს ვიყავი თეატრისგან, გარდა იმისა, რომ დედა და მამა ამა თუ იმ სპექტაკლზე, მათ შორის, ოპერაში წამიყვანდა ხოლმე. თავიდან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, საინჟინრო ეკონომიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი... სკოლაში 5 წლისა შევედი, პირველკურსელი 16 წლის ასაკში გავხდი. ამ დროს ადამიანმა ჯერ არანაირად არ იცის, რა შეიძლება მოუნდეს. ასე ადრე არჩეულ სფეროში ძალით დარჩენას, რომელიც, აღარ გაინტერესებს, ამას ყველაფერი ჯობია. მეოთხე კურსზე სწავლისას მივხვდი, რომ საინჟინრო ეკონომიური არ მაინტერესებდა. მშობლებმა მთხოვეს, მაინც დაამთავრეო... 1998 წელს თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. გოჩა კაპანაძისა და ლევან წულაძის ჯგუფში მოვხვდი. მას მერე ერთი წუთითაც არ გამნელებია ინტერესი ამ პროფესიის მიმართ. მართალია, პათეტიკური ნათქვამია, მაგრამ ყოველი ახალი გმირის შექმნისას რაღაც პროცესს გადიხარ. ამ განცდებს მოაქვს ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი მრავალფეროვნება და სხვადასხვანაირი ემოცია.

- გახმოვანება თქვენი ასევე საყვარელი სამუშაოა, ხომ?

- კი, ერთ-ერთი კარგი სამუშაოა… ის ხასიათი და ის ინდივიდი, რომელიც უკვე შექმნილია, მისთვის მხოლოდ ხმის მორგებით უნდა შეძლო, ის ყველაფერი წარმოადგინო. თან ისე, რომ არც ზედმეტი მოგივიდეს და რამე დააკლო, რადგან ორივე შემთხვევაში, შეიძლება საქმე გააფუჭო. ოქროს შუალედი უნდა მოძებნო.

- მასობრივად ასევე ტელეწამყვანობით გიცნობენ და რადიოს წამყვანიც ხართ...

- 19 წლის წინ მივედი „პირველ არხზე,“ პარალელურად მაშინ დავიწყე რადიოშიც მუშაობა და მას მერე ეს კავშირი არ შემიწყვეტია. რადიო გადაცემების მიმართულებით უამრავი რამ გამოვიარე - წამყვანობაც, საკუთარი გადაცემის წამყვანი და პროდიუსერიც ვიყავი. მაყურებელზე და მსმენელზე ყოველთვის ვფიქრობდი და ვფიქრობ. ტელეწამყვანობას რაც შეეხება, გაჩნდა იდეა საბავშვო გადაცემასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე წელი იარსება. მერე გეიმ-შოუ დავიწყეთ - ლიცენზირებული და საგანმანათლებლო პროექტი. საინტერესო იყო მასზე წლების განმავლობაში მუშაობა. რამდენიმე სეზონი მიდიოდა. კარგი პროექტი იყო - მოსული სტუმარი, როდესაც ბავშვებთან ერთად თამაშობდა, რაღაც თანხას რომ იგებდა, ქველმოქმედებაში დებდა. ეს სეგმენტი ჩვენ დავუმატეთ. ამ შოუთი ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. საერთოდ ცხოვრების მანძილზე უამრავ ადამიანთან მომიწია ურთიერთობამ და ამ ურთიერთობებით მიღებული გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულია მოზარდებთან ურთიერთობა.

- ამ ყველაფრის მიღმა დროს რას უთმობთ?

- დანარჩენ დროს და ენერგიას ოჯახს ვუთმობ, ოჯახს, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. ცხოვრებაში ხომ შვილები არიან ყველაზე მთავარი. მათ ისეთი მამა სჭირდებათ, რომელიც იმას მისცემს, რაც აინტერესებთ და სჭირდებათ. ამის გარდა მეგობრებთან ყოფნაც მნიშვნელოვანია და ცხადია, ძილი, დასვენება. ასევე არის კიდევ რაღაც ჰობიც.

- ოჯახი გაგვაცანით.

- ჩემი შვილები გოგოები არიან - უმცროსი - ანი 7 წლის, უფროსი - სალი 15 წლის. სხვადასხვანაირები არიან, სხვადასხვა ხასიათის. ორივესთან ურთიერთობა საინტერესოა. მგონია, რომ კარგები არიან. ბევრი სამუშაოს ფონზე მათთან ერთად ყოფნის არც თუ ისე დიდი ფუფუნება მაქვს. ამ დროის დანაკლისი როცა არის, ვცდილობ, შემდეგ მაქსიმალურად და შინაარსიანად შევავსო.

- მეუღლე ირინა ფრუიძე ცნობილი ქალბატონია. პარლამენტის დეპუტატიც იყო. ასევე პოპულარული გადაცემის - „რა? სად? როდის?“ მოთამაშე. როგორია ასეთი ჭკვიანი ქალბატონის გვერდით ყოფნა?

- ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია, ვისთან ერთადაც გადავწყვიტე, გადამედგა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - შემექმნა ოჯახი და მყოლოდა შვილები. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის, თუ ცხადია, გაუცნობიერებლად არ მიიღებ ადრეულ ასაკში. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთან ერთადაც მომინდა ამ ნაბიჯის გადადგმა. იმ დღის მერე არაფერი შეცვლილა და გაუფერულებულა ჩვენს ურთიერთობაში. იქიდან აქამდე დიდი სითბოთი და სიყვარულით ვცხოვრობთ. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე იქნება... შეიძლება მკითხველმა არც დაიჯეროს, მაგრამ მე და ჩემს მეუღლე სერიოზულად არც გვიჩხუბია. რაც შეეხება იმას, როგორია ჭკვიანი ქალის გვერდით ყოფნა, გეტყვით, რომ განათლებულ, ღირსეულ ადამიანთან ურთიერთობა ბევრად საინტერესოა. რომ გითხრათ, სადმე ჩვენი შეხედულება და პოზიციები გაყოფილია-მეთქი, - არა. როცა გააზრებულად ეს ნაბიჯი გადავდგით, უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი ფასეულობების 99% ერთმანეთს ემთხვეოდა. შესაბამისად, აქ ყველაფერი გარკვეულია. თან როცა ორი ადამიანი მშვიდია, გაწონასწორებულია, ეს ყველაფერს ეხმარება. მგონია, რომ ერთმანეთს იდეალურად ვავსებთ.

- რას ეტყვით ჩვენს მკითხველს და თქვენს მაყურებელს?

- ყველა იმ ადამიანს, რომელიც საიდანმე მაინც მიცნობს, მიყურებს, მისმენს, მათი მადლიერი ვარ. როცა გიცნობენ, ე.ი. გიყურებენ, მათთვის საინტერესო ხარ. თავის ცხოვრების ძვირფას დროს გითმობენ. მადლობა ამისთვის ყველას. მადლობა ასევე იმ ღიმილისთვის, შემოხედვისთვის, ფოტოსთვის, რაც თუნდაც ქუჩაშიც თითოეულისგან დამიმსახურებია. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.