ავტორი:

აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

"ეს რეზოლუცია კვლავ შეიცავს მოწოდებას უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იგი „ჰამასს“ იმის დროს მისცემს, რომ ის გაიმეოროს, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

აშშ-ის მიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადებას გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და პალესტინის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. "არაბთა გაერთიანებული საამიროები ღრმად არის იმედგაცრუებული. სამწუხაროდ, აღნიშნულ საბჭოს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არ შეუძლია“, - განაცხადა გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელმა, მოჰამედ აბუშაჰამ.

"თუ თქვენ მხარს უჭერთ ომს, თქვენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უჭერთ მხარს. ეს უშიშროების საბჭოსთვის საშინელი დღეა“, - აღნიშნა გაერო-ში პალესტინის წარმომადგენელმა, რიად მანსურმა. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, ხოლო რეზოლუციის პროექტი, რომელსაც აშშ-მა ვეტო დაადო, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოამზადა.