ავტორი:

ახალბედა დიპლომატი, რომელიც საჯაროობას გაურბის და რუსული გენერალიტეტის ჩინოსნები - ვინ ცვლის პრიგოჟინის ხალხს აფრიკაში?

ახალბედა დიპლომატი, რომელიც საჯაროობას გაურბის და რუსული გენერალიტეტის ჩინოსნები - ვინ ცვლის პრიგოჟინის ხალხს აფრიკაში?

ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, გაჩნდა კითხვა, როგორ შეძლებდა რუსეთი აფრიკულ ქვეყნებში ყოფნის უზრუნველყოფას. ekhokavkaza პროექტ All Eyes On Wagner-ზე დაყრდნობით იმ დიპლომატზე წერს, რომელიც რუსეთის წარმომადგენლობაში იყო ევროკავშირში, ახლა კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიავლინეს, რათა ამ ქვეყნის პოლიციასთან აქტიურად ითანამშრომლოს.

ევროკავშირს წყაროების მიხედვით, ეს ადამიანი რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია. სანამ მასზე მოვყვებით, გეტყვით, რომ პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, აფრიკულ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რასაც რუსეთი აქამდე "ვაგნერის" ხელით აკეთებდა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილეს, იუნუს-ბეკ ევკუროვსა და გენშტაბის მთავარი სამმართველოს გენერალ-მაიორს ანდრეი ავერიანოვს დაევალა.

ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, რუსეთის აგენტებმა ევროპაში რამდენიმე ხმამაღალი ოპერაცია ჩაატარეს, მაგალითად, სერგეი სკრიპალის მოწამვლა, სოლსბერიში ან ჩეხეთის ქალაქ ვრბეტიცში საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქება. ევკუროვი, ავერიანოვი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები აფრიკული ქვეყნების პროტოკოლების ფოტოებზე ხშირად ფიგურირებენ - რუსეთი აღარ მალავს თავის სამხედრო მონაწილეობას, ხოლო ავერიანოვი საჯარო სახე გახდა.

რუსეთის დელეგაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, 2023 წლის 1 სექტემბერი

რადიო თავისუფლებამ და პროექტმა All Eyes On Wagner-მა კიდევ ერთი რუსის შესახებ გაიგეს, რომელიც ავერიანოვისა და ევკუროვისგან განსხვავებით, საჯაროდ გამოჩენას გაურბის. AEOW-ის ცარ-ის (ცენტრალური აფრიკის რესპუბიკა) წყაროები, რომლებიც ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში მუშაობენ და იციან ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ, ყვებიან, რომ ეს ადამიანი ბანგიში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა, რომ თავის ხელში აეღო ადგილობრივ პოლიციასთან კოორდინაცია. ბოლო წლებში ამ საქმეს პრიგოჟინის დაქირავებული ვიტალი პერფილიევი ხელმძღვანელობდა. პერფილიევის "შემცვლელს" დენის პავლოვი ჰქვია.

დენის პავლოვი

ადრე ის რუსულ მისიებში მუშაობდა, იუნესკოს, გაეროსა და ევროკავშირის ფარგლებში - პარიზში, ჟენევასა და ბრიუსელში. მასთან მომუშავე დიპლომატიურ წრეებში საუბრობენ, რომ პავლოვი ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად შეუმჩნეველი ყოფილიყო და თვლიან, რომ ის რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურთან იყო დაკავშირებული, ზოგმა მისი წოდებაც - პოლკოვნიკიც დაასახელა. გამოძიებით დასტურდება, რომ პავლოვი ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ევკუროვისა და ავერიანოვის ვიზიტის დროს იმყოფებოდა. ასევე, მისი ცოლი ФСБ-ს სპეციალურ განყოფილებაში მუშაობდა, მისი მამა, ФСБ-ს „ვიმპელის“ განყოფილების ვეტერანია. მისი სახელია ალექსანდრ მერინოვი, რომელიც 2002 წელს დუბროვკის თეატრის შტურმისას მონაწილეობდა.

ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ევგენი პრიგოჟინის ხალხი არამხოლოდ ავარჯიშებდა აფრიკელ სამხედროებს, პოლიციას ან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, არამედ მჭიდროდ შეაღწიეს უსაფრთხოების სტრუქტურების "ეკოსისტემაშიც". მათ შეფერხების გარეშე შეეძლოთ პოლიციის განყოფილებაში შესვლა, ბლოკპოსტების დაკავება და ყაზარმების გამოყენება.

  • AEOW-ის წყაროები ანონიმურობის დათქმით ყვებიან, რომ სექტემბრის დასაწყისში, ბანგიში ვიტალი პერფილიევის ჩასანაცვლებლად ჩამოვიდა დენის პავლოვი. წყაროების თქმით, მისი ოფისი რუსეთის საელჩოში მდებარეობს.

2 სექტემბერს ცარის ეროვნული უსაფრთხოებისა და არმიის რეკონსტრუქციის სამინისტრომ Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც რუსეთის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა იყო ასახული ადგილობრივ კოლეგებთან. კადრებზე ჩანდა იუნუს-ბეკ ევკუროვი და ანდრე ავერიანოვი. ასევე იყვნენ ადამიანები, ვინც ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ჩადიან რუსეთისთვის აფრიკულ მეგობრულ ქვეყნებში, ერთ-ერთი იყო კერძო სამხედრო ორგანიზაცია „რედუტის“ დამაარსებელი კონსტანტინ მირზაიანცი, რომელიც რუსეთის მასშტაბით ხალხის სირიასა და აფრიკაში მსახურობისთვის დაინტერესებაზე მუშაობს. სურათებში ჩანდა ასევე, სუდანში რუსეთის საელჩოში მომუშავე სამხედრო ატაშე ვალერი გოლუბცოვი. ერთადერთი რუსი, რომლის იდენტიფიცირება "რადიო თავისუფლებამ" თავდაპირველად ვერ შეძლო, - იყო ადამიანი ლურჯ პიჯაკში, რომელიც მაგიდასთან დაძაბული მზერით იჯდა და ბლოკნოტში ჩანაწერებს აკეთებდა. სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდა დენის პავლოვი.

გამოძიების მიხედვით, "რუსული პასპორტის" სისტემიდან მათ მოიპოვეს სურათი. ეს სურათი შეადარეს სახის ამომცნობ რამდენიმე სერვისში და დადასტურდა, რომ ლურჯ პიჯაკში გამოწყობილი ადამიანი, ნამდვილად პავლოვია. დენის პავლოვს მცირე ციფრული კვალი აქვს, ის იყენებს მესენჯერებს, მაგრამ არც ერთ მათგანში არ აქვს პროფილის სურათი ან მისი გვარი. ერთადერთი სოცქსელი რაც გააჩნია დაცარიელებული "ოდნოკლასნიკია", სადაც არც დაბადების თარიღი აქვს მითითებული. უცნობია, სად სწავლობდა. ქმრისგან განსხვავებით, ევგენია პავლოვს რამდენიმე ანგარიში ჰქონდა სოციალურ ქსელებში. გამოქვეყნებული ჰქონდა სურათები „ოდნოკლასნიკებზეც“, რომელიც შვეიცარიასა და საფრანგეთში, ქმრის ხანგრძლივ მივლინებების დროს იყო გადაღებული. სურათებზე ჩანს ევგენიაც, ბავშვებიც, მაგრამ დენისი არც ერთ სურათში არაა.

ევგენია პავლოვა

რადიო თავისუფლების მიერ „ვაგნერელების“ ახლობლების ჩატების შესწავლის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ დაქირავებული ჯარისკაცების აფრიკაში გაგზავნა ისევ გრძელდება, ამჯერად - თავდაცვის სამინისტროს ეგიდით. დენის პავლოვის შემთხვევა გვაჩვენებს: აფრიკის კონტინენტზე კრემლს ისევ ისეთი აგრესიული სტრატეგია აქვს, საქმეს, რომელიც ადრე „ვაგნერის“ ხელით აკეთებდა, ახლა სამინისტროს დახმარებით ახორციელებს. AEOW-ის ჟურნალისტების თქმით, აფრიკული კამპანია ახლა უფრო ღია და სწორხაზოვანია. რუსეთი აღარ მალავს თავის სამხედრო ძალას აფრიკაში და ამ მისიას სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით ახორციელებს.

ავტორი: ანრი კურტანიძე