ბუნებრივი შემავსებელი და სხვადასხვა სახის ინექცია, რომელიც 21-ე საუკუნეში სილამაზის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს და მომხმარებელი სილამაზის მსხვერპლიც კი გახდეს.
გავრცელებული აზრით, ტუჩის აუგმენტაცია მარტივ პროცედურად მიიჩნევა, თუმცა არასწორად გაკეთებულ ინექციებს არაერთი მსხვერპლი ჰყავს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ინექციამ, შესაძლოა, დამაზიანებელ შედეგამდე მიიყვანოს პაციენტი და მას განუვითარდეს შემდეგი დაავადებები: ნეკროზი, თვალის ბადურის ჩამოშლა, იშემია და ემბოლია.
ხშირად დაზარალებული პაციენტები ექიმებსა და კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს უჩივიან. ერთ-ერთი მათგანი, ერიკა ზარანდია ჩვენთან საუბრის დროს ყვება, რა გართულებები ჰქონდა ტუჩის შემავსებლის გაკეთების შემდეგ.
"ქუთაისში, სალონ "გლამურში“ გავიკეთე ტუჩის აუგმენტაცია, კოსმეტოლოგ თაკო ლიპარიშვილთან. პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ ტუჩის როგორც შიდა მხარეს, ისე გარე მხარეს გამიჩნდა, ე.წ ბურთები, სიწითლე და სიმაგრე. მივმართე თაკოს, მან მითხრა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჰერპესი ან პირი ღრუს ინფექცია“, - ამბობს ერიკა ზარანდია.
ერიკა ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს, მან უცხოელ ექიმებს მიმართა პრობლემის მოსაგვარებლად. "კვლევების შემდეგ უცხოელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ფილერი არასწორ შრეში იყო გაკეთებული", - ამბობს ერიკა.
ბრალდებებს უარყოფს კოსმეტოლოგი თაკო ლიპარიშვილი, მისი თქმით, მან პაციენტს პროცედურა ყველა ნორმის დაცვით გაუკეთა და დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.
"მე არაფერ შუაში ვარ, ტუჩის ფილერის გაკეთების შემდეგ შესაძლებელია, რომ მას ტკივილი მოჰყვეს. თავიდან მეგონა, რომ ჰერპესი ჰქონდა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ერიკას ტუჩი არ იყო კარგად დატენიანებული და იყო გახეთქილი (აწიწკნილი), სხვა ყველა ვიზუალური დეფექტი სწორედ აქედან წარმოიშვა", - გვიყვება თაკო ლიპარიშვილი.
ამერიკის პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების 2018 წლის ანგარიშის თანახმად, წლის ყველაზე პოპულარულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებად ბოტოქსი და ფილერის ინექციური შემავსებლები აღიარეს. საქართველოში ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ზოგ შემთხვევაში, პროცედურა არამხოლოდ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში, არამედ სახლში ტარდება, თუმცა ცნობილია არასწორად გაკეთებული ტუჩის ფილერის დაშლის ღირებულება, რაც 1000-2000 ლარამდე მერყეობს.
ფილერი არის ინექციური შემავსებელი, გელისებური მასა, რომელიც სხვადასხვა კოსმეტიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად გამოიყენება.
ზოგადად, ნებისმიერი ინექციური პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია 18 წლიდან.
ფილერის გაკეთება არ შეუძლიათ იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ასევე ფილერი უკუნაჩვენებია სიმსივნეების დროს, ჰორმონალური დისბალანსისა და ლაქტაციის პერიოდში.
მიუხედავად იმისა, რომ ტუჩის შემავსებლებს შეუძლიათ გარეგნობის ცვლილება და ხშირად დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღება, პროცესს შეიძლება თან სდევდეს გვერდითი ეფექტები, სწორედ ამიტომ, ექიმის ან კოსმეტოლოგიური კაბინეტის არჩევისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.