ავტორი:

79% ევროკავშირში გაწევრების მომხრეა, 62% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 16% ქვეყნიდან წასვლას გეგმავს - როგორია NDI- ის მორიგი კვლევის შედეგები?

79% ევროკავშირში გაწევრების მომხრეა, 62% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 16% ქვეყნიდან წასვლას გეგმავს - როგორია NDI- ის მორიგი კვლევის შედეგები?

გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC- საქართველოს მიერ ჩატარებული საზაოგდოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ.

სიღარიბე და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები დაუცველობის გრძნობის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია - აღნიშნული მიგნება სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით არ განსხვავდება. უმეტესობის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, ქალთა უფლებებთან და განათლებასთან დაკავშირებით წინსვლაა, თუმცა ყოველი მეორე მოქალაქე იმასაც ამბობს, რომ კრიმინალთან და სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესებულია. მეტიც, ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე. ამ კუთხით კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვთ.

მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16% ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ახალმა კვლევამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ - განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ესენია: განათლება, ჯანდაცვა, უსახლკარო ცხოველები და მენტალური ჯანმრთელობა. აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს. რაც შეეხება უსახლკარო ცხოველებს, ნიშანდობლივ ძაღლებს, ეს საკითხი ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლად არის გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68 პროცენტი) აწუხებს, განსაკუთრებით თბილისსა და პატარა ქალაქებში.

უმრავლესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ხოლო ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების მაღალ საფასურს უკავშირდება. უმრავლესობის შეფასებით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (41%ი) ამბობს, რომ არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს მენტალური ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად.

“კვლევა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის ერთსულოვან ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ძლიერი და განვითარებული საქართველო. საქართველოს მოქალაქეების ეს ხედვა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ევროპულ მომავალზე გადის. პოლიტიკურ წრეებში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნება პარტიულ სიმპათიებზე მაღლა დგას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, მოსახლეობის საჭიროებებზე ფოკუსირდნენ და ხორცი შეასხან საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხედვას,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება გრძელდება - 62% განაცხადა, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ ემსახურება. მონაცემების პარტიული მხარდაჭერის ჭრილში ანალიზი აჩვენებს, რომ ამ განწყობას “ქართული ოცნების” ყოველი მეხუთე, ოპოზიციური პარტიების ყოველი მეორე, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს. ამასთანავე, უმრავლესობა (53 %) მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.

კვლევიდან ჩანს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

ამასთან, ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს. რომელი პარტია დგას თქვენთან თქვენს შეხედულებასთან, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

47% - არცერთი პარტიას

19% - „ქართული ოცნება“

13% - უარი პასუხზე

6% - არ ვიცი

4% - „ნაციონალური მოძრაობა“

12% - სხვა პარტიები

"ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი საქმიანობა მოსახლეობის მისწრაფებებსა და საჭიროებებს დაუკავშირონ. ეს კვლევა არის უმნიშვნელოვანესი შეხსენება ყველასთვის, რომ პოლიტიკოსები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგნენ და საქართველოს მოქალაქეების საერთო ოცნებებსა და კეთილდღეობას ემსახურონ,” - განაცხადა ალან გილამმა.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.