ავტორი:

ირანში დაკავებულ შვედ დიპლომატს ჯაშუშობასა და "დედამიწის გახრწნაში" სდებენ ბრალს - მას სიკვდილით დასჯა ემუქრება

ირანში დაკავებულ შვედ დიპლომატს ჯაშუშობასა და "დედამიწის გახრწნაში" სდებენ ბრალს - მას სიკვდილით დასჯა ემუქრება

ირანის განცხადებით, მათ მიერ დაკავებული შვედი დიპლომატის სასამართლო პროცესი მალე დაიწყება. 33 წლის იოჰან ფლოდერუსს ისრაელისთვის ჯაშუშობა და "დედამიწის გახრწნა" ედება ბრალად, რაც სიკვდილით ისჯება.

შვედეთში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი, 33 წლის იოჰან ფლოდერუსი 2022 წლის 17 აპრილს თეირანის აეროპორტში დააკავეს. დიპლომატი მეგობრებთან ერთად მოგზაურობის შემდეგ ირანში ბრუნდებოდა, როცა ის ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში, სიონისტურ რეჟიმთან სადაზვერვო თანამშრომლობასა და "დედამიწის გახრწნაში" დაადანაშაულეს.

ფლოდერუსის მამამ, მატსმა, Guardian-თან ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ოჯახი იოჰანის განაჩენს დაძაბული ელოდება: "საშინლად ვნერვიულობთ. ის უსამართლოდ დააკავეს, ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია. აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ და ქვეყნის დატოვების უფლება მისცენ".

ირანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული "დედამიწის გახრწნაა" და ის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, ფლოდერუსმა ირანის ბირთვულ და გამდიდრების პროგრამებზე ინფორმაცია შეაგროვა და ისრაელის სასარგებლოდ დივერსიული პროექტები შექმნა. ასევე ითქვა, რომ მიზნის განსახორციელებლად, დიპლომატმა შვედური სადაზვერვო სამსახურის აგენტების ქსელი შექმნა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა იოჰან ფლოდერუსის სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა. მას შეუერთდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომიც: "იოჰან ფლოდერუსის პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გასამართლებაზე".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა