ავტორი:

"იზოლატორშიც გააგრძელეს მისი ცემა. რომ მიხვდნენ, უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო, მაშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში" - რას ჰყვებიან ქართველზე, რომელიც აფხაზი ე.წ. მილიციელების ძალადობის შედეგად გარდაიცვალა?

"იზოლატორშიც გააგრძელეს მისი ცემა. რომ მიხვდნენ, უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო, მაშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში" - რას ჰყვებიან ქართველზე, რომელიც აფხაზი ე.წ. მილიციელების ძალადობის შედეგად გარდაიცვალა?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ (ვიტალი) კარბაიას ოჯახის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 43 წლის კაცი აფხაზმა ე.წ. სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის რძალი, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, "რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ თემურ კარბაია სამმა ე.წ. მილიციელმა რამდენიმე დღის წინ დააკავა ოკუპირებულ ქალაქ გალში. მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. თემურ კარბაია 9 დეკემბერს, ღამით გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება - დაჟეჟილობა და მოტეხილობა.

"ყველგან აქვს დაზიანებები. განადგურებულია, ნეკნები, გვერდები, ძვლები დამტვრეული აქვს... ჯერჯერობით სხვა არაფერი ვიცით. არ ვიცი, ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა ცხედარს... ქუჩაში მიდიოდა და დააკავეს. მარტო ეს ვიცით. სამი ადამიანი სცემდაო“, - უთხრა "რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს თემურ კარბაიას ძმის ცოლმა.

"არცერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება - ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაბიჯი უკან არ იქნება“, - განაცხადა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ. მომხდარი დაგმო საქართველოს პერზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მომხარის თაობაზე აფხაზეთიდან დევნილი კონფლიქტოლოგი ნუკრი ნოდია გვესაუბრება:

- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ოფიციალური გაცხადება, რომ თითქოს, თემურ კარბაიამ თვითდაზიანებები მიიყენა და ამის შედეგად გარდაიცვალა, რაც მტკნარი სიცრუეა, ის აფხაზმა ე.წ. მილიციელებმა ცემით მოკლეს. არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ მამაკაცი სასტიკად სცემეს. ჩემთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მიყვანის შემდეგ კიდევ გააგრძელეს მისი ცემა. როდესაც მიხვდნენ, რომ უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო, მხოლოდ მაშინ გადაიყვანეს სოხუმის საავადმყოფოში, მაგრამ გარდაიცვალა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარბაიას ცემაში მონაწილე ე.წ. მილიციელები თითქოს დააკავეს...

- დიახ, დააკავეს და სოხუმში გადაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ ერთი ღამით. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ისინი უკვე თავისუფლები არიან.

- აფხაზური გამოცემა "აიაშარას“ ცნობით, ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, 6 დეკემბერს გალის რაიონის "შინაგან საქმეთა სამმართველოში“ შევიდა შეტყობინება, რომ გალის საქალაქო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. ამავე გამოცემის ვერსიით, კარბაია აგრძელებდა უცენზურო სიტყვების გამოყენებას მილიციელების მიმართ და შენიშვნებზე რეაგირებას არ ახდენდა, რის გამოც ის გალის იზოლატორში გადაყვანეს, სადაც კარბაიამ საკუთარი თავის დაზიანება სცადა. რა მოხდა სინამდვილეში?

- როგორც ვიცი, კარბაია ჩხრეკის მიზნით დააკავეს. მან წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, იქვე ადგილზევე სასტიკად სცემეს. აფხაზური მხარე იმასაც ირწმუნება, რომ 7 დეკემბერს დილით, "პრევენციული საუბრის შემდეგ“ გაათავისუფლეს, არადა, სინამდვილეში მოკლეს.

- როგორია გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა?

- ძალიან რთული, სრული განუკითხაობაა. მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს, ხშირად ილახება მათი უფლებები. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალშიც განმეორდეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გალის ე.წ. პოლიცია განსაკუთრებულად უხეშია და საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით მოქმედებს. ჩვენ თხოვნით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და საკანონმდებლო ორგანოს, შესაბამისი ყურადღება მიაქციონ ამ ამბავს, ჩააყენონ საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციები, გალში მცხოვრები ქართველები სრული ტერიტორის ქვეშ ცხოვრობენ.