ცესკოს თავმჯდომარემ იაპონიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცესკოს თავმჯდომარემ იაპონიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩს იშიძუკა ჰიდეკს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ტექნოლოგიური სიახლეები, უწყების წინაშე არსებული გამოწვევები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის როლი აღნიშნულ პროცესში -ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია რომლებზეც მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ისაუბრეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და საარჩევნო პროცესებში მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საჭიროება და გამოწვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე დგას. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებაზე. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა და მათი რეკომენდაციების გაცნობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

თავის მხრივ იაპონიის ელჩმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

გიორგი კალანდარიშვილის და იაპონიის ელჩის შეხვედრა 11 დეკემბერს, ცესკოში გაიმართა და მას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ოტარო ივატარეც ესწრებოდა.

R