ავტორი:

"ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი გაქრება" - კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე და საფრთხეები

"ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი  გაქრება" - კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე და საფრთხეები

კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევაა - მსოფლიოს მის შედეგად წარმოქმნილ არაერთ ურთულეს პრობლემასთან უწევს გამკლავება.

არ არსებობს სფერო, რომელზეც ის არ ახდენს გავლენას. კლიმატის ცვლილება აისახება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, გაჩნდა ახალი საფრთხეები.

ამ სტატიაში შევეცდებით გავაანალიზოთ, როგორ აისახება კლიმატის ცვლილება საქართველოზე და რამდენად გაზრდილია მისგან მომდინარე საფრთხეები - მკითხველის ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე მწვავე პრობლემაზე.

  • მყინვარების დნობა

ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა მყინვარების დნობაა.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა შოვის ტრაგედიის შემდეგ, რომელიც, როგორც გაირკვა, გლაციალურმა ღვარცოფმა გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს მას შემდეგ გავიგეთ, რაც უკვე ტრაგედია მოხდა. დავიწყეთ ლაპარაკი, ავიცილებდით თუ არა ამ მასშტაბის ტრაგედიას თავიდან, საზოგადოებას რომ სცოდნოდა, მყინვარის დნობისა და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, არის თუ არა მსგავსი საფრთხეები საქართველოს სხვა ტერიტორიებზე.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

  • შოვის ტრაგედია:

2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როდესაც გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ შოვის სტიქია გლაციალური ღვარცოფით იყო განპირობებული.

  • ნახეთ: შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია

  • გლაციოლოგი ლევან ტიელიძე იმხანად წერდა:

"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. სატელიტურ სურათზე, რომელიც გადაღებულია 5 აგვისტოს, ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა. კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე.

ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებულია "მუდმივ მზრალობასთან". უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები, რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო, მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად, უკვე ექვემდებარება სეზონურობას. ე.ი. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში, ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს.

ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს:

1) თავისით;

2) წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად;

3) მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც (რასაც დამატებით მონაცემები და კვლევა სჭირდება)" - წერდა გლაციოლოგი.

  • მყინვარების სპეციალისტი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ტიელიძე ამჯერად Ambebi.ge-ს ესაუბრება მყინვარების დნობის შესახებ. ის საუბრობს საფრთხეებზე, რომელიც ახლავს მყინვარის დნობას და ასევე ასახელებს კონკრეტულად კავკასიონის ქედის იმ მყინვარებს, რომელიც ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია.

მისი თქმით, 2000-2010 წლებში, კავკასიონის მყინვარების სისქეში შემცირება ყოველწლიურად დაახლოებით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებში - 75 სმ.

გლაციოლოგი ამ ეტაპზე ორ საფრთხისშემცველ მყინვარს გვისახელებს, რომელთა მიმდებარედ საკმაოდ დიდი ტბებია წარმოქმნილი და რაც მონიტორინგს აუცილებლად საჭიროებს. მკვლევარი ასევე ვარაუდობს, რომ მყინვარების ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი საერთოდ გაქრება.

ლევან ტიელიძე:

- გასულ წელს ჩატარებულმა მყინვარების გეოდეზიური მასის ბალანსის კვლევამ აჩვენა, რომ კავკასიონზე მყინვარების დნობის ინტენსივობა ძალიან მომატებულია. მასის ბალანსი იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორია მყინვარების ფართობი და მათი სისქეში შემცირების ინტენსივობა. 2000-2010 წლებში, კავკასიონის მყინვარების სისქეში შემცირება ყოველწლიურად დაახლოებით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებში 75 სმ.

სისქეში შემცირება ნიშნავს, რომ მყინვარები ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები ხდებიან, ყინული თხელდება და სიმტკიცეს კარგავს, შესაბამისად, ირღვევა მათი სტაბილურობა და სტიქიური პროცესების მიმართ საშიში ხდებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებას უკავშირდება - დნობის მაღალი ტემპი გამოწვეულია ტემპერატურის მატებით.

ამ დროს, გარდა იმისა, რომ მყინვარების დნობა მატულობს, მათ გარშემო წლების განმავლობაში გაყინული ფერდობებიც იწყებს ლღობას და კარგავს სიმტკიცეს. ე.ი. მყინვარების დნობის პარალელურად, ლღვება კავკასიონის ფერდობებიც, რომლებიც ადრე მუდმივად გაყინულ მდგომარეობაში იყო. გეოგრაფიულ ლიტერატურაში ეს მოვლენა "მუდმივი მზრალობის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

  • თანამედროვე კლიმატის ცვლილების შედეგად მუდმივი მზრალობა უკვე აღარაა მუდმივი და სეზონურობას ექვემდებარება, რაც სტიქიური პროცესების ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია. ეს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში შეინიშნება, როდესაც ცხელი ამინდის პირობებში გამლღვალი ფერდობები სიმტკიცეს კარგავს და მათი ჩამოქცევა ხდება.

სტიქიური პროცესების კიდევ ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია მყინვარული ტბების არსებობა. ასეთი ტბები ხშირ შემთხვევაში, მყინვარების ენებთან ახლოს წარმოიქმნება და იმ შემთხვევაში, თუ მყინვარულ ყინულთან უშუალო კონტაქტში არიან, დნობის ტემპს კიდევ უფრო აჩქარებენ. ასევე, აქვთ წყლის დიდი მოცულობის უეცრად გამოთავისუფლების პოტენციალი, რაც, შესაძლოა, მყინვარულ წყალმოვარდნებში, ან ღვარცოფებში გარდაიქმნან. ეს პროცესი სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია როგორც Glacial LakeOutburst Flood (GLOF). კლიმატის თანამედროვე ცვლილების ფონზე მყინვარული ტბების რაოდენობა და ფართობი გაზრდილია მსოფლიოს ყველა მთიან რეგიონში და მათ შორის კავკასიაშიც.

  • ბოლო თვეების სატელიტური სურათებით, კავკასიონის ისეთ დიდ მყინვარებზე, როგორებიცაა წანერი და ლეხზირი, საკმაოდ დიდი ზომის ასეთი ტბები შეინიშნება, რაც აუცილებლად საჭიროებს მონიტორინგს.

- სხვა რა პროცესები შეიძლება ახლდეს მყინვარების დნობას?

- მყინვარების დნობის შედეგად, პირველ რიგში, მცირდება მტკნარი წყლის მარაგი, შესაბამისად, იკლებს მდინარეული ჩამონადენიც. კავკასიონის მყინვარების ფართობი და მასა უკვე იმდენად შემცირდა, მომდევნო წლების განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ მყინვარულ აუზებში გარკვეულწილად მოიკლებს მდინარეული ჩამონადენი.

- რა არის მნიშვნელოვანი სტიქიის პრევენციისთვის

- ამისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. სხვადასხვა ინტერვიუში ეს უკვე ვახსენე და აქაც გავიმეორებ, რომ სახელმწიფომ ამაში არანაირი რესურსი არ უნდა დაზოგოს - არც მატერიალური, არც ადამიანური და არც - ფინანსური. პრევენციის საშუალებების ამოსავალი წერტილია ის, რომ არანაირი ჰიდროტექნიკური თუ არქიტექტურული პროექტი არ უნდა განხორციელდეს ისეთ საშიშ ზონებში, სადაც მომავალში შეიძლება მსგავსი სტიქიური პროცესები დაფიქსირდეს.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ყაზბეგის რაიონში მყინვარ დევდორაკის ძირში აშენებული ჰესი. სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მე-19 და მე-20 საუკუნეში დევდორაკის მყინვარს ახასიათებდა გლაციალური ღვარცოფები, რომლებიც თერგის ხეობას და საქართველოს სამხედრო გზას მთლიანად კეტავდა, ახალი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა სამეცნიერო ცოდნის სრულ უგულვებელყოფას, რაც ნორმალურ ქვეყანაში სრულიად წარმოუდგენელია. იგივე შეიძლება ითქვას სვანეთში მესტიაჭალაზე მშენებარე ჰესის შემთხვევაში, რომელიც სრულიად უადგილო ადგილას შენდება და დიდი რისკის ქვეშაა.

გარდა ამისა, როდესაც პრევენციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენოთ მონიტორინგის და წინასწარი შეტყობინების სისტემები. რამდენადაც მე ვიცი, ასეთი სისტემა ჯერჯერობით მხოლოდ დევდორაკზე ფუნქციონირებს, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არაა და აუცილებელია, რომ მონიტორინგის ნამდვილი ქსელი შეიქმნას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კეთდებოდეს მოდელირება, რომლის დროსაც მოხდება სხვადასხვა სცენარების გათვლა - რა რაოდენობის წყალი შეიძლება დაგროვდეს ამათუ იმ მყინვარულ ტბაში და გარღვევის შემთხვევაში რა ფართობი შეიძლება დაფაროს ღვარცოფმა, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ღვაროფულ მასას ხეობაში გასავლელად და რომელი დასახლებული პუნქტი შეიძლება მოხდეს სტიქიის ზონაში და სხვა. პარალელურ რეჟიმში, პრევენციისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა მინიმუმ იმისთვის, რომ სტიქიის შემთხვევაში მათ შეეძლოთ დროული ევაკუაცია. შოვის სტიქიამ გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ სამუშაოებში აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა.

ლევან ტიელიძე

- რამდენი მყინვარია კავკასიონზე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მყინვარები?

- ბოლო ინვენტარიზაცია გასულ წელს გამოვაქვეყნეთ, რომელიც 2020 წლის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით იყო შედგენილი. აღნიშნული კვლევის მიხედვით, კავკასიონზე 2200-მდე მყინვარი იყო საერთო ფართობით -1060 კვადრატული კილომეტრი. ფართობი კიდევ უფრო შემცირებული იქნება. მყინვარების არსებობა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონისთვის, იქნება ეს მტკნარი წყლის მარაგი, ეკოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ტურიზმის განვითარება, წარსული კლიმატის და გარემოს რეკონსტრუქცია და ა.შ.

- შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში კავკასიონი მყინვარების გარეშე დარჩეს?

- ალბათ, ბევრს არ მოეწონება რასაც ვიტყვი, მაგრამ 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ეს უკვე დავწერეთ და აქ უბრალოდ, გავიმეორებ, რომ მყინვარების ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი საერთოდ გაქრება. ეს თავისთავად კარგი ამბავი არაა, და ჩვენ გვევალება ვიცოდეთ, რომ მყინვარების გაქრობის პარალელურად, ადგილი ექნება მთელ რიგ პროცესებს, მათ შორის - სტიქიურს. შესაბამისად, გარემოს ასეთი სწრაფი გარდასახვის პირობებში, აუცილებელია მოვახდინოთ ამ ყველაფერთან გონივრული ადაპტაცია. ეს, პირველ რიგში, პრევენციული ღონისძიებების სწორად დასახვით და ბუნების სწორი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური განვითარებით გამოვლინდება, რაც ბუნების მდგრადი განვითარების სახელწოდებითაა ცნობილი.

  • ნალექი და წყალდიდობები

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, ეს არის წვიმის დროს მოსული უხვი ნალექი. ყველას გვახსოვს ბათუმსა და თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე წლის ზაფხულში წვიმის დროს მოსული უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ქუჩები. ქუჩების დატბორვა, გარდა იმისა, რომ მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემით იყო განპირობებული, ასევე ამის მიზეზი უხვი ნალექიც გახლდათ.

თბილისი, დიდი დიღომი
  • როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვეუბნებიან, ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექთან დაკავშირებული ცვლილებები არამდგრადია დროის ჭრილში და ასევე, არაერთგვაროვანია სივრცულად, თუმცა გარკვეული კანონზომიერებით მაინც ხასიათდება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ დასავლეთ საქართველოში ნალექის წლიური რაოდენობა ძირითადად გაზრდილია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში - შემცირებული.

"ნალექების წლიური ჯამის ცვლილების ხასიათი უმეტესად არასაიმედოა და გამოკვეთილ ტენდენციებს ადგილი არ აქვს (წყარო: გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ).

რაც შეეხება ნალექების რეჟიმის ექსტრემალურ მახასიათებლებს, როგორებიცაა ექსტრემალურად ნალექიანი დღეების პროცენტული და რაოდენობრივი წილი ნალექების წლიურ ჯამში, რომლებიც განიხილება სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური (წყალდიდობა-წყალმოვარდნები) და გეოლოგიური მოვლენების (მეწყრები, ღვარცოფები) ხელშემწყობი ფაქტორების შეფასებისას, გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

ისევე, როგორც ნალექის საშუალო რაოდენობისთვის, ექსტრემალური მახასიათებლების ცვლილებებიც, მთელ ტერიტორიაზე არასტაბილური და არაერთგვაროვანია.

გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე მდგრადი ტენდენცია. მათ უმეტესობას ვაკვირდებით დასავლეთ საქართველოს სადგურებზე, ძირითადად, სამეგრელოში და აჭარის მთიან რაიონებში. ეს დაკვირვება მიუთითებს, რომ ნალექის მატების ტენდენცია აქ განპირობებული უნდა იყოს სწორედ უხვნალექიანი შემთხვევების გახშირებით.

მთიან აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმში 5-7%-ით არის გაზრდილი უხვი და 2-4%-ით - ექსტრემალურად უხვი ნალექების წილი წლიურ ჯამში, რაც რაოდენობრივად უხვი ნალექების 30-40%-ით, ხოლო ექსტრემალურის - 50-75%-ით მატებას შეესაბამება.

ამასთანავე, ამ რაიონებში გამოვლინდა ყველა სხვა ექსტრემალური ინდექსის, როგორიცაა უხვნალექიანი დღეების რაოდენობა და ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა, ზრდა. შედეგად, როგორც ჩანს, უკანასკნელ პერიოდში ამ რაიონებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების გააქტიურების რისკები", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ამის პარალელურად კი, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში Ambebi.ge-ს ეუბნებიან, ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ნალექების ექსტრემალური ინდექსები მიუთითებს, რომ მიუხედავად ნალექების წლიური რაოდენობის ცვლილების ნიშნისა, თითქმის ყველგან და განსაკუთრებით, კახეთში და მცხეთა-მთიანეთში, იზრდება უნალექო პერიოდების ხანგრძლივობა.

"ამავე დროს, თბილისში, თელავსა და ლაგოდეხში მომატებულია, ასევე, ექსტრემალურად ნალექიანი შემთხვევების გახშირების დამადასტურებელი ტენდენციებიც. გამომდინარე აქედან, აქ სავარაუდოა როგორც გვალვების, ისე წყალდიდობა-წყალმოვარდნებისა და სტიქიური გეოლოგიური პროცესების გახშირების ალბათობა", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • მათივე განმარტებით, თბილისში დღე-ღამეში 100 მმ-ზე მეტი ნალექის მოსვლა შესაძლებელია 20 წელიწადში ერთხელ, 120 მმ-ზე მეტის - 50 წელიწადში ერთხელ, ხოლო 140 მმ-ზე მეტი - 100 წელიწადში ერთხელ.

"უკანასკნელ პერიოდში თბილისში ძლიერი წვიმა აღინიშნა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს. ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, 24 საათში მოსული ნალექის რაოდენობამ შეადგინა 113 მმ. აღნიშნული შემთხვევა, მოსული ნალექის რაოდენობის მიხედვით, არ იყო უპრეცენდენტო. იმავე სადგურზე უფრო მაღალი ნალექები აღინიშნა 1997 (118 მმ) და 1972 (130 მმ) წლებში. თუ გავითვალისწინებთ თბილისის სხვა სადგურების დაკვირვების ინფორმაციას, რეკორდული მაჩვენებელი (200 მმ) აღინიშნა 1962 წელს თბილისში, აეროპორტის სადგურზე.

მრავალწლიურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, თბილისში დღე-ღამეში 100 მმ-ზე მეტი ნალექის მოსვლა შესაძლებელია 20 წელიწადში ერთხელ, 120 მმ-ზე მეტის - 50 წელიწადში ერთხელ, ხოლო 140 მმ-ზე მეტი - 100 წელიწადში ერთხელ", - აცხადებენ სააგენტოში.

  • როგორია ნალექთან დაკავშირებით გრძელვადიანი პროგნოზი - სად შემცირდება და სად მოიმატებს ნალექიანობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კლიმატის მოსალოდნელი ცვლილების პროგნოზირებისთვის გამოყენებული გაფრქვევების ზომიერი სცენარის მიხედვით, 2041-2070 წ.წ. პერიოდში ნალექების წლიური ჯამი აღმოსავლეთ საქართველოში საშუალოდ 10%-მდე მცირდება. ყველაზე მეტად - მცხეთა-მთიანეთში, ყველაზე ნაკლებად კი - კახეთში. დასავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია ნალექების კლება.

გამონაკლისს წარმოადგენს სამეგრელოს დაბალი ზონა, სადაც ნალექიანობა დაახლოებით 10%-მდე იმატებს. საუკუნის ბოლოს, 2071-2100 წ.წ. პერიოდში, წინა 30-წლიან პერიოდთან შედარებით, ნალექების ჯამი უმნიშვნელოდ იცვლება, იზრდება ან მცირდება 1-6% პროცენტის ფარგლებში (წყარო: გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ).

ბათუმი
  • უხვი ნალექის მოსვლას ქვეყნის ტერიტორიაზე განაპირობებს გარკვეული სინოპტიკური სიტუაციები, კერძოდ:

"ე.წ. დასავლეთის ცირკულაციური პროცესი, რომლის დროსაც, ცივი ჰაერის მასები ქვეყნის ტერიტორიაზე დასავლეთიდან, შავი ზღვის გავლით გადმოადგილდება, სადაც მისი ქვედა ფენა რამდენადმე თბება, ხდება ტენით გაჯერება, იზრდება არადგრადობა და ხმელეთზე ტენით გაჯერებული შემოიჭრება. დასავლეთის ცირკულაციური პროცესი წელიწადის ყველა დროისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა მისი განმეორებადობა მეტია გაზაფხულზე და შემოდგომაზე. გარკვეულ პირობებში კავკასიის სამხრეთით მდებარე სტაციონალურ ატმოსფერულ ფრონტებზე იქმნება ხელსაყრელი პირობები ციკლონების წარმოქმნისათვის და მათი შემდგომი გადაადგილებისათვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ან აღმოსავლეთის მიმართულებით.

ასეთი სინოპტიკური სიტუაცია მოიხსენება, როგორც ტალღური აღრევები სამხრეთიდან. ამ პროცესის დროს ციკლონების განვითარებისა და გადაადგილების ადგილებში შეინიშნება ძლიერი ქარი და ატმოსფერული ნალექი. წელიწადის თბილ პერიოდში ხშირია ელჭექი და სეტყვა. ასეთი ცირკულაციური პროცესის პროცენტული განმეორებადობა ყველაზე მაღალი ზაფხულშია. ლოკალური კონვექციური პროცესები, რომლებიც ასევე განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ზაფხულში", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • რამდენად არის გაზრდილი წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების საფრთხე?

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, ბოლო ათწლეულში ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის მატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წყალმოვარდნების შემთხვევათა რიცხვი. ქვეყნის რთული კლიმატური და ოროგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, წყალდიდობა-წყალმოვარდნების საფრთხე საკმაოდ მაღალია.

წყალდიდობები და წყალმოვარდნები საქართველოს თითქმის ყველა მდინარისთვისაა დამახასიათებელი.

  • მათ შორის, განსაკუთრებით მაღალი რისკით გამოირჩევა: იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის მდინარეთა აუზები, აგრეთვე, მდ. მტკვრის მიმდებარე ტერიტორიები და მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო.

სტიქიური წყალმოვარდნების წლიურ მსვლელობაში დასავლეთ საქართველოში პირველი უდიდესი განმეორებადობა არის აპრილი-აგვისტოში, მეორე დიდი განმეორებადობა - შემოდგომის თვეებშია (ოქტომბერ-ნოემბერში), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უდიდესი განმეორებადობა აპრილ-ივლისშია. სტიქიური წყალმოვარდნების პერიოდები ემთხვევა თოვლის ინტენსიურ დნობასა და ხანგრძლივი ან ძლიერი წვიმების მოსვლის პერიოდს.

  • ნახეთ 2015 წელს, ვერეს ხეობის ტრაგედიისას წყალმოვარდნის მოდელირება

"მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქვეყანაში მიმდინარეობს წყალდიდობა/წყალმოვარდნების საფრთხეების რუკების მომზადება და შესაბამისი საპროგნოზო სისტემის შექმნა, რომელიც 2025 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელი წყალდიდობა/წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადებასა და გავრცელებას, რაც შესაძლო ეკონომიკურ ზარალსა და ადამიანთა მსხვერპლს მინიმუმამდე დაიყვანს", - გვეუბნებიან გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • სტატია მომზადდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში.
  • აღნიშნულ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს.

ავტორები:

ნანა ფიცხელაური

ხატია ვარდოსანიძე

განსაკუთრებული მადლობა სტატიის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის გლაციოლოგ ლევან ტიელიძეს

მყინვარები დნება, მდინარეებში წყალი მცირდება, მტკნარი წყალი ნელ-ნელა "ქრება" - საფრთხეები, რომელსაც ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა ქმნის: რა წერია WMO-ს ანგარიშში?