ავტორი:

"ამ კვლევებზე კოვიდპანდემიის გავლენაა... ამერიკას და სხვა წამყვან ქვეყნებს ევროპაში მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აქვთ" - გიორგი ამილახვარი PISA-ს კვლევაზე

"ამ კვლევებზე კოვიდპანდემიის გავლენაა... ამერიკას და სხვა წამყვან ქვეყნებს ევროპაში მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აქვთ" - გიორგი ამილახვარი PISA-ს კვლევაზე

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, PISA-ს ბოლო კვლევის შედეგებზე კოვიდპანდემიის უდიდესი გავლენაა და რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები ექნებოდა.

მისივე თქმით, კვლევის შედეგები არ არის სახარბიელო და ამით ვერავინ თავს ვერ მოიწონებს.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ზოგად განათლებაში კოვიდპანდემიის გამოწვევებს, სხვა შემთხვევაში ეს ციფრები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული იქნებოდა.

"რაც შეეხება PISA-ს ბოლო კვლევას, ეს რა თქმა უნდა, სახარბიელო შედეგები არ არის და არავინ და ვერავინ თავს ვერ მოიწონებს, მაგრამ თქვენ მე, ასევე გთხოვდით, რომ ვინც ამ საკითხებით ინტერესდებით და აშუქებთ, ასევე, დაინტერესდით რა ხდება სხვა ქვეყნებში. ამ კვლევებზე კოვიდპანდემიის უდიდესი გავლენა არის და რომ არა კოვიდპანდემია საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები ექნებოდა. ახლა იცით, რომ გაუარესებული არ არის, მაშინ როდესაც ისეთი წამყვანი ქვეყნები, როგორიც არის ამერიკა და სხვა წამყვანი ქვეყნები ევროპაში მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აქვთ.

რატომ? იმიტომ, რომ იმ პერიოდში უდიდესი გავლენა და ეფექტი კოვიდპანდემიის განათლებაზე იყო. ერთი რაც აქედან ჩანს, საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ზოგად განათლებაში კოვიდპანდემიის გამოწვევებს, სხვა შემთხვევაში ეს ციფრები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული იქნებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე კმაყოფილია ან თავს ვიწონებთ ახლა ამ შედეგებით. რა თქმა უნდა არა, სწორედ, ეს რეფორმები მიგვიყვანს ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, რომ დიახ, PISA-ს შედეგებიც მათ შორის, განათლების ხარისხის კვლევებში მკვეთრად გაუმჯობესებული იქნება, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება, ალბათ, 3-4 წელი“, - განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022-ის პირველადი ანგარიშის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით.