რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, წინასწარი ინფორმაციით, მათ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 34 დაშავებულის შესახებ. აქედან 15, მათ შორის 2 ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე დახმარება კი 19-მა ადამიანმა მიიღო.
ამასთან, რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა დესნიანსკის რაიონშიც, რამაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ხანძარი გამოიწვია. ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოსახლეობა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში სარაკეტო საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
მოგვიანებით, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქის დნეპრის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მანქანები იწვა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.