ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონის დოლარის დახმარების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა.
კერძოდ, უკრაინა ახალ სამხედრო დახმარებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მიიღებს.
"გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ჩვენ ვიღებთ, ათწლეულების განმავლობაში მომავალს განსაზღვრავს, განსაკუთრებით ევროპაში“, - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დამატებით დაფინანსებას კენჭი სადღესასწაულო არდადეგებამდე უნდა უყაროს, რადგან თუ ეს არ მოხდება, ეს იქნება ვლადიმერ პუტინისთვის საშობაო საჩუქარი.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი სიძლიერე მომავალი წლისთვის, ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, 2024 წელს დაგვეხმარება", - აღნიშნა ზელენსკიმ ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე
მისივე თქმით,სამ ელემენტზე, საჰაერო თავდაცვაზე, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე ისაუბრეს.
პირველ რიგში, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობას.
”ჩვენი მიზანია საჰაერო ბრძოლაში გამარჯვება, რუსული საჰაერო ბატონობის განადგურება. ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვდა ამერიკულ თავდაცვის კომპანიას და მიიღო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაოს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიამ უფრო სწრაფად და ეფექტურად. "უკრაინასა და ამერიკას ერთად შეუძლიათ დემოკრატიის არსენალის გარდაქმნა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მესამე საკითხი, რაზედაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა იყო. მისი თქმით, ბაიდენს განუცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად.