ავტორი:

"ნახატს რამდენიმე მოსწავლემ ზურგი აქცია..." - სკანდალი საფრანგეთის სკოლაში: რა მოხდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა ბავშვებს ცნობილი იტალიელი მხატვრის ნახატი აჩვენა

"ნახატს რამდენიმე მოსწავლემ ზურგი აქცია..." - სკანდალი საფრანგეთის სკოლაში: რა მოხდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა ბავშვებს ცნობილი იტალიელი მხატვრის ნახატი აჩვენა

საფრანგეთის განათლების მინისტრი პარიზის მახლობლად ჟაკ კარტიეს სკოლას ესტუმრა, სადაც გაკვეთილების დროს შიშველი ქალის ამსახველი კლასიკური ნახატის ჩვენების გამო, რამდენიმე დღეა სკანდალი გრძელდება.

შემთხვევა გაკვეთილზე მოხდა, საჯარო სკოლაში სადაც ბევრი იმიგრანტი მოსწავლე სწავლობს, ფრანგული ენის მასწავლებელმა ბავშვებს იტალიელი მხატვრის ჯუზეპე სეზარის ნახატი "დიანა და აქტეონი" აჩვენათ, რომელშიც ნადირობის ქალწული ქალღმერთი, ისევე როგორც მისი თანმხლები ნიმფები, შიშველად არიან დახატულები. მე-17 საუკუნის ევროპელ მხატვრებს შორის ეს პრაქტიკა საყოველთაოდ იყო მიღებული.

სეზარის ნახატი 1603 წლით თარიღდება და მასში ბერძნული მითოლოგიიდან ერთ-ერთი ეპიზოდია გამოსახული. მითის მიხედვით, ტყეში ნადირობისას აქტეონმა შემთხვევით მობანავე დიანა დაინახა, რის გამოც ქალღმერთმა აქტეონი ირმად აქცია. ნახატი პარიზის ლუვრის მუზეუმშია ინახება.

ნახატის ჩვენების შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ მას ზურგი აქცია, რადგან, 12-13 წლის ბავშვების თქმით, მსგავსი ნახატების ნახვას მათი რელიგია კრძალავს. მოსწავლეებმა მასწავლებელი ასევე დაადანაშაულეს რასისტულ და ისლამოფობიურ განცხადებებში.

მეორე დღეს ერთ-ერთმა მშობელმა სკოლის დირექტორს უჩივლა. ქალის თქმით, მის შვილს საკლასო ოთახში მიმდინარე დისკუსიიის დროს აზრის გამოხატვის უფლება არ მისცეს. მედიის ცნობით, მასწავლებლის სახელი და გვარი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში, რასაც თან ახლდა ინფორმაცია, თითქოს მან მუსლიმებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟაკ-კარტიეს სკოლის მასწავლებლებმა ორშაბათს უარი თქვეს მუშაობაზე და საპროტესტო აქცია გამართეს

ორშაბათს, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით მასწავლებლებმა უარი თქვეს სამსახურში წასვლაზე, ხოლო საფრანგეთის განათლების მინისტრი გაბრიელ ატალი სკოლაში მივიდა.

მედია წერს, რომ სკოლაში მომხდარი ინციდენტი მოგვაგონებს პარიზის გარეუბანში სხვა სკოლის მასწავლებლის სამუელ პეტის მკვლელობას, რომელსაც 2020 წელს ჩეჩენმა აბდულაკ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა. მიზეზი სკოლის მოსწავლეებისთვის მუჰამედის წინასწარმეტყველის კარიკატურის ჩვენება გახდა.

და ორი თვის წინ კიდევ ერთი მასწავლებელი, დომინიკ ბერნარი, დანით მოკლეს სკოლის სათამაშო მოედანზე ჩრდილოეთ საფრანგეთში, არასში.

არასში მასწავლებელი ორი თვის წინ მოკლეს

საფრანგეთის განათლების მინისტრმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა იქნება მიღებული და მასწავლებლებს მისი სრული მხარდაჭერა აქვთ.

გარდა ამისა, ატალმა პირობა დადო, რომ სკოლაში ასევე გაიგზავნება სპეციალური გუნდი, რათა უზრუნველყოს, რომ როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების უსაფრთხოება და დაიცვან „რესპუბლიკის ღირებულებები“.

სკოლამ მუშაობა 12 დეკემბერს განაახლა, მაგრამ მასწავლებლების ნაწილი მაინც უარს ამბობს გაკვეთილების ჩატარებაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ნახატის ამბავი მოსწავლეებში დისციპლინის ნაკლებობაზე მეტყველებს.

როგორც ჩანს, არასში ორი თვის მომხდარი მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ სკოლაში ატმოსფერო დაძაბულია.