ავტორი:

ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა - რა წერია დოკუმენტში საქართველოზე?

ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა - რა წერია დოკუმენტში საქართველოზე?

გამოქვეყნებულ დასკვნაში მინისტრების საბჭო ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ თავის ერთგულებას ადასტურებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ გაფართოება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის გეოსტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს.

  • ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის ღირებულებების მიმართ მკაფიო ერთგულება გამოავლინოს, რეფორმების გატარების პროგრესი გააგრძელოს და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად შეასრულოს, რათა ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ წინ სვლა განაგრძოს.

“საბჭო აღნიშნავს და დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს. საბჭო მიესალმება საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რადგან აღნიშნული ელემენტები დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გატარებისას საქართველოს მყარ საფუძველს აძლევს“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში.

რაც შეეხება გაფართოების ზოგიერთ საფუძველს, საბჭო აცნობიერებს საქართველოს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის, სახელმწიფო შესყიდვების და ეკონომიკური რეფორმების კუთხით. მინისტრთა საბჭო მიესალმება წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მზაობას.

"საბჭო საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი გამოავლინონ, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავონ. საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო“, - ნათქვამია დასკვნაში.

საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური ინფორმაციის მანიპულირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

საბჭო იმეორებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით სასამართლო, პროკურატურისა და სავალუტო ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს.

საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიებისა და დეოლიგარქიზაციის ქმედებების სისტემური მიდგომით განხორციელებას.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, საბჭო იხსენებს, რომ დემოკრატიის განმტკიცებისთვის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი მყარი ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი უზრუნველყოს, განსაკუთრებით კი 2024 წელს.

საბჭო იმეორებს, რომ საქართველომ ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა უნდა უზრუნველყოს. მათ შორის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების. ასევე, LGBT პირები უნდა დაიცვას დაშინებისგან, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას. საბჭო ხაზს უსვამს მოლოდინს, რომ საქართველო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან შესაბამისობას არსებითად გაზრდის. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ქმედებების ფარგლებში თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული ზომების შემთხვევაში, რათა გვერდის ავლა არ მოხდეს.