ავტორი:

რუსეთის ბაზა ოჩამჩირეში და საფრთხეები - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე, სადაც ოკუპირებული ტერიტორიაა აღბეჭდილი და რას წერს BBC საქართველოს შესახებ

რუსეთის ბაზა ოჩამჩირეში და საფრთხეები - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე, სადაც ოკუპირებული ტერიტორიაა აღბეჭდილი და რას წერს BBC საქართველოს შესახებ

"რუსეთის შავი ზღვის ახალი ბაზა საქართველოს შეშფოთებას იწვევს“, - ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატია ბრიტანული გამოცემა BBC.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ნოემბრის დასაწყისში 50-მა ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია რუსეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნას ეხება.

"კრემლის გეგმებმა გააჩინა შიში, რომ ბაზას შეუძლია საქართველო, რომელიც ევროკავშირის იმედად არის, ჩაითრიოს რუსეთის ომში უკრაინაში და დააზიანოს თბილისის გეგმები შავი ზღვის პორტთან დაკავშირებით", - წერს BBC.

"ჩვენ ერთხმად და მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და სხვა ქმედებებს, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ, რომლის ახალი გამოხატულებაა ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნა“, - ციტირებს გამოცემა ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას.

  • სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ოჩამჩირეში სამუშაოების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ გაფორმდა ხელშეკრულება შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის შექმნის შესახებ. BBC-ი ასევე მკითხველს აცნობს, რომ აფხაზეთი საერთაშორისოდ აღიარებულია საქართველოს ნაწილად, მაგრამ ის რუსეთის სეპარატისტული ძალების კონტროლის ქვეშ 1990-იანი წლებიდან იყო.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის გეგმა როგორც "საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა“, თუმცა ხელისუფლება არ მიიჩნევს რომ ეს გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენს.

  • "ოჩამჩირეში ბაზის მშენებლობა რომ დაიწყონ, სამი წელი მაინც დასჭირდებათ. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ გარდაუვალ საფრთხეებზე და არ იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება მომავალში შეიქმნას“, - განუცხადა BBC-ის საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

BBC Newsnight-მა და Verify-მ გაანალიზეს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, რომელიც მიუთითებს ოჩამჩირის პორტში სამშენებლო სამუშაოების შესახებ. კადრები რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ არის გადაღებული.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების თანახმად, მიმდინარეობდა სადრენაჟე სამუშაოები იმისთვის, რომ ოჩამჩირეში მიეღოთ დიდი სატვირთო გემები.

უკრაინის სადაზვერვო სააგენტო ამტკიცებს, რომ სამუშაო მიზნად ისახავს, რუსეთმა ოჩამჩირე უსაფრთხო ნავსადგურად გამოიყენოს შავი ზღვის ფლოტის ხომალდებისთვის.

"თუ რუსეთი გამოიყენებდა ოჩამჩირეს უკრაინაზე თავდასხმისთვის, ან თუ უკრაინა გადაწყვეტდა, რომ რუსეთის იქ განლაგებული ხომალდები მისი სამიზნე გამხდარიყო, მაშინ საქართველო გახდებოდა ომის მხარე. თუ პუტინს დასჭირდება საქართველოს ჩართვა, ან რაიმე ფორმით ომში ჩათრევა, ის ამას გააკეთებს და მას, სამწუხაროდ, ყველა შესაძლებლობა აქვს საქართველოზე ზეწოლისთვის“, - ამბობს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ასოცირებული მკვლევარი ნათია სესკურია.

როგორც BBC წერს, გარდა იმისა, რომ ეს ომის შიშს იწვევს, ამასთანავე, არსებობს შეშფოთება, რომ შავი ზღვის სანაპიროზე. ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის გეგმის განხორციელება შეფერხდება. გამოცემა განმარტავს, რომ ანაკლია უახლოესი ქალაქია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და წერს, რომ ანაკლიის პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის გასაძლიერებლად. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ანაკლიის პორტს შეუძლია გაანახევროს მგზავრობის დრო და გააორმაგოს ვაჭრობის მოცულობა 2030 წლისთვის.

"კრემლი დიდი ხანია ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის მშენებლობას, როგორ აშშ-ის პროექტს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავები შეძლებდნენ იქ ჩასვლას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ქვეყნის მთავრობას მოსკოვთან კომპლექსური ურთიერთობა აქვს.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააუქმა. ამ მშენებლობას მხარს უჭერდნენ დასავლური ბანკები და ინვესტორები. მამუკა ხაზარაძე, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ თბილისმა პორტის განვითარების გეგმა მოსკოვის დასამშვიდებლად ჩაშალა", - წერს BBC.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ პორტის აგების გეგმა აღდგება და გამარჯვებული კომპანია მალე გამოცხადდება. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ბრალდებები მთავრობის პრორუსულობასთან დაკავშირებით, აბსურდულია.

"როგორ შეიძლება პრორუსულმა მთავრობამ ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მიიღოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და მიიღოს კანდიდატი წევრის სტატუსი?!" - ამბობს სამხარაძე. მაგრამ მისივე თქმით, თბილისი ვალდებულია, ფრთხილად მოეკიდოს ჩრდილოელ მეზობელს.

"ჩვენ გვქონდა სამი ომი რუსეთთან ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ არ გვაქვს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, ჩვენ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობა“ - ამბობს სამხარაძე. მისი აზრით, ოჩამჩირის ბაზით რუსეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციების გამო ემუქრება.

BBC აღნიშნავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპელი ლიდერებისგან დეკემბრის სამიტზე ელოდება და ამ კონტექსტში ციტირებს სამხარაძის სიტყვებს:

"რუსები ყოველთვის იყენებენ საუკეთესო მომენტებს. პირველ რიგში, იმისთვის რომ შეარყიონ საქართველოს სტაბილურობა, და მეორე - საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ. ისინი ცდილობენ, რომ დაანახონ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაფერს აკონტროლებენ და აჩვენონ, რომ შეუძლიათ რაც მოესურვებათ ის გააკეთონ“, - ამბობს სამხარაძე.