ავტორი:

"ჩანთაში ჩავალაგე" ჩემი 35-წლიანი გამოცდილება და ნიუ-იორკში "გავადინე ზღართანი"... მე და ვახო ბიჭიკაშვილს აქ გაგვიჩნდა იდეა..." - ერთ დროს ცნობილი იუმორისტის ცხოვრება ამერიკაში

"ჩანთაში ჩავალაგე" ჩემი 35-წლიანი გამოცდილება და ნიუ-იორკში "გავადინე ზღართანი"... მე და ვახო ბიჭიკაშვილს აქ გაგვიჩნდა იდეა..." - ერთ დროს ცნობილი იუმორისტის ცხოვრება ამერიკაში

"ვისარგებლე თაროზე დიპლომივით შემოგდებული ვიზით (ცხრა წელიწადში მეორედ), ყურად ვიღე ამერიკიდან წამოსული სხვადასხვა შემოთავაზება, „ჩანთაში ჩავალაგე“ მთელი ჩემი 35-წლიანი გამოცდილება და ნიუ-იორკში „გავადინე ზღართანი“, - ამბობს იუმორისტი ავთო მარგველაშვილი და საკუთარი ამერიკული ცხოვრების, ნოსტალგიური და ცრემლიან-ღიმილიანი პროექტების შესახებ მოგვითხრობს.

- ავთო, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პირველი თაობის წევრი ხარ, ქართული იუმორის „ჰორიზონტზე“ რომელ წელს გამოჩნდი?

- პირველი შეხვედრა 1988 წელს ვითამაშე, ანუ ქართული "მან-სან-კანის" ერთ-ერთი „ადამი“ გახლავართ.

- და "ევა"?

- სხვათა შორის, იუმორის მაშინდელ სცენაზე „ადამები“ ბევრად ვჭარბობდით „ევებს“. ასევე ვარ 1998 წლის საქართველოს ჩემპიონი (გუნდი „პიკასოს ბიჭები“) და ვიყავი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოში. ასევე სხვადასხვა წელს გახლდით საქართველოს ნაკრები გუნდის სცენარისტი - გუნდის, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობდა.

- ალბათ ამიტომ შეგარქვეს "იუმორის მამები"...

- იყო ასეთიც,.. გვიხარია, რომ „მრავალშვილიანი მამები“ ვართ: ჩვენი გაზრდილები, ანუ „შვილები“, „შვილიშვილები“ და „შვილთაშვილები“ დღეს ზეპოპულარული ვარსკვლავები არიან. ალბათ, არ ვიყავით მთლად ცუდი მამები.

- პრესაში როგორ მოხვდი?

- 1999-2002 წლებში, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იუმორისტული საინფორმაციო პროგრამის - „მაცინეს“ შემდეგ, რომელსაც შემოქმედებით გაერთიანება „პიკასოს ბიჭებთან“ ერთად ვაკეთებდი, აღმოვჩნდი პრესაში. ეს მოხდა ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და პოეტის, ჩემი უფროსი მეგობრის, ქალბატონ მაია კახიძის რჩევით, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა რამდენიმე ცნობილ რედაქციასთან. გადავწყვიტე, ბედი ბეჭდვით მედიაში მეცადა. როგორი სილაღითა და სარკაზმითაც წერ მაყურებლისთვის, ზუსტად ისე წერე მკითხველისთვის და წაგიკითხავენო, - მითხრა მაია კახიძემ და შეიძლება ითქვას, კინწისკვრით შემაგდო პრესაში. მოკლედ, გადავწყვიტე, სანახაობრივი, ანუ სასცენო და სატელევიზიო იუმორიდან საკითხავ იუმორზე „გადავფორმატებულიყავი“ და ასე შევრჩი პრესას, უდიპლომო ჟურნალისტი კორესპონდენტად. ეს იყო გაზეთები: „ექო“, „კვირის პალიტრა“, ჟურნალები: „რეიტინგი“, „მაესტრო“, „სტერეო“, „ახალი ჟურნალი“ და დღეს ჩემი მასპინძელი ჟურნალი „გზა“, რომელშიც ყველაზე დიდხანს ვწერდი (2002-2008 წწ.). ვწერდი როგორც პოლიტიკურ სატირას, ასევე სოციალური იუმორს; ვწერდი ტელევიზიებზე, მინისტრებზე, პრეზიდენტებზე, დეპუტატებზე, მაგრამ ყოველთვის ვწერდი ხალხისთვის და ხალხის სათქმელს...

2003-დან 2020 წლამდე "რუსთავი 2"-ზე 18-წლიანი მუშაობა და „ცხოვრება“ იყო ყველაზე რთული, დინამიკური, ნაყოფიერი და მდიდარი პრაქტიკა ჩემს კარიერაში. „ღამის შოუ“, „ვანოს შოუ“, „ნიკა არაბიძის შოუ“, "კომედი შოუ“, „ქლაბ შოუ“ „თქვენი შოუ“, „გააცინე და მოიგე“, პლუს კომედი არხის პროექტები, სერიალები... ამ გადაცემებმა იუმორის ეპოქა შექმნეს, ქართული სატელევიზიო იუმორის ისტორია დაწერეს.

- ავთო, თავად მიხვედი მთავარ თემამდე: როგორ მოხვდი ამერიკაში?

- "აგვისტოდან აქა ვზივარ!“ იცი? რაღაც ეტაპი დგება ადამიანის ტვინ-გონებაში, როცა ხვდები, რომ შენი საქმე რუტინად იქცა და რასაც აკეთებ, თვითონ შენთვის შემოქმედება აღარ არის; კი ბატონო, ჩარხივით ჭრი ამ სცენარებს, აწყობ სკეტჩებს, მონოლოგებს, წერ სიმღერების ტექსტებს, მაგრამ უკვე იცი, რას აკეთებ და როგორ აკეთო. როგორ პროდუქტს მიიღებ, ისიც იცი!.. და შემოქმედებითი აზარტი სადაა ამ დროს?! თუ მარადიულად არ ცდილობ, საკუთარ თავთან რაღაც ახალი შესაძლებლობის დამტკიცებას, აბა, განვითარება რას ნიშნავს?! იმას ნიშნავს, რომ ახალი სისხლი გინდა, ახალი ჟანგბადი გჭირდება, სხვა გარემო, უცხო აუდიტორია. აღარც იმ ასაკში ვარ, რომ სამომავლო გეგმების შესრულებას ლოდინის მორიგი ათწლეული შევწირო. ამიტომ ვისარგებლე თაროზე დიპლომივით შემოგდებული ვიზით (ცხრა წელიწადში მეორედ), ყურად ვიღე ამერიკიდან წამოსული სხვადასხვა შემოთავაზება, „ჩანთაში ჩავალაგე“ მთელი ჩემი 35-წლიანი გამოცდილება და ნიუ-იორკში „გავადინე ზღართანი“....წაიკითხეთ სრულად