ავტორი:

"ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს" - ევროპის ლიდერები უნგრეთის პრემიერის დარწმუნებას შეეცდებიან

"ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს" - ევროპის ლიდერები უნგრეთის პრემიერის დარწმუნებას შეეცდებიან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს დილით სამუშაო საუზმეზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეეცდებიან, უკრაინის საკითხზე უნგრეთის განსხვავებული პოზიციის ფონზე, წინსვლის გზა იპოვონ.

"ევროკავშირის ლიდერები ისტორიულ სამიტზე დასასწრებად ქალაქში იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი, უკანონო აგრესიული ომის ფონზე, უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ღია დივერსიას აწყობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და საბოლოოდ დათმობს - და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს.

ევროპარლამენტში გერმანელი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, იენს გეიერმა განაცხადა, რომ „ორბანის წყალობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც სამიტის მაგიდასთან ზის. ამ ფონზე, დღეს დილით, საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და თავად ორბანს შეხვდება, რათა წინსვლის გზა იპოვონ“, -აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში.

გამოცემის ცნობით, სამუშაო საუზმეს წინ უძღოდა წუხელ გამართული შეხვედრა შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცსსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის. შეხვედრის მიზანი სამიტამდე "საერთო ხაზზე“ შეთანხმება იყო.

  • ცოტა ხნის წინ ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს საუბრისას კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინამ ევროკომისიის 7 პირობიდან 3 არ შეასრულა, რის გამოც ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი არ არსებობს.

"ჩვენ უკრაინას წავუყენეთ 7 წინაპირობა და იქიდან 3 არ არის შესრულებული, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი. ჩემი შეფასებით, მეტიც არ იყო შესრულებული, თუმცა სამიც საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: თუკი არ შეასრულეთ წინაპირობები, მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს“, - აღნიშნა ორბანმა.

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია. მან გასულ კვირას, პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში ამაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა და განაცხადა, უკრაინა ამისთვის მზად არ არისო. მან ასევე გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია. ამ განცხადების შემდეგ მას შეხვედრა მოუწია უკრაინის პრეზიდენტთან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შეხვედრა მოულოდნელად არგენტინაში მოხდა.მისივე თქმით, ორბანს სთხოვა, ერთი მიზეზი მაინც დაასახელოს თუ რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირში და პასუხს ელოდება.