საერთაშორისო კონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემასა და ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

საერთაშორისო კონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემასა და ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს წევრ დავით ჯინჯოლავასთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის მთავარი თემა - „საკონსტიტუციო რეფორმა და საარჩევნო სისტემა“ იყო. საქართველოს საარჩევნო სისტემის განვითარების ძირითად გზებსა და საარჩევნო სისტემის ევოლუციაზე, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე და ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე გიორგი კალანდარიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო სისტემას დიდი ისტორია აქვს, 1990 წლიდან დღემდე სისტემამ განვითარების სხვადასხვა საფეხური გაიარა. მან ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით ადმინისტრაციის გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან დღემდე ჩატარებულ 8 პილოტზე დაყრდნობით ადმინისტრაციამ სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რათა 2024 წლის პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს.

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა მათ ქვეყნებში არსებულ საარჩევნო სისტემაზე იმსჯელეს და ერთმანეთს კარგი პრაქტიკა გაუზიარეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ყაზახეთის ცესკოს თავმჯდომარესთან, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე შეხვდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და საჰაერო სივრცის ინდუსტრიის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს და ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე, განვითარების პერსპექტივებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო გადაეცა. საარჩევნო სისტემების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობისთვის, ადმინისტრაციებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის უმაღლესი რანგის ჯილდო გიორგი კალანდარიშვილს გადაეცა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები ასევე გამართეს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან, სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალთან.

საერთაშორისო კონფერენცია 7-8 დეკემბერს ქ. ასტანაში გაიმართა. საერთო ჯამში კონფერენციას 200 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის 16 სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.