მისი ღვაწლი ქართულ კინოში დიდია, თუმცა არ მახსოვს, ოდესმე ვინმეს სადმე გაეხსენებინოს. მისი არც 60 წლის იუბილე აღუნიშნავთ და არც -70-ის. არადა, ისეთ საეტაპო ფილმებში აქვს ნათამაშები და ისეთი მკაფიო სახეები აქვს შექმნილი, თაობებისთვის მართლა დაუვიწყარია. ვინაიდან 25 დეკემბერს მისი გარდაცვალების თარიღია, გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ეს ნიჭიერი და საოცრად კეთილი ადამიანი შევახსენოთ.
მსახიობი და რეჟისორი რამაზ გიორგობიანი 1995 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ ბნელი 90-იანები იყო და არავის არაფრისთვის ეცალა. როგორც ჩანს, ესეც ამ მსახიობის თავისებური ბედისწერა იყო...

"რამაზი მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მხოლოდ 10 დღე იწვა, ექიმებმა ვერ უშველეს, არადა, იმ დიაგნოზით და იმ ჩივილებით დღეს ადამიანები იკურნებიან, მაგრამ 1995 წელი იყო და მოგეხსენებათ, მაშინ რაც ხდებოდა", - ამბობს რამაზ გიორგობიანის და, თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე.
პირველი ფილმი
კინოში ჯერ კიდევ სტუდენტი გამოჩნდა, მაშინ ოთარ იოსელიანი "გიორგობის თვეს" იღებდა. რეჟისორისთვის პირველი ფილმი იყო და რამაზისთვისაც პირველი როლი, სადაც კინოთი "მოიწამლა“ კიდეც... რეჟისორმა შემთხვევით, უნივერსიტეტში იპოვა. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ოთარ იოსელიანის ასისტენტს მათემატიკის ოლიმპიადაზე უნახავს, ტიპაჟი მოსწონებია... იმ ფილმით და რამაზ გიორგობიანის ტიპაჟით რეჟისორმა ქართულ კინოში ახალი გმირი შემოიყვანა...
"ცისფერი მთები"
"ხაბურზანია არ არის, წვერავა ჯარშია, კაკო - ციხისძირში, ჭიჭინაძე - კურსებზე, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი საერთოდ არ იციან, სად არის", - ეს იმ ახალგაზრდა მწერლის სიტყვებია, რედაქციაში მოთხრობა რომ მიიტანა და მისი განხილვის მოლოდინში გავიდა - შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული... ნამუშევარი არათუ ვინმემ წაიკითხა, ეგზემპლარებიც უკვალოდ გაქრა... როგორც მიხვდით, ეს "ცისფერი მთების" სიუჟეტია, რომელმაც, თავის დროზე, საბჭოთა სისტემის დრომოჭმულობა აჩვენა, რომლის მსხვერპლიც ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი, სოსო აღმოჩნდა... რამაზ გიორგობიანის საოცრად შესრულებული ეს მთავარი როლი კი მართლა დაუვიწყარია...
მსახიობი არაერთ ფილმშია გადაღებული და ქართულ კინოში მრავალი საინტერესო სახე აქვს შექმნილი. ეს სურათების არასრული ჩამონათვალია: „ქოლგა,“ „სერენადა,“ „ფერისცვალება,“ "ფილატელისტის სიკვდილი,“ „სამკაული სატრფოსათვის,“ „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში,“ "ბატონი ავანტიურისტები“...
ბოლო ნამუშევარი
"რადგან კინომ ჩაითრია - მათემატიკის ფაკულტეტიდან ჯერ ჟურნალისტიკაზე გადავიდა, რაც დაამთავრა კიდეც. ვინაიდან კარგად წერდა, მოგვიანებით სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში კინოსარეჟისოროზე განაგრძო. თენგიზ აბულაძემ იმ წელს პირველად აიყვანა ჯგუფი, სადაც მოხვდა... ოთხი ფილმი გადაიღო, მაგრამ ბოლო ნამუშევარი ("მორევი") ვერ დაასრულა, გარდაიცვალა. არადა, ცოტა იყო დარჩენილი. ფილმის მონტაჟი გიზო გაბისკირიამ გააკეთა,“ - იხსენებს ქალბატონი მაია.
"მხიარული რომანი"
ლევან ხოტივარის "მხიარული რომანი" რამაზ გიორგობიანის მონაწილეობით მაყურებელმა თავიდანვე შეიყვარა. როგორც ქალბატონი მაია ამბობს, რამაზს ეს ფილმი დიდად არ უყვარდა, რადგანაც იქ საკუთარი ნამუშევარი ემარტივებოდა...
"მაგ ფილმის რამდენიმე კადრი ჩვენს სახლთან, ვაკეში გადაიღეს. გადასაღები მოედანი კაფე "ფრანციასთან“ იყო, ახლანდელი "მზიურის" ტერიტორიაზე. იმ პერიოდში იქ სკვერი იყო. ფილმში ჩემი სახლიც კი ჩანს. ასე რომ, ქუჩის გადაღებებს ვესწრებოდი და დღემდე მახსოვს ის ემოციები... საერთოდ რამაზს სულ კუდში დავდევდი და რასაც ის აკეთებდა, მეც მინდოდა, რომ გამეკეთებინა. თუმცა თვითონ არ უყვარდა და გადაღებებზე არ დავყავდი. მაშინ დრო ვიხელთე, რომ სახლთან ახლოს რომ იყო, ვეღარ გამაგდებდა... მუშაობისას რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ნამდვილი არტისტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით პროფესიონალური განათლება არ ჰქონდა, კამერასთან მუშაობა, პარტნიორთან ურთიერთობა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. ეს ოთარ იოსელიანის დამსახურება გახლდათ, რადგან კინოში ფეხი მან აადგმევინა“...
დედმამიშვილობა და ოჯახი
რამაზ გიორგობიანი და მაია გაჩეჩილაძე დედით ერთნი იყვნენ, მამით - სხვადასხვა, თუმცა ქალბატონი მაიას თქმით, ეს მათ ურთიერთობაზე არანაირად არ ასახულა:
"მის გაზრდაში წვლილი მამაჩემსაც მიუძღვის, საერთოდ, ყველას თბილი დამოკიდებულება გვქონდა. ჩემი ძმა ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, მზრუნველი იყო, მე კი მეცადინეობაში სულ ხელს ვუშლიდი, რაზეც ჩხუბობდა, - ეს ბავშვი გაიყვანეთო... არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, რაც მამისა და დედაჩემის დამსახურება იყო და თვითონ რამაზისაც, რადგანაც კეთილშობილი ადამიანი გახლდათ. გარშემომყოფები უყვარდა, მე კი, გამორჩეულად. მაია მან დამარქვა, უფრო სწორად, მისმა კლასმა... მაშინ ფილმი "მაია წყნეთელი" მოდაში იყო და სახელი იმის გავლენით დამარქვეს - დედაჩემს სამშობიაროში წერილი მისწერეს...
ბავშვობაში ძმაზე ძალიან ვეჭვიანობდი, რადგან დედას და ბებიას პირზე სულ რამაზიკო ეკერათ და პრეტენზიას გამოვთქვამდი, უფრო ანებივრებთ-მეთქი. ბებია მპასუხობდა, - მამა არ ჰყავს და მეტი ყურადღება სჭირდებაო. რამაზი ჩემი დიდი მეგობარი იყო. არასოდეს არაფერი დაუშლია. დედას ეუბნებოდა, თავისუფლება მიეციო, რადგანაც შინაგანად თავისუფალი იყო და უნდოდა, გარშემომყოფებიც ასეთები ყოფილიყვნენ...
დღეს თუ რამე ვიცი, რამაზის დამსახურებაა, ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ჩამომიწერდა ხოლმე წიგნებს, რაც უნდა წამეკითხა, ჩემს განათლებასა და ინტელექტუალურ დონეს აკონტროლებდა... თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, წიგნი მომიტანა, რომელშიც მხატვრობაზე ყველაფერი ეწერა. ისეთ რაღაცებს მასწავლიდა, რასაც ჩემით ვერ ვისწავლიდი... ჩემთვის არამარტო ძმა, მასწავლებელიც იყო.
უამრავ რჩევა-დარიგებას მაძლევდა. ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს მიმეორებდა, - ენამ არ უნდა გაუსწროს ტვინს, ჯერ სათქმელი გაიაზრე და მერე თქვიო. დღეს ძალიან მაკლია. ახალგაზრდა წავიდა და მოულოდნელად. თან, ისეთი რთული პერიოდი დაემთხვა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა... საბურთალოს სასაფლაოზე, მამამისის გვერდით არის დაკრძალული... რამაზს დარჩა ერთი გოგონა, თიკა გიორგობიანი (რომელსაც დღეს უკვე 17 წლის დაჩი ჰყავს) და მეუღლე - ნუნუკა ქიქოძე. გული მწყდება, რომ ჩემი შვილი 5-6 წლის იყო და კარგად არ ახსოვს. მისი შვილი თიკა კი უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა და წილად ხვდა რამაზთან ურთიერთობის ბედნიერება... ჩემი ძმის რჩევა და მისი ხედვა დღეს მართლა მაკლია“.
პიროვნული შტრიხები
"გაოცებული და შეწუხებული იყო იმ მტრობითა და ურთიერთდაპირისპირებით, რაც 90-იანების დასაწყისში ჩვენში გაჩაღდა. ძალიან განიცდიდა, რადგანაც იქითაც მეგობრები ჰყავდა, აქეთაც და ყველა თავისკენ ექაჩებოდა. თან, ხომ ვამბობ, იმის გაგება უჭირდა, რაც ხდებოდა, რადგანაც შორს იყო იმ ამბებისგან. უსამართლობას ვერ იტანდა, ვერავის აპატიებდა უსინდისობას, სიცრუეს, სუფთა და რაღაც სხვანაირი იყო. ამავე დროს არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. მისი მოთხრობები ამ გრძნობითაა გაჯერებული. რამაზი წარსულში ფეხბურთელი იყო, "დინამოში" თამაშობდა, მაგრამ თავი დაანება, შესანიშნავად სრიალებდა თხილამურებზე, ხატავდა. ზოგადად ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო“ - ამბობს მაია გაჩეჩილაძე.
***
ძმის გრდცვალების შემდეგ მან მისი მოთხრობები, სცენარები შეკრიბა და წიგნად დასაბეჭდად გაამზადა. სასიგნალო ეგზემპლარები გამოიცა, 2 ტომი, რომელსაც "მრუდე სარკეში“ დაერქვა. წიგნი გაყიდვაში არ გასულა. ამას თანხა სჭირდებოდა.
"რამაზს ძალიან საინტერესო მოთხრობები აქვს, ასევე ლიტერატურული სცენარები და ერთი პიესა „მრუდე სარკეში“... გია ცხადაიამ ძალიან საინტერესოდ დაასურათა. რამაზის ამ ნამუშევრების პრეზენტაცია გვინდოდა კინო "ამირანში,“ მაგრამ ამაშიც ხელი შეგვეშალა.“.
- მისი იუბილის აღნიშვნა რომელიმე ხელისუფლების პირობებში ვინმეს თავში აზრად თუ მოსვლია?
- არა, თუმცა ველოდებოდი, იქნებ ვიღაც შეგვეხმიანოს-მეთქი. ისე ჩაიარა ყველა თარიღმა, არავის გახსენებია, არც კულტურის სამინისტროს და არც კინემატოგრაფისტებს... გული მწყდება, ასეთ ადამიანებს, ვისაც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვის ქართულ ხელოვნებაში, კინემატოგრაფიაში, ლიტერატურაში, მწერლობაში, თეატრში, ყურადღებას უნდა აქცევდნენ... სამწუხაროა, რომ ასეთი არაერთი ადამიანი წავიდა. ახალმა თაობამ ისინი ხომ უნდა იცოდნენ?!.
ფოტოები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და მაია გაჩეჩილაძის საოჯახო არქივი