ავტორი:

ორბანმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა: "ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით"

ორბანმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა: "ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების საშუალოვადიან პროგრამას მოიცავს, - ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.

მისი განმარტებით, განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს "მეგაპაკეტის“ მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციის პროგრამების ხარჯებს და ევროკავშირის სოლიდარობის ფონდისა და თავდაცვის დაფინანსებას.

"ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი სახელმწიფო ვერ დათანხმდა. ამ "მეგაპაკეტს“ დათანხმდა დანარჩენი 26 ლიდერი, მათ შორის შვედეთიც, რომლის პრემიერ-მინისტრმა, შიდა პროცედურების შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტთან უნდა განიხილოს“, - განაცხადა მიშელმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ვიქტორ ორბანი ევროკავშირის 27-ე ლიდერი, რომელიც არ დაეთანხმა "მეგაპაკეტის“ მიღებას, შარლ მიშელმა უპასუხა: "ვფიქრობ, თქვენ ძალიან ინფორმირებული ხართ, როგორი იყო ჩვენი დებატების ხასიათი“.

ამასთან, მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, "მეგაპაკეტი“ არ იქნა უარყოფილი, არამედ მისი მიღება გადაიდო და რომ ლიდერები შეთანხმდნენ საგანგებო სამიტზე, რომელიც ამ საკითხს დაეთმობა.

"ამ საკითხს მომავალი წლის დასაწყისშივე დავუბრუნდებით და ვეცდებით ერთსულოვნებას მივაღწიოთ, რომ ამ მეგაპაკეტის განხორციელება შესაძლებელი გახდეს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

  • ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.