4 რამ, რაც მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე შესაძლოა არ იცოდით - რატომ უნდა გადაიკითხოთ „ლამბალო და ყაშა“

4 რამ, რაც მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე შესაძლოა არ იცოდით - რატომ უნდა გადაიკითხოთ „ლამბალო და ყაშა“

ცნობილი ქართველი მწერლის შემოქმედებითი გზა არ იყო მარტივი. 1937 წლიდან, მის სახელსაც და შემოქმედებასაც ტაბუ დაედო. მისი ნამუშევრებიც დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი და დამალული რჩებოდა მკითხველისთვის.

1937 წლის 26 ივლისს, მწერალთა კავშირის საგანგებო სხდომაზე, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი - ჯაშუში და დივერსანტი - განდევნილ იქნეს მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს!“

მწერლის მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ისინიც, ვინც მაშინ ციხეში ისხდნენ, აიძულეს, ამ გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერათ და ჯავახიშვილი კონტრრევოლუციონერ ჯაშუშად ეღიარებინათ. ერთადერთი კაცი, ვინც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და პროტესტის ნიშნად დატოვა მწერალთა კავშირის ეს საშინელი სხდომა, კრიტიკოსი გერონტი ქიქოძე იყო.

მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს, ქვიშხეთში დააპატიმრეს და წამების ქვეშ, რომელსაც პირადად ესწრებოდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი მდივანი და მთელი ამ რეპრესიების წამმართველი ლავრენტი ბერია, ხელი მოაწერინეს „აღიარებით ჩვენებაზე“. ჯავახიშვილი 30 სექტემბერს დახვრიტეს. მისი არქივი გაანადგურეს, ქონება კონფისკაციას დაუქვემდებარეს.

მწერალს „ლამბალო და ყაშა“ რომანად ჰქონდა ჩაფიქრებული

ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმა ვერ მოახერხა, მაგრამ დარჩა უამრავი შენიშვნა, მონახაზი, პერსონაჟთა ხასიათების გამოკვეთისთვის აუცილებელი დაკვირვებანი, რომელთა შესწავლაც კარგად დაგვანახებს თუ როგორ სერიოზულად მუშაობდა ჯავახიშვილი თითოეულ ტექსტზე. ნაპოვნ საქაღალდეში უამრავი ცნობაა სხვადასხვა ენაზე, საიდანაც მწერალი გულდასმით სწავლობდა თითოეულ საკითხს, რომ გამოეყენებინა. ტრაგედიის ფონზე ვითარდება ის ამბავიც, რომელსაც მწერალი „ლამბალო და ყაშაში“ გვიყვება. ეს არის ტრაგედია ოდესღაც ძლევამოსილი, იმჟამად კი დაკნინებული და განადგურებული სპარსეთისა, რომელსაც თავის დაცვა აღარ შეუძლია და იძულებული გამხდარა, ქვეყანა უცხო ძალების სათარეშოდ მიუშვას. მოთხრობის სიუჟეტი გაშლილია 1920-იანი წლების დასაწყისში.

რა იყო მწერლის მთავარი მიზანი

მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთი მიზანი „ლამბალო და ყაშაში“ რუსული დამპყრობლური ბუნების ჩვენება და იმისი ასახვაა, რა ხდება, როცა რუსი დაუძლურებულ, ფაქტობრივად დაპყრობილ ქვეყანაში წესრიგის დამამყარებლის ფუნქციით შემოდის. ცენზურის თვალის ასახვევად, ის იძულებული იყო მიემართა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ შემდგომში ქართველი მწერლები: მოქმედება სხვა გეოგრაფიულ არეალში გადაეტანა, ან ვითარება ისტორიული წარსულის ბურუსში გაეხვია.

ალუზიების მნიშვნელობა მოთხრობაში

მოთხრობა სავსეა უამრავი ალუზიით, რომელთა სწორად ამოშიფვრაც საჭიროა იმისათვის, რომ გავიგოთ ირანში და, საერთოდ, სხვათა მიწა-წყალზე რუსების ბატონობის ზნე და ხასიათი. მატარებელი, რომელსაც ჯავახიშვილი წითელ გველს ადარებს, ტექნიკური პროგრესის გამოკვეთილი სიმბოლოა. პროგრესისამ რომელშიც იმხანად, სპარსელებთან შედარებით, რუსებს აქვთ გარკვეული უპირატესობა, თორემ ან მაშინ, ან ახლა რუსის პროგრესი იმის იქით არ უნდა გაიშვას.

„ლამბალო და ყაშა“ სპარსულად დღემდე არ უთარგმნიათ

სიმართლე, რაც ამ მოთხრობაშია, დღესაც არავის სჭირდება: არც ირანს, რომელიც რუსეთს დღემდე ეკეკლუცება და კოჭს უგორებს, არც ჩვენთან მცხოვრები ასურელების ანგარიშგასაწევ რაოდენობას და, ალბათ არც საქართველოს. სიმართლე ყოველთვის მწარეა და ზოგჯერ ძალიან სახიფათოც. მიხეილ ჯავახიშვილმაც კარგად იცოდა, ალბათ, რაც ელოდა, და მაინც დაწერა „ლამბალო და ყაშა“, რომელსაც ახლა გამომცემლობა „პალიტრა L” ახალ, შესანიშნავ გამოცემად გთავაზობთ სერიით - „გადავიკითხოთ“.

მიხეილ ჯავახიშვილი ისეთი მწერალია, რომელსაც გამუდმებით უნდა ვკითხულობდეთ, ვსწავლობდეთ, ვიკვლევდეთ და ვაანალიზებდეთ.

(გიორგი ლობჟანიძის წინათქმის მიხედვით)

#გადავიკიტხოთ - უკვე არაერთხელ წაკითხული, უმრავლეს შემთხვევაში, ნასწავლიც კი, მაგრამ მაინც თავიდან გასააზრებელი და ამოსახსნელი ლიტერატურული შედევრებია. სერიის თითოეულ წიგნს ერთვის ამა თუ იმ ცნობილი და ავტორიტეტული ლიტერატორის ან მკვლევრის წინათქმა, რომლის მიზანიც არის, მიგვანიშნოს ხელახლა წაკითხვისას აღმოსაჩენ აქცენტებზე. მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა“ უკვე ხელმისაწვდომია „ბბლუსის“ ქსელში. წიგნი გაფორმებულია ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაციებით.

R