ავტორი:

"ჩემი განცხადებები პასუხი იყო იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი კადრულობდა " - კახა კალაძე

"ჩემი განცხადებები პასუხი იყო იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი კადრულობდა " - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღება არის ხალხის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც "ქართული ოცნება“ წარმოადგენს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სტატუსთან დაკავშირებით მისი განცხადებები იყო იმ "ცილისწამების საპასუხოდ, რომელსაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი კადრულობდა“.

"ჩემი განცხადებები პასუხი იყო იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი კადრულობდა. ჩემი განცხადება თუ გახსოვთ, მაშინ ისიც უნდა გახსოვდეთ, რა შეურაცხყოფას გაყენებდათ თქვენ იმიტომ, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეები ვართ. საქართველოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ღირსებას იცავდა. ის, რომ დღეს ქვეყანამ სტატუსი მიიღო, ეს არის ხალხის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც "ქართული ოცნება“ წარმოადგენს“,-განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს, კალაძემ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისით ნებით დატოვა პოლიტიკა. მისივე თქმით, პარტია " ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში, საზოგადოებისგან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს.

"ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია პოლიტიკაში არ არის. ადამიანმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი იყო, დატოვა პარტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, ვინც 2024 წელს ძალიან დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვებს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის დამოკიდებულება, განწყობა, რაც საზოგადოებაში არის. ყველა კვლევა, მათ შორის თქვენს მიერ ჩატარებული მეტყველებს იმას, რომ დღეს "ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“ ალტერნატივა არ ჰყავს და 2024 წელს დიდი ალბათობით, საზოგადოების მხარდაჭერით კონსტიტუციური უმრავლესობით მოვალთ ხელისუფლებაში“,-განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან პრემიერ-მინისტრის ანგარიშიც შეაფასა და განმარტა, რომ შედარებისთვის ძალიან კარგია საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდებოდა ქვეყანაში, "2012 წლის შემდეგ რა, როგორ შეიცვალა“.

"ყველა კომპონენტში არის წინსვლა და განვითარება. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხის გაცემა სჭირდება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, ყველა სირთულეს ღირსეულად უპასუხებს“, - განაცხადა კალაძემ.

ასევე იხილეთ: