ავტორი:

"შევარდნაძემ მითხრა, ფილმი დადებით გმირზე გადაიღეო..." - რას ჰყვებოდა ოთარ იოსელიანი? გენიალური რეჟისორის კინო, როგორც მკურნალი, ცენზურა და აღიარება

"შევარდნაძემ მითხრა, ფილმი დადებით გმირზე გადაიღეო..." - რას ჰყვებოდა ოთარ იოსელიანი? გენიალური რეჟისორის კინო, როგორც მკურნალი, ცენზურა და აღიარება

2023 წლის 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. კინოკარიერის მანძილზე გადაღებული ფილმებით და მნიშვნელოვანი ხელწერით თავის გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. დიდძალი და ერთგული მაყურებელი თავიდანვე გაიჩინა.

დღეს ყველა აღიარებს, რომ ოთარ იოსელიანის კინოშედევრები უფრო მეტია, ვიდრე კინო. მისი ნამუშევრები რეალობის ეკრანზე გადატანის მცდელობაა და იმ ფერების კინოსურათად ქცევა, როგორ ფერებშიც საბჭოთა საქართველომ იცხოვრა. იმ ეპოქაში საქმე ცოტა სხვანაირად იყო და ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...

  • "ნამდვილი კინო არავის სჭირდება, კინო არის ცირკივით, თუ ცირკი არ არის, სანახავად არავინ მიდის. ჩემი პირველი ფილმი "აპრილი“ საბჭოთა ცენზურამ აკრძალა. მეორე ფილმი "გიორგობისთვეც“ აკრძალეს, მესამე ფილმს "იყო შაშვი მგალობელი“ იგივე ბედი ეწია და მერე "პასტორალსაც,“ - ჰყვებოდა ოთარ იოსელიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დიახ, საბჭოთა ცენზურისთვის მისი კინო მიუღებელი იყო, მაგრამ პოზიცია არასდროს შეუცვლია, მუშაობდა, ფიქრობდა, აზროვნებდა და მოქმედებდა ისე, როგორც მიაჩნდა. არც კრიტიკული აზრის გამოთქმას ერიდებოდა.

***

დაიბადა 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში. უზომოდ უყვარდა თავისი ქალაქი და თბილისური ურთიერთობები, რასაც ბავშვობიდან ეზიარა. ის ყველაფერი კი მერე მთელი ცხოვრება მოჰყვებოდა...

გაიზარდა ოჯახში, სადაც მამა გადასახლებული იყო.... "მაღალი რანგის ოფიცერი გახლდათ. ციმბირიდან რომ დაბრუნდა, აქ ყველანი უკვე მონები ვიყავით, საბჭოთა სინამდვილე ბატონობდა,“ - იხსენებდა რეჟისორი.

თავდაპირველად კონსერვატორიაში კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით სწავლობდა. შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წელი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.1961 წელს საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა. მისი პედაგოგები იყვნენ ალექსანდრე დოვჟენკო და მიხეილ ჭიაურელი.

სწავლის პარალელურად, კინოსტუდია "ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა, მერე მემონტაჟედ, დოკუმენტური ფილმების რეჟისორად. 1961 წლიდან სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი გახდა.

  • კინო

"მთავარია, რომ მოასწრო და დაარტყა იქ, სადაც საჭირო ხარ, დანარჩენი იცხოვრე, როგორც გინდა,“ - ამბობდა რეჟისორი და "არტყამდა“ იქ, სადაც საჭირო იყო. საბჭოთა ცენზურისთვის ამიტომაც აღმოჩნდა მიუღებელი. რეალობა, რასაც თავის კინოში აჩვენებდა, საბჭოთა იდეოლოგიაში არ ჯდებოდა.

მის ბიოგრაფიაში არის ეპიზოდი, როცა პაუზა აიღო - მეთევზეთა გემზე და რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ამას მოჰყვა დოკუმენტური ფილმი "თუჯი,“ რომელშიც მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე აღწერა.

ამ ნამუშევრებში გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ცხადი გახდა მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში "გიორგობისთვე". ამ კინოსურათმა სადებიუტო ნამუშევრისთვის კანის კინოფესტივალზე ფიპრესისა და ჟორჟ სადულის პრემიები დაიმსახურა.

მაყურებლისთვის არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მისი მორიგი ფილმი "იყო შაშვი მგალობელი,“ რასაც "პასტორალი“ მოჰყვა. რეჟისორმა ამ ფილმისთვის ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.

კადრები ფილმიდან "იყო შაშვი მგალობელი" - გადაღების პროცესი

  • "გიორგობისთვე“

"გიორგობისთვე“ რომ აკრძალეს, მიზეზი ის იყო, რომ ასეთ ფილმებს მაშინ არ იღებდნენ... შევარდნაძემ მითხრა, კინო დადებით გმირზე გადაიღეო. არადა, ფილმის გმირი, საცოდავი ბიჭი, იბრძოდა იმისთვის, ღვინო წესიერად ყოფილიყო გაკეთებული. თუ დადებით გმირზე გინდათ, მთელი ეს საშინელება, რაც გარშემოა, უნდა ვაჩვენო და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს ერთი დადებითი გმირი. წარმოგიდენიათ, რას ვაჩვენებ-თქო?!. არა, არ გვინდა. საფრანგეთში წადიო", - ჰყვებოდა ოთარ იოსელიანი.

კადრი ფილმიდან "გიორგობისთვე"

"გიორგობისთვეს“ ანტისაბჭოთა ფილმი უწოდეს, იქვე გაისმა შეფასება - ანტიქართულიც. რომ ის აბუჩად იგდებდა ქართულ ტრადიციებს, მეღვინეობასა და მთლიანად სოფლის მეურნეობას. ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, გამოშვებიდან მცირე ხანში,1967 წლის პირველივე თვეს, სამ მთავარ გაზეთში - "სოფლის ცხოვრება", "თბილისი", "კომუნისტი" - გამანადგურებელი სტატიები დაიბეჭდა.

"გიორგობისთვე"

ფილმს უწუნებდნენ მხატვრულ დონეს, დრამატურგიულ გადაწყვეტას, მსახიობების შერჩევას, იწუნებდნენ პერსონაჟების დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, პროლოგს და ეპილოგს, მიუღებელ სიმბოლიკას. ყველა მხრიდან შეუტიეს. აკრძალეს მისი ჩვენება კინოთეატრებში. კინოგაქირავებიდან მოხსნაზე მეტსაც ითხოვდნენ: "გიორგობისთვე" უნდა დაიწვას, რომ კვალი არ დარჩეს"...

კრიტიკოსი და პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე ფილმის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისა და წერილების შესახებ წერდა:

"ცენტრალურ კომიტეტში წერილებს გზავნიდნენ კოლექტიურად და ინდივიდუალურად... ფილმის თითოეული კადრი უხამსობა, დამცირება და აგდებაა ქართველი ერისა“.

  • ემიგრაცია

1984 წლიდან რეჟისორი, საბჭოთა ცენზურასთან პრობლემის გამო საბოლოოდ ემიგრაციაში წავიდა, სადაც აქტიური საქმიანობა განაგრძო. გადაიღო დოკუმენტური და მცირემეტრაჟიანი ფილმები. "მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც - "და იყო სინათლე“ და "ყაჩაღები. თავი VII“ (1996).

1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი "In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარადგინეს რეჟისორის ახალი ფილმი "შანტრაპა“.

ოთარ იოსელიანი ფედერიკო ფელინთან ერთად

  • ისევ კინოსა და საქმეზე

"კინოს აქვს გრამატიკა, სინტაქსი, წყობა. მთავარია რაზე მეტყველებ და როგორ, ანუ რას იღებ და როგორ... არსებობს საოცარი ფენომენი - ცხოვრება, რომელიც გატენილია სიმართლით და ამავე დროს ტყუილით. ამაზე ვიღებთ ფილმებს და გვიხარია, რომ ვინც გამგებია, ესმის.

საქართველოში სამკურნალო სიმღერები არსებობს, მაგალითად "ბატონები“. სიკვდილისგან ვერ გადაარჩენს, მაგრამ ავადმყოფს აწყნარებს. ამიტომ მოდიოდნენ ავადმყოფთან მგალობლები და უმღეროდნენ. ჩვენი ხელობაც დაახლოებით ეგეთია. თუ იმავეს ფიქრობთ, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფილმი არის მკურნალი. ჩვენ ერთმანეთის გვესმის და ერთნაირ ტალღაზე ვართ...

მსახიობი არის "პირუტყვი“, რომელიც გაწუხებს და გჭამს, ამიტომ ისე უნდა მოექცე, რომ "პირუტყვიდან“ ადამიანი გახდეს. ამაშია საკითხის მთელი არსი. მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს როგორ იღებ და რისთვის...

ნებისმიერ ხელობაშია მატყუარა, მლიქვნელი, რომელიც ყურადღების ღირსი არ არის. ეგრეა ჩვენს საქმეში, ზოგიერთი ტყუის,“ - ეს ოთარ იოსელიანის იმ საუბრის ამონარიდია, რომელიც ბათუმში გამართულ მასტერკლასზე დამსწრე საზოგადოებასთან შედგა.

რეჟისორისთვის მთავარი გულწრფელობა იყო, მისთვის ასევე გაუგებარი იყო, რატომ მიდიან რეჟისორები პოლიტიკაში. "პოლიტიკაში ხომ აუცილებელი პირობა ტყუილია?! ჩვენს ხელობაში კი ასეთი რამ მისასალმებელი არ არის", - ამბობდა რეჟისორი.

კადრი ფილმიდან "პასტორალი"

ის კრიტიკულად აფასებდა ყველა მთავრობას და აზრის გამოთქმას არ ერიდებოდა.

ოთარ იოსელიანის სახელი და საქართველო ვენეციის, კანის და ბერლინის კინოფესტივალებზე მსოფლიო კინოშედევრების გვერდით დასახელდა. ლოკარნოს 66-ე კინოფესტივალზე ოთარ იოსელიანს "ოქროს ლეოპარდი“ გადასცეს.

2 წლის წინ რეჟისორმა აღდგენილი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ეროვნული არქივის კინოფონდს უსახსოვრა. მისი ფილმების სკანირება და რესტავრაცია საფრანგეთში მოხდა.

P.S. Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოთარ იოსელიანის ოჯახს, ქართულ კინოს და მის მოყვარულებს.