ავტორი:

"ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ძაღლს ბავშვი პირიდან" - რას ჰყვება პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ლაზარეს მამა

"ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ძაღლს ბავშვი პირიდან" - რას ჰყვება პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ლაზარეს მამა

გურიაში, პიტბულის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც ლაზარეს მამა, რეზო ნაკაშიძე ამბობს, ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია იანვარში, საშობაო არდადეგების შემდეგ ჩაუტარდება. ამჟამად, ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლაზარეს მამა AMBEBI.GE-სთან მომხდარს დეტალურად იხსენებს:

"ჩემი უფროსი შვილი საბავშვო ბაღიდან დაბრუნდა, როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, იმწამსვე უკბინა ფეხის არეში. ძაღლიც აღარ ჩანდა, თვალს მოეფარა. ჩვენც მთელი ყურადღება უფროსი შვილისკენ გვქონდა მიმართული, კლინიკაში გადავიყვანეთ აცრის გასაკეთებლად. უმცროსი ბავშვი კი შინ დავტოვეთ, ოჯახის წევრებთან ერთად. რამდენიმე წამში ძაღლი უკან მობრუნდა და ლაზარე თავის არეში დაკბინა. ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ძაღლს ბავშვი პირიდან და მოიყვანა საავადმყოფოში. ბავშვს თავზე კანის 80% აღარ ჰქონდა, ამ ეტაპზე ბავშვი კონტაქტურია, დაეხურა სკალპის 80%, რომელიც აიღეს ზურგის მხრიდან, დარჩენილია მცირედი ნაწილი თავის ქალის არეში, კიდევ ერთი ოპერაცია შობის შემდეგ ჩატარდება".

2 წლის ლაზარეს ოჯახი, მედიასაშუალებებს მოუწოდებს, არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"გუშინ, თითქმის 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობა ოპერაცია. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია დასრულდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლი არის მეზობლის, ესეც არასწორია. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არის ძაღლის პატრონი და ვინ გამოუშვა ქუჩაში. ძაღლი ამ ეტაპზე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ველოდებით 10 დღის გასვლას", - ამბობს ლაზარეს მამა.

რეზო ნაკაშიძე ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი შვილის გადასარჩენად თუნდაც 1 ლარი გაიღო, მადლობას უხდის.

"გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც მცირედი გაიღო, საკუთარ ოჯახებს მოაკლეს და ჩვენ დაგვიდგნენ გვერდით. მადლობა ყველას, ვინც გულწრფელად ჩაერთო ამ ტრაგიკულ ამბავში.

ამ ეტაპზე ყველა საჭირო ოპერაცია ფინანსდება და საზოგადოების დახმარება აღარ არის საჭირო. ის თანხა კი, რაც შეგროვდა, ლაზარეს რეაბილიტაციას მოხმარდება, დარჩენილ ფინანსებს კი იმ ადამიანებს გადავურიცხავთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება,“ - ამბობს ლაზარეს მამა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: თიკო გურაშვილი