ავტორი:

"აშკარა იყო, რომ ის ძალიან დაიღალა" - ზელენსკის პრესკონფერენციის გზავნილები: აპირებს თუ არა ზალუჟნის შეცვლას, იგეგმება თუ არა ქალების მობილიზაცია უკრაინაში და ა.შ.

"აშკარა იყო, რომ ის ძალიან დაიღალა" - ზელენსკის პრესკონფერენციის გზავნილები: აპირებს თუ არა ზალუჟნის შეცვლას, იგეგმება თუ არა ქალების მობილიზაცია უკრაინაში და ა.შ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წლის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, შესაძლოა, ქვეყნაში მობილიზაციის მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა "ერთ გამარჯვებასაც“ კი ვერ მიაღწია ომში. ის არ უშვებს, რომ უკრაინა წაგების საფრთხის წინაშეა.

პრესკონფერენციის დროს, პრეზიდენტს არ სურდა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბარი, არც სამხედრო სარდლობასთან ურთიერთობაზე. უჭირდა გაღიზიანების დამალვა და რამდენჯერმე აიცილა პირდაპირი პასუხი კითხვაზე, აპირებდა თუ არა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ჟალუზინის გადაყენებას.

ზელენსკიმ პრესკონფერენცია მადლიერებით დაიწყო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტზე მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს გამოუცხადა.

BBC-ის კორესპონდენტის ჯესიკა პარკერის კითხვაზე, იყო თუ არა საფრთხე, რომ უკრაინა ომში წაგებას იწყებდა, მან კატეგორიულად უპასუხა: "არა!“

”ომი, გამარჯვება, სტაგნაცია - დამოკიდებულია ბევრ გადაწყვეტილებაზე, ბევრ მიმართულებაზე, მაგრამ ძირითადად თქვენზე და ჩემზე. თუ გამძლეობას არ დავკარგავთ, ომს უფრო ადრე დავასრულებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • მობილიზაციის საკითხი

ზელენსკის თქმით, სამხედროებმა სთხოვეს 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება, მაგრამ მან შესთავაზა, გეგმა ისე დასახონ, რომ გაითვალისწინონ იმ პირთა დემობილიზაციაც, ვინც ორი წელია ფრონტის ხაზზეა.

”ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ჩვენი ყველაზე მამაცი ხალხი”, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ასეთი რაოდენობის ხალხის მობილიზება დაჯდება დაახლოებით 500 მილიარდი გრივნა (დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი).

კითხვაზე, შეძლებს თუ არა მობილიზაციის შესახებ კანონს მოაწეროს ხელი, თუ ის ითვალისწინებს ქალების სამხედრო სამსახურში ჩართვას, ზელენსკიმ უპასუხა: "არა.“

მან თქვა, რომ მზად არის დაამტკიცოს მობილიზაციის კანონი, რომელიც მოიცავს მოსახლეობის სხვა კატეგორიის მობილიზებას, მათ შორის 25 წელს გადაცილებული პირების, მაგრამ გარკვეული პირობებით. ახლა უკრაინაში 27 წლიდან ხდება მობილიზაცია.

  • "ნატოში ნაწილობრივი გაწევრიანება სისულელეა"

ადგილობრივმა ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, შეეძლო თუ არა უკრაინას ნატოში ნაწილობრივი გაწევრიანება. ეს გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც გავრცელდება ქვეყნის მხოლოდ იმ რეგიონებზე, რომლებიც რუსეთის მიერ არ არის ოკუპირებული.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში ჯერ არ არის მიწვეული, თუმცა ეს ქვეყნისთვის "ყველაზე კარგი ვარიანტია“.

"ჩვენ არ ვართ მიწვეული ნატოში. და ნაწილობრივი წევრობის გზავნილები სისულელეა, მართალი გითხრათ. მსგავსი შეთავაზება არცერთი პარტნიორისგან არ მიგვიღია“, - ამბობს ზელენსკი.

  • გაათავისუფლებს თუ არა ზელენსკი ზალუჟნის?

ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთმა ჟურნალისტურმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია ზელენსკისა და ზალუჟნის შორის სერიოზული კონფლიქტის არსებობაზე.

დასავლური მედიის თანახმად, პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გაღიზიანებულია ზალუჟნის პოპულარობითა და ნოემბერში მიცემული ინტერვიუთი, რომელშიც ზალუჟნი ფრონტზე არსებულ ჩიხსა და სანგრების ომზე გადასვლაზე საუბრობდა.

პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, შეეძლო თუ არა უკრაინას სამხედრო კამპანიის სტრატეგიის შეცვლა ზაფხულის კონტრშეტევის წარუმატებელი შედეგების შემდეგ და აპირებდა თუ არა სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლას.

"ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, სტრატეგია არ შეიცვლება - ეს ჩვენი ტერიტორიაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს "ჩვენი ქმედებების გაანალიზების შემდეგ 2023 წელს".

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის Suspilne-ის კორესპონდენტმა პირდაპირ ჰკითხა ზელენსკის, იგეგმებოდა თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება.

"რატომ განვავითაროთ ეს თემა? ზალუჟნისთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა. ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ბრძოლის ველზე არსებულ შედეგზე, როგორც მთავარსარდალი გენერალურ შტაბთან ერთად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • როგორი ზელენსკი ვნახეთ პრესკონფერენციაზე?

სვიატოსლავ ხომენკო, BBC-ის კორესპონდენტი კიევში:

"ის იყო ჩვენი ძველი მეგობარი ზელენსკი. აშკრაა, რომ მას ურჩევნია ისაუბროს ისეთ თემებზე, რაც შეეხება საერთაშორისო დღის წესრიგს, მის კონტაქტებს მსოფლიო ლიდერებთან და არა შიდა პრობლემებზე.

როდესაც ეკითხებოდნენ შიდა პრობლემებზე, ის ჩვეულებრივ პასუხობდა, რომ არ ჰქონდა საკმარისი დრო ამის მონიტორინგისთვის და რომ მისი საქმეა იყოს ლიდერი - წარმოადგინოს უკრაინა მსოფლიო ასპარეზზე, აწარმოოს ომი.

ზელენსკი გულწრფელად წუხდა, რომ თუ დონალდ ტრამპი მოიგებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს, ამან შეიძლება შეცვალოს სიტუაცია უკრაინის ფრონტზე უარესობისკენ.

სხვა შემთხვევაში, ეს მაინც იგივე ზელენსკი იყო, რომელიც ცდილობდა ხუმრობას ჟურნალისტებთან.

და მაინც, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, აშკარა იყო, რომ ის ძალიან დაიღალა".

წაიკითხეთ ასევე: