ავტორი:

"ხილ-ბოსტნის მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს..." - რა ინფორმაცია ვრცელდება მოზარდზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

"ხილ-ბოსტნის მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს..." - რა ინფორმაცია ვრცელდება მოზარდზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან, ძაღლმა გაკაწრა, მშობლებმა, დიდი ალბათობით, მაშინვე აცრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გალფის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე წერს.

"მაღალი საზოგადო ინტერესის გამო შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ის, რისი გარკვევაც ამ ეტაპზე შევძელით.

ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს აგს "კოსმონავტის" მენეჯერად, ასეთ ინფორმაციას ფლობს:

"გალფის" მიმდებარედ, დაახლოებით 200-300 მეტრში, არის ხილ-ბოსტნის მაღაზია. ამ მაღაზიის მახლობლად ცხოვრობდა მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც მეპატრონეები კარგად იცნობდნენ და უვლიდნენ.

დაახლოებით 14-16 დღის წინ ამ ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. როგორც ხილ-ბოსტნის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს. მას მერე კიდევ მივიდნენ მშობლები ხილ-ბოსტნის მაღაზიაში და კითხულობდნენ ძაღლის ამბავს. 4 დღის წინ ძაღლი ხილ-ბოსტნის მეპატრონემ იპოვა მკვდარი და გადაწყვიტა ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის დასკვნით, ძაღლს დაუდგინდა ცოფი. მას მერე ხილ-ბოსტნის მეპატრონე ვერ დაუკავშირდა ბავშვის ოჯახს და ახლაც ეძებს მათ.

სულ ეს არის ჯერ, რაც გავარკვიეთ. ყველა სიახლეს მოგაწვდით, რასაც გავიგებთ.

ყველა ძალას ვხმარობთ, დავადგინოთ ოჯახის ვინაობა. სამწუხაროდ, "გალფის" კამერები იმდენად შორს არის მომხდარი ადგილისგან, რომ ჩვენი კამერები ვერ წვდება ხილ-ბოსტნის მიმდებარე ტერიტორიას", - წერს ნინო ჯიბლაძე.

იმის მიუხედავად, რომ არსებობს სავარაუდო ინფორმაცია მოზარდის აცრასთან დაკავშირებით, მისი პოვნა სახელმწიფო უწყებებს დაეხმარება იმის გარკვევაში, ჩაუტარდა თუ არა ბავშვს აცრის სრული კურსი.

საქართველოში 2023 წელს ცოფის ათობით შემთხვევა დაფიქსირდა და სტატისტიკა ბევრად აღემატება 2022 წლის მონაცემებს.

ყოველწლიურად ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა ძაღლებში ვლინდება, თუმცა შემთხვევები აღრიცხულია როგორც კატებში, ასევე სხვა შინაურ და გარეულ ცხოველებში.

ბოლო მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ცოფი 45 ცხოველს დაუდგინდა მაშინ, როცა 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში ცოფის 31 შემთხვევა იყო აღრიცხული.

2023 წლის პირველ პერიოდში ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღირიცხა (17). მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი იკავებს, სადაც ცოფით 14 ცხოველი დაიღუპა, იმერეთში 11 შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში, კახეთსა და სამცხე- ჯავახეთში — თითო-თითო.