ავტორი:

"ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ამიტომ საზეიმოდ გამოვეწყვე..." - მიხეილ სააკაშვილი

"ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ამიტომ საზეიმოდ გამოვეწყვე..." - მიხეილ სააკაშვილი

"მეგობრებო, წინ გვაქვს ახალი წელი, შობა. ხვალ ჩემი დაბადების დღეც არის, საზეიმოდ გამოვეწყვე“ - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას. მისი თქმით, გარანტიას იძლევა, რომ ხელისუფლების შეცვლიდან ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

მიხეილ სააკაშვილი:

"მეგობრებო, წინ გვაქვს ახალი წელი და შობა. სხვათა შორის, ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ამიტომ საზეიმოდ გამოვეწყე. მაგრამ საზეიმოდ გამოვეწყვე ძირითადად იმის გამო, რომ მივიღეთ ევროკავშირის სტატუსი. საქართველოში ხალხმა ამჯერადაც გაიმარჯვა.

როდესაც ევროპის დროშა აღვმართე, ყველა დამცინოდა, ვამბობდი, რომ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქმნელი ვიყავი, ამან დაუდო საფუძველი ასოცირების ხელშეკრულებას, რომელსაც ჩემი პრეზიდენტობის დასრულებისას ერთ თვეში მოეწერა ხელი. ვამბობდი, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა. მე ვამბობდი, რომ კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა და მივიღეთ.

მე ვამბობ, რომ ვიქნებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ იქამდე უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში ქართველმა ხალხმა. ერთი კაცის ვერ იქნება ეს ქვეყანა. დაიწყება სწრაფი სვლა ევროპისკენ, არ მივცემთ საშუალებას, ვინმემ ამ გზიდან გადაგვიყვანოს.

ეს იქნება ახალი ეპოქა, იქამდე ეს საცობი უნდა მოვიშოროთ, ევროკავშირის გზაზე დაცობილი. უნდა გავიდეთ ავტობანზე და ამით შევიდეთ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ხელისუფლების შეცვლიდან ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. მე არასდროს არაფერში მომიტყუებიხართ და არ გამიცრუებია თქვენი იმედი. მათ შორის ისიც გავაკეთე, რომ ჩემი სიცოცხლე გავრისკე, რადგან უზომოდ მიყვარდა და მიყვარს საქართველო, ჩემი ხალხი. ჩამოვედი ჩემი ხალხის დასახმარებლად, რამდენჯერმე, პრაქტიკულად, ამ მოგზაურობის დროს იყო პირდაპირი ფიზიკური მოსპობის საფრთხეც, მაგრამ მაინც ჩამოვედი, რადგან ეს იყო თქვენდამი ჩემი დაპირება, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც ჩამოვალ და მაინც თქვენ გვერდზე ვიქნები - მეთქი. ახლა ჩემი დაპირებაა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ არჩევნებზე, ძალიან ფართო კოალიციით, ძალიან ფართო ფრონტით და აუცილებლად ერთად შევალთ ევროკავშირში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ასევე: