ავტორი:

"თავს დავესხმებით ყველა იმ გემს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით, ისრაელში მიემართებიან" - ვინ არიან ჰუსიტები და რატომ უტევენ სავაჭრო გემებს?

"თავს დავესხმებით ყველა იმ გემს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით, ისრაელში მიემართებიან" - ვინ არიან ჰუსიტები და რატომ უტევენ სავაჭრო გემებს?

ამბოხებული ჰუსიტები, რომლებიც იემენის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ ყველა იმ გემს დაესხმებიან თავს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით, ისრაელში მიემართებიან.

ნოემბერში ჰუსიტებმა წითელ ზღვაში მყოფი ის გემი მიიტაცეს, რომელიც ისრაელს ეკუთვნოდა. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მათ რამდენიმე კომერციულ გემს რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.

  • როგორ შეუტიეს ჰუსიტებმა ისრაელის ობიექტებს?

19 ოქტომბერს, როდესაც ისრაელს ღაზას წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია უკვე დაწყებული ჰქონდა, ჰუსიტებმა რამდენიმე რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის წინააღმდეგ გაუშვეს.

აშშ-მა განაცხადა, რომ მათმა სამხედრო გემებმა წითელ ზღვაში რამდენიმე რაკეტა გადაიტაცეს. ნაწილი უშუალოდ ზღვაში, ხოლო მცირე ნაწილი ეგვიპტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

2023 წლის ნოემბერში ჰუსიტებმა, მათივე თქმით, ისრაელური სატვირთო გემი შტურმით აიღეს და იემენის სანაპიროებისკენ გაიყვანეს. ისრაელმა მაშინ განაცხადა, რომ გემი მათ არ ეკუთვნოდათ, ხოლო ეკიპაჟის წევრებს შორის ებრაელები არ იყვნენ, თუმცა დაუდასტურებელი მონაცემებით, ხომალდს, შესაძლოა, ებრაელი მფლობელი ჰყოლოდა.

3 დეკემბერს ჰუსიტებმა წითელ ზღვაში რამდენიმე კომერციულ გემს დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით შეუტიეს, რომლებიც მათ მიერ იემენის იმ ტერიტორიიდან გაუშვეს, რომელსაც თვითონ აკონტროლებენ. ამერიკულმა, ბრიტანულმა და ფრანგულმა სამხედრო ფლოტმა ამ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიტაცა, თუმცა რამდენიმე გემი დაზიანდა.

მსოფლიოში უმსხვილესმა სახომალდო კომპანიამ Mediterranean Shipping Company-მ განაცხადა, რომ გემებს წითელი ზღვის შემოვლით გაგზავნის. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ასევე ფრანგულმა CMA CGM-მა, დანიურმა Maersk-მა, გერმანულმა Hapag-Lloyd-მა და ნავთობ-კომპანიამ BP-მა.

ამერიკულმა სამხედრო უწყებამ Centcom-მა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს, განაცხადა: "ამ შეტევებს იემენელი ჰუსიტები ახორციელებენ, თუმცა ირანისგან მხარდაჭერილია“.

აშშ-მა მოკავშირეებს შესთავაზა, რომ საზღვაო-სამხედრო ოპერატიული ჯგუფი შექმნან, რათა ჰუსიტების შემდეგი შეტევებისგან სავაჭრო მიმოსვლის დაცვა შეძლონ. შტატები ასევე განიხილავს იმასაც, რომ ჰუსიტები ტერორისტულ დაჯგუფებას მიაკუთვნონ.

  • ვინ არიან ჰუსიტები და რის მიღწევას ცდილობენ?

ჰუსიტები შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც იემენის შიიტების უმცირესობას - ზეიდიტებს წარმოადგენენ. დაჯგუფება 90-იანებში შეიქმნა, რომ მაშინდელი პრეზიდენტის ალი აბდალ სალეჰის კორუმპირებული (მათივე წარმოდგენით) რეჟიმის წინააღმდეგ ებრძოლათ. ისინი თავს "ანსარ ალაჰს“, ანუ "ღვთის პარტიზანებს“ უწოდებენ.

2003 წელს აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ, მათ ახალი ლოზუნგი შემოიღეს: "ალაჰი დიდებულია. სიკვდილი ამერიკას. სიკვდილი ისრაელს. წყევლა იუდეველებსა და გამარჯვება ისლამს“.

ისინი თავის მოძრაობას, "ჰამასთან" და "ჰეზბოლასთან“ ერთად, ისრაელის, აშშ-ისა და მთელი დასავლეთის "წინააღმდეგობის ღერძის“ ნაწილად თვლიან.

ეს ხსნის იმასაც თუ რატომ უტევენ ჰუსიტები ისრაელის გემებს სპარსეთის ყურეში.

"ახლა ისინი ნამდვილად იბრძვიან იმპერიალისტების წინააღმდეგ, ისინი ებრძვიან ისლამის მტრებს", - ამბობს ჰიშამ ალ-ომეისი, ევროპის ინსტიტუტის ექპსერტი იემენის მიმართულებით.

  • როგორ დაიპყრეს ჰუსიტებმა იემენის დიდი ნაწილი?

ჰუსიტებმა იემენში პოლიტიკური ძალა 2014 წლის ამბოხის შემდეგ მოიკრიბეს, როდესაც ალი აბდალ სალეჰის შემცვლელს, აბდრაბ მანსურ ჰადის აუჯანყდნენ. ისინი ყოფილ მოწინააღმდეგე სალეჰთან დაზავდნენ და მიზნად დაისახეს, რომ ის ხელისუფლებაში დაებრუნებინათ.

ჰუსიტებმა ჩრდილოეთ იემენის საადის პროვინციაზე კონტროლი დაამყარეს, 2015 წელს კი ქვეყნის დედაქალაქი სანა აიღეს და პრეზიდენტ ჰაჯის ქვეყნიდან გაქცევა აიძულეს. მეზობელმა საუდის არაბეთმა სამხედრო ინტერვენცია სცადა, თუმცა ჰუსიტებმა ისინი მოიგერიეს და იემენის დიდ ნაწილს ისინი აკონტროლებენ.

  • ვინ უჭერს მხარს ჰუსიტებს?

ჰუსიტებმა განვითარების მაგალითად ლიბანური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლა“ აიღეს. ამერიკის "ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის“ მონაცემებით, 2014 წლიდან ჰუსიტების გადამზადებაში "ჰეზბოლა“ მონაწილეობს, რომლებსაც მდიდარი საომარი გამოცდილება აქვთ.

ჰუსიტები თავის მოკავშირედ ირანსაც თვლიან, რადგან საუდის არაბეთი მათი საერთო მტერია. არსებობს ეჭვი, რომ ჰუსიტებს იარაღს თეირანი აწვდის. აშშ და საუდის არაბეთი ამტკიცებენ, რომ ირანმა მათ ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რომლითაც ჰუსიტებს 2017 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქის ერ-რიადის დაბომბვა სცადეს, თუმცა სარაკეტო იერიში არაბებმა მოიგერიეს.

ასევე, საუდის არაბეთი ირანს ადანაშაულებს ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაში, რომლებიც ჰუსიტებმა 2019 წელს საუდის არაბეთის ნავთობ-ობიექტებზე იერიშის მისატანად გამოიყენეს. ირანი ყველა ბრალდებას უარყოფს.

  • რამდენად ძლიერები არიან ჰუსიტები და რა ტერიტორიას აკონტროლებენ?

ქვეყნის ოფიციალური მთავრობა - საპრეზიდენტო საბჭოა, რომელსაც ძალაუფლება 2022 წლის აპრილში პრეზიდენტმა აბდრაბბ მანსურ ჰადიმ გადასცა.

თუმცა იემენის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ რაიონებში ცხოვრობს, რომლებსაც ჰუსიტები აკონტროლებენ. ამბოხებულები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გადასახადებს კრეფენ, ასევე ბეჭდავენ ფულს.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ექსპერტის, აჰმედ ალ-ბაჰრის მტკიცებით, 2010 წელს ჰუსიტებს 100 000-დან 120 000 მხარდამჭერი ჰყავდა, მათი ნაწილი სამხედრო ფორმირებებში იყვნენ.

გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 1500 ბავშვი, რომლებიც ჰუსიტებმა გადაიბირეს, 2020 წლის საბრძოლო მოქმედებებს შეეწირნენ. ჰუსიტები წითელი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, საიდანაც ახორციელებენ იერიშებს საზღვაო ხომალდებზე.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე: