ავტორი:

"...მომაძახეს საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო და შეასრულეს კიდეც" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა?

"...მომაძახეს საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო და შეასრულეს კიდეც" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა?

"ცეროდენა რაინდები", ფილმის რეჟისორები არიან ნელი ნეროვა და გენო წულაია... ფილმი დოდო ჩოგოვაძის მონაწილეობით საკავშირო კინოეკრანზე გამოსვლისას 5,4 მილიონმა მაყურებელმა ნახა... დოდო ჩოგოვაძე 1960-იანი წლების საბჭოთა კინოფანტასტიკის ქართველი მშვენებაა. ის პირველად 1963 წელს, "ცეროდენა რაინდებში" გამოჩნდა, მოგვიანებით კი, მსახიობის სილამაზემ და არტისტულობამ რუსი რეჟისორებიც მოხიბლა.

დოდო ჩოგოვაძის კარიერის ძირითადი აღმავლობის წლები კინოში 1963-1981 წლებში ჰქონდა, ფილმების ძირითადი ჟანრი კი ომის თემატიკა, ფენთეზი და მელოდრამაა... "ალადინის ჯადოსნური სამყარო ", - ასე ჰქვია რეჟისორ ბორის რიცარევის სახელგანთქმულ ნამუშევარს, რომელშიც დოდო ჩოგოვაძემ ერთ-ერთი მთავარი, "პრინცესა ბუდურის" როლი ითამაშა. დოდო ჩოგოვაძე თავის დღევანდელ მოღვაწეობასა და შთამბეჭდავ წარსულზე თავად გვესაუბრება..

- ქალბატონო დოდო, დღევანდელი გადასახედიდან როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?

- მახსენდება ნამდვილი თბილისი, სოლოლაკი... კოლმეურნეობის მოედანზე დავდიოდით, იქ ცნობილი ბაზარი იყო. ჩემი პატარა კალათა მქონდა, ყველაფერს იქ ვყიდულობდით... ასე სიარულით მომიხდა ხუთი წლის ასაკში ფილმში "მანანა“ გადაღება. ძალიან კარგად მახსენდება გადაღებები... არაჩვეულებრივი მედეა ჩახავა, რომელიც იეზიდი მეეზოვეს როლს ბრწყინვალედ ასრულებდა. ყველა მსახიობი ძალიან კარგად მახსოვს, ვინც ამ ფილმში თამაშობდა.

- ლეგენდარული მსახიობები თამაშობდნენ, მათთან ხშირად გიწევდათ შეხვედრა?

- არა, მე ამ ლეგენდებთან შეხვედრა ნაკლებად მომიხდა, ასევე მანანას როლის შემსრულებელთან... პარტიზანის როლი მქონდა. ძალიან სასაცილო იყო, რადგან ეს პირველი როლი იყო, რომელზეც მთელი საქართველო ხარხარებდა. ბავშვია, რომელიც პირს აღებს, მას ბანტიც უკეთია და ულვაშიც. ბანტი იმიტომ, რომ ქუდი ჩამომივარდა და მერე ისე დავიხურე, ბანტი ისევ მიჩანდა. რეჟისორს იმდენად მოეწონა, ასე დატოვა და ბანტიანი, ქუდიანი, ულვაშიანი და თოფით ვჩანვარ...

- როგორც ახსენეთ, ამ ფილმში სრულიად შემთხვევით მოხვდით...

- დიახ, ქუჩაში მივდიოდით და იმ ეზოში შევიხედეთ, სადაც ამ ფილმს იღებდნენ. რეჟისორს რევერანსი გავუკეთე და მან დედაჩემს თხოვა, მოიყვანეთ, გადავიღებო... მართლაც მთელი ქვეყანა ჩემს გმირზე ხალისობდა, ოღონდ არავინ იცოდა, მე რომ ვიყავი. მერე როცა ჩემს მეგობრებს ვუთხარი, ყველა მათგანმა ფილმი მეორედ ნახა...

- შემდეგ თქვენ საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოიპოვეთ დიდი აღიარება... როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- ეს ყველაფერი ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან დაიწყო... საბჭოთა კავშირში ბალერინების ფილმში გადაღება ძალიან მოდაში იყო... თბილისში მოსკოვიდან ჯგუფი ჩამოვიდა და ამარჩიეს... მანამდე, ათი წლის ასაკში იყო - "ცეროდენა რაინდები", რომელშიც ფილმის, "მანანას" შემდეგ გადამიღეს... იქაც გადაღება შემთხვევით მოხდა. მე, პატარა გოგო და რეჟისორი - ნელი ნეროვა პოლიკლინიკაში შევხვდით ერთმანეთს... ბავშვები ყოველთვის ძალიან მიყვარდა, იქ ერთ ბავშვს გავეთამაშე, ამ დროს რეჟისორს ძალიან მოვეწონე და ფილმზე ამიყვანა... ფილმის გადაღებები შესანიშნავად მახსოვს. იქ გავიცანი ბელა მირიანაშვილი...

- ცნობილია, რომ ფილმში "ალადინის ჯადოსნური ლამპარი" 17 წლის ასაკში ითამაშეთ...

- არა, 14 წლის ვიყავი... მანამდე 13 წლის ასაკში გამსინჯა - რასტოვსკიმ, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი და ამიტომ ფილმზე დამტკიცება ვერ მოხდა. შემდეგ წელს როლზე დამამტკიცეს, რადგან დედაჩემმა ერთი წელი მომიმატა და 14 წლის ნაცვლად 15 წლის წარმადგინა...

"ალადინის ჯადოსნური ლამპარი"

- დედას სურდა, ხელოვნებას გაჰყოლოდით?

- დედა გამორჩეულად ყურადღებიანი იყო, თან გადამყვა... მამა სამსახურში არ უშვებდა, დედა დიასახლისი გახლდათ და სულ მე დამდევდა...

- პრინცესას როლმა უდიდესი პოპულარობა მოგიტანათ...

- საბჭოთა კავშირში ამ ფილმის ძალიან დიდი ბუმი იყო... მაშინ საბჭოეთში აღმოსავლურ ზღაპრებს ნაკლებად იღებდნენ. ზღაპრებს მხოლოდ კითხულობდნენ, არ დადგმულა და ამიტომაც აღმოსავლეთი ყოველთვის დიდი ინტერესი იყო. ეს პირველი იყო და ამიტომაც ძალიან პოპულარული იყო.

- გერმანიაში თქვენი ფოტო ღია ბარათებზე დაბეჭდეს, ალბათ ძალიან ბევრ ქვეყანას ეწვიეთ?

- არ იყო ასე... ფესტივალზე ვიყავი ლატვიაში, ესტონეთში... შემდეგ საფრანგეთში იყო ფესტივალზე ფილმი გატანილი, მაგრამ იქ მე ვერ წავედი, რადგან საზღვრები გახსნილი არ იყო. ყველაფერი ჩემს გარეშე იყო და ამიტომაც არსად მიმოგზაურია.

- ფილმების "მანანას", "ცეროდენა რაინდების" შემდეგ საქართველოში რა შემოთავაზებები გქონდათ?

- საქართველოში ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა. ეს იყო "დიდოსტატის მარჯვენა" შორენას როლი... სამწუხაროდ უარის თქმა მომიხდა, რადგან მოსკოვში მქონდა შემოთავაზება, ასე დაემთხვა. მოსკოვში უკვე ორი სცენარი იდგმებოდა, ჩემზე იყო დაწერილი. ვინაიდან როლზე დამტკიცებული ვიყავი, ასე ღალატი არ მინდოდა... თორემ, რა თქმა უნდა, ახლა შორენას როლს ავირჩევდი...

- ძალიან მოუხდებოდით...

- მეც ასე მგონია, რადგან ხასიათითაც შორენა ვარ... მთელი ცხოვრება გული მწყდება, ამ როლზე რომ უარი ვთქვი. რეჟისორმაც არ მაპატია, ასისტენტმა მომაძახა კიდეც, საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო. ძალიან ნაწყენები დარჩნენ და თავის მუქარა შეასრულეს კიდეც... თუმცა შემდეგ ასეთი ფილმები, გადაღებები აღარც გაგრძელებულა. საერთოდ აღარ იყო კინო საქართველოშიც და რუსეთშიც...

"ცაში ღამის ალქაჯები არიან"

- არაჩვეულებრივად გამოიყურებით, ყველა მერილ სტრიპს გადარებთ და არსად გაქვთ მიწვევები?

- დღეს ძირითადად რეკლამებში მიღებენ... ზოგჯერ სერიალებში მიღებენ, მაგრამ სერიოზულ ფილმში არ მქონია მიწვევა, თუმცა ჩანაფიქრი იყო.. გულწრფელად გითხრათ, არასერიოზულ ფილმებში გადაღება არც მსურს..

- არც რუსეთიდან ყოფილა შემოთავაზება?

- არა და არც მიკვირს... ვინმეს რომ გაახსენდე, ეკრანზე სულ უნდა ჩანდე. როდესაც ეკრანზე აღარ ხარ, მერე უკვე ნაკლებად მიგიწვევენ. ახლა ვთქვათ, თუ ბებიას როლზე სურთ ვინმე, მოსკოვში ბებიის როლის შემსრულებლის მეტი რა არის?!

- საქართველოში უიშვიათესია ქალი ქორეოგრაფი, თქვენ ძალიან დიდი ხანია ამ საქმეს ემსახურებით...

- ორი სპეციალობა მაქვს: მსახიობი და დიპლომირებული დამდგმელი ქორეოგრაფი ვარ. სპექტაკლებში დადგმები მქონდა...ინსტიტუტიდან პეტერბურგში ორი წლით ასპირანტურაში სასწავლებლად გამგზავნეს. თუმცა სულ საქართველოში ვიყავი, იქ ჩავდიოდი და გამოცდებს ვაბარებდი. სულ ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ... პედაგოგებით დავიწყოთ - გენიოსი ვახტანგ ჭაბუკიანი, გენიალური დოდო ალექსიძე, დიდი მიშა თუმანიშვილი, ბედნიერება მქონდა მის გვერდით ვმჯდარიყავი... შემდეგ პეტერბურგშიც ძალიან საინტერესო პედაგოგები მყავდა. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას, იქ დარჩენას მთავაზობდნენ. ასეთ პედაგოგებთან სწავლა ღმერთის დიდი წყალობაა... ყველა გამორჩეული იყო, მაგრამ ვახტანგ ჭაბუკიანზე წინ ვერავის ვერ ვაყენებ! დღეს დამდგმელი ქორეოგრაფი ძალიან ცოტაა... მე უფრო მეტად პროფესორ-მასწავლებელი ვარ. ანუ ვდგამ აუდიტორიაში და ბავშვებთან მუშაობის დროს... ისედაც დამიდგამს ქართულ ანსამბლებში - „სირტაკი“, სხვა ცეკვები, მაგრამ მოქმედი ქორეოგრაფი დღეს აღარ ვარ ასაკის გამო...

კინომცოდნე დავით ბუხრიკიძე

- არიან მსახიობები, რომლებიც კინოს ისტორიაში თითო-ოროლა საიმიჯო და დაუვიწყარი როლით რჩებიან. მათი ხატი, იმიჯი და გავლენა ზოგჯერ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იშვიათი ეკრანული გამონათებაც კი საკმარისია დასამახსოვრებლად. ერთ-ერთი ასეთია ულამაზესი მსახიობი დოდო ჩოგოვაძე, რომელიც საბჭოთა კინოში 1967 წელს გამოჩნდა. ბორის რიცარევის ცნობილ ფილმ-ზღაპარში „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ 14 წლის დამწყებმა მსახიობმა პრინცესა ბუდურის როლი შეასრულა. ამ როლმა დოდო ჩოგოვაძეს იმდენად დიდი პოპულარობა მოუტანა, რომ მისი ფოტო ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ გარეკანზე დაბეჭდეს, ხოლო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მისი სახე ღია ბარათებზეც კი გამოჩნდა. მოგვიანებით, 1974 წელს, რეჟისორებმა ნელი ნენოვამ და გენო წულაიამ გადაიღეს ფილმში „ცეროდენა რაინდები“ ახალგაზრდა მასწავლებლის როლში. რუსეთში 1980-იან წლებში კიდევ გამოჩნდა ფილმი „ცაში ღამის ალქაჯები არიან“ (რეჟისორი ევგენია ჟიგულენკო). ის ღამის მფრინავ-პილოტს თამაშობდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ფაშისტებს ებრძვის.