ავტორი:

"აღმომაჩნდა დაავადება, რომელსაც წამალი ვერ კურნავს, გავხდი სევდიანი... ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - პაატა გულიაშვილის შეცვლილი ცხოვრება

"აღმომაჩნდა დაავადება, რომელსაც წამალი ვერ კურნავს, გავხდი სევდიანი... ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - პაატა გულიაშვილის შეცვლილი ცხოვრება

მსახიობ პაატა გულიაშვილისთვის 2023 წელი წარმატებული იყო. ტელევიზიაში მისი შოუები რეიტინგების სათავიდან არ ჩამოდის. დიდი მიღწევა ჰქონდა სამსახიობო კუთხითაც. წლის საუკეთესო მამაკაცი გახდა და მიიღო აკაკი ხორავას სახელობის პრემია.

თუმცა იქამდე პაატამ განსაცდელი გამოიარა, რის გამოც ცხოვრების წესი შეიცვალა. ქეიფის მოყვარულ მსახიობს საყვარელ მწვადებზეც კი უარის თქმა მოუწია. მიზეზი კი სერიოზული დაავადებაა, რომელიც მას თურქეთის კლინიკაში დაუდგინდა. ახლა თავს კარგად გრძნობს, 20 კილოთი ნაკლებს იწონის და ენერგიითაც სავსეა.

- ჯანმრთელობის პრობლემები აღმომაჩნდა - შაქარი და სერიოზული დაავადებაც. თურქეთში მომიწია წასვლა იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზი დაესვათ. აღმომაჩნდა დივერკულიტი. ამ დაავადებას წამალი ვერ კურნავს. თუ გინდა, რომ კარგად იყო, ცხოვრების წესი უნდა შეცვალო. ამის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა მომიწია, გავხდი სევდიანი, ხანდახან რომ ვფიქრობ, ის ჩემი ბოჰემური ცხოვრება გარკვეულწილად ნიღაბი იყო.

- ბევრ მამაკაცს უჭირს ცხოვრების წესის შეცვლა, ექიმის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად. თქვენ რა დაგეხმარათ გადაწყვეტილების მიღებაში?

- ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ათი ექიმი მადგა თავზე და ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან ვერაო. სხვა გზა არ მქონდა, ექიმებს უნდა დავმორჩილებოდი. როგორც კი მივხვდი, რომ სწორი კვებით თავს უკეთ ვგრძნობდი, გავყევი ამ ყველაფერს.

ძალიან შემიყვარდა წყალი, დღეს უკვე 2 ლიტრ წყალს ვსვამ დღეში. სრულიად უარი ვთქვი ღორის ხორცზე, ვგიჟდები ისე მენატრება მწვადი, მაგრამ ამოვიღე მენიუდან, ასევე - გაზიანი სასმელები, ლუდი, რომელსაც ადრე 8 ლიტრამდე ვსვამდი, არაყი, ვისკი, კონიაკი... პური ასი პროცენტიდან 1 პროცენტამდე დავიყვანე. ვჭამ ძირითადად თეთრ ხორცს. ყველაზე მეტად გამიკვირდა, ხაშლამაც რომ ამიკრძალეს.

- ანუ საერთოდ აღარ ქეიფობთ?

- კი როგორ არა, ქეიფზეც დავდივარ, თამადაც ვარ ხოლმე, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ არ ვსვამ.

- გამოდის, 2 წლის წინ ახალი პაატა დაიბადა

- კი ნამდვილად. ამ ორ წელში 20 კილო დავიკელი, მაგრამ ვერც მივხვდი, ეს როგორ მოხდა. ჩემი შარვლები უკვე მსუქან ძმაკაცებს ჩამოვურიგე. ეს შაქარი მაინც მოქმედებს, ხანდახან ძილბურანში მამყოფებს, მაგრამ სხვა მხრივ, ენერგია მაქვს.

- ალბათ, ამ გარემოებების გამო ოჯახი მეტად დააფასეთ

- ვცდილობ, ყოველი თავისუფალი წუთი ოჯახთან გავატარო. მაგრამ არც ძმაკაცებს ვწყვეტ გულს, სამეგობროში ქეიფის ამტეხი კვლავ მე ვარ.

წყარო: ჟურნალი სარკე