ავტორი:

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ: რჩევები თამარ გაგოშიძისგან - "ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ამ პრობლემით"

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ: რჩევები თამარ გაგოშიძისგან - "ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ამ პრობლემით"

"რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს სწავლის პროცესში" - პრობლემაზე, რომელიც საქართველოში უამრავ მშობელს აწუხებს, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს.

  • მთავარი პრობლემა კვლავ გაჯეტებიდან მოდის, რომელსაც კონკურენციას ვერ უწევენ სასკოლო სახელმძღვანელოები და წიგნები.

"ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ბავშვები, ვისაც უჭირთ სწავლა. უცნაურია, ხომ? ძალიან ბევრი რამ კეთდება სკოლაში, მაგრამ ასეთი შემთხვევები ხშირია, როცა ბავშვები მოდიან, ვისაც უჭირთ წერა, კითხვა, მათემატიკა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვს ქართულად კითხვა უჭირს და ინგლისურად - არა. ეს კიდევ უცხო ფენომენია. სკოლა შენ გჭირდება იმიტომ, რომ მომავალი ცხოვრებისთვის მოემზადო და მომავალი ცხოვრება წერა-კითხვის გარეშე არ არსებობს.

როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი ყველა თანატოლი ამ რაღაცას (კითხვას) მარტივად აკეთებს და თავად ვერ აკეთებს, ხდება პიროვნების გაუფასურება. როცა ბავშვს უჭირს წერა-კითხვა, ამას ვეძახით დასწავლის უნარის დაქვეითებას. ყველას შეუძლია სწავლა, მაგრამ მიზანმიმართული დასწავლის პრობლემა შეიძლება ზოგიერთს ჰქონდეს. ასეთ ბავშვებს ინტელექტი მაღალი აქვს და როცა ხედავენ, რომ რაღაც ელემენტარულს ვერ აკეთებენ, ეს არის მათი გაუფასურების მაქსიმუმი.

ამერიკაში მოსწავლეების 20% -ს უჭირს დასწავლა. ეს არის კითხვა, წერა, მათემატიკა ოღონდ კითხვა არის ყველაზე მეტ პროცენტში პრობლემა. სხვათა შორის, საქართველოში ბოლო წლებში წამოიწია პრობლემამ, როცა ბავშვი უკეთ საუბრობს და კითხულობს ინგლისურად, ვიდრე - ქართულად. რატომ? ინგლისურ ენის მიმართ პოზიტიური განწყობაა. ბავშვს 6 წლიდან გაჯეტი უჭირავს, ყველაფერი შემოდის ინგლისურ ენაზე. განწყობა მოზრდილებისაც არის ისეთი, რომ ეს ჩვენი ენა რეალურად არაფერში გჭირდება და 3 წლიდან ბავშვებს ასწავლიან ინგლისურ ენას.

რატომ არის ეს ცუდი? - ჩვენი ნერვული სისტემა არის კონსერვატიული. ის ისე სწრაფად არ იცვლება, როგორც ჩვენი გარემო. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მარცხენა ჰემისფერო არის ენის ჰემისფერო, ანუ ბავშვის მარცხენა ჰემისფეროს განვითარებას მიჰყვება ენის განვითარება. ეს ხდება სამ წლამდე. მარჯვენა ჰემისფერო არ არის ენის ჰემისფერო. ის არის არავერბალური და არასიტყვიერი ჰემისფერო. მაგრამ ჩვენი ნერვიული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ორივე ჰემისფერო მონაწილეობს ენის განვითარებაში.

მაგალითად, ჩვენ უცხო ენაზე საუბარს მარჯვენა ჰემისფეროთი ვეუფლებით და საკუთარზე - მარცხენათი. კითხვასაც ასე ვეუფლებით. ახლა რაშია პრობლემა - მე რომ 6 თვიდან ვუყურებ გაჯეტებს, რომელიც ბევრად უფრო ბრჭყვიალაა, ამ დროს ჩემი მარჯვენა ჰემისფერო ვითარდება... იმისთვის, რომ მარცხენა ჰემისფერო (ენის განვითარება) განვითარდეს, საჭიროა ცოცხალი ენა, ოჯახში და სკოლაში მოსმენილი და გაგონილის ათვისება. შედეგად რა გვაქვს? - მარცხენა ჰემისფერო კარგად ვერ ვითარდება. ჩვენ ვეძახით ენის იმიტაციას, როცა მარჯვენა ჰემისფეროთი იწყებს ბავშვი ენის განვითარებას. რა ხდება ამ დროს? იმის გამო, რომ მარცხენა ჰემისფერო კარგად ვერ ვითარდება, დგება ეს პრობლემა - არ ესმით წაკითხულის გააზრება.

ერთ მხარეს გვაქვს მრავალფეროვანი სამყარო, გაჯეტების სახით და მეორე მხარეს სახელმძღვანელოები, რომელსაც სკოლებში ვასწავლით. ისინი კონკურენტად ვერ გამოდგება, რადგან გაჯეტები არის მრავალფეროვანი და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი. აღარ აინტერესებთ შავ-თეთრი ტექსტები. შედეგი არის ის, რაც არის.

სკოლასა და ბაღში აღზრდის ეფექტურობა ორი პარამეტრით იზომება. პირველი, არის თუ არა ბავშვი ჩართული სასწავლო პროცესში. ამიტომ არ მიყვარს წყნარი ბავშვები - ჩუმად არიან და ეს კომფორტულია მშობლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც. თუმცა არ იცი, შიგნით რა აქვს ბავშვს. ხმაურიანი ბავშვი ითხოვს შველას და უფრო ჩანს პრობლემა, რისი მოგვარებაც დროულად შეიძლება. ამიტომ თანამონაწილეობა და ჩართულობა პროცესში აუცილებელია. ჩვენი სკოლები სამოსან მოსწავლეებზე კი არ არიან ორიენტირებული, საუკეთესო მოსწავლეებზე არიან ორიენტირებული. ასევე ბედნიერების პარამეტრია აუცილებელი - უხარია თუ არა ბავშვს შემეცნება. პატარა ბავშვს უხარია, სკოლის მერე აღარ უხარია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლის წინააღმდეგი ვარ" - ამბობს გაგოშიძე.