ავტორი:

რა ხდება "საზმაუში"? - დახურული გადაცემები და დაუცველი შრომითი უფლებები: "გორგილაძის გადაცემა ყველაზე იაფი ჯდება, მოიკითხეთ ერთი, რა ჯდება სხვა გადაცემები?"

რა ხდება "საზმაუში"? - დახურული გადაცემები და დაუცველი შრომითი უფლებები: "გორგილაძის გადაცემა ყველაზე იაფი ჯდება, მოიკითხეთ ერთი, რა ჯდება სხვა გადაცემები?"

ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხალხის გადასახადებით დაფინანსებული ტელევიზიის, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რამდენიმე გადაცემის დახურვას. მომხდარს არხის ხელმძღვანელობა ფინანსური რესტრუქტურიზაციით ხსნის. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოსთანაც არ იყო შეთანხმებული. ცნობილი ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მომავალი ორი წლის განმავლობაში აღარ გაიზრდება და არხის მენეჯმენტმა თანხები ისე გადაანაწილა, რომ რამდენიმე პროექტი 2024 წლის იანვრიდან დაიხურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მენეჯმენტმა საზოგადოებისთვის შესაბამისი განმარტების გარეშე მიიღო. მათ მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ ცვლილებები ფინანსური რესტრუქტურიზაციის გამო ხორციელდებოდა და “... "რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება” არ უნდა მომხდარიყო.

"კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით", - ეწერა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადებაში, რომელიც 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი ახალი წლიდან უნდა ამოქმედდეს, ორი კვირით ადრე, 14 დეკემბერს კი სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტს დაუმტკიცა წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც არ იყო დეტალურად ახსნილი, რის ხარჯზე დაიზოგება მომავალი წლიდან თანხა ("საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია და 100 მილიონს აჭარბებს, ეს რიცხვი დარჩება 2 წლის განმავლობაში და შემდეგ კანონის ახალი მოთხოვნის შესაბამისად შეიცვლება). ახალი კანონის მიხედვით, 2026 წელს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" 106 მილიონის ნაცვლად, 71 მილიონს მიიღებს.

მოგეხსენებათ, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა, შესაბამისად, ახალი შენობის აშენება და მასში განთავსებაც სახელდება რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთ მიზეზად.

მაუწყებელზე რამდენიმე გადაცემასთან ერთად იხურება წარმატებული და პოპულარული პროექტი "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე", რომლის წარმოებაც არხს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე სხვა გადაცემები (გადაცემა შედარებით ბიუჯეტურია - მასზე 131 432 ლარი იხარჯება), რომელთა დახურვასაც არ აპირებენ. "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 29 დეკემბერს გავა.

ნახეთ რა ჯდებოდა გადაცემები, რომელიც 2024 წლიდან ეთერში აღარ გავა:

  • ტელესკოლა - 1 179 781 ლარი;
  • "დღის კოდი“ - 461 096 ლარი;
  • "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ - 131 432 ლარი;
  • "ფერმა“ - 155 486 ლარი;
  • "თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ - 55 000 ლარი;
  • "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“ - 143 194 ლარი;
  • "ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“ (ანგარიშში თანხა არ წერია);
  • "კაცები PLAY“ - 275 000 ლარი.

როგორც დავით გორგილაძე ამბობს, საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.

მისი გადაცემის მოულოდნელად დახურვაზე მედიასთან ჟურნალისტმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "მომდევნო წლიდან "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საქართველოს "პირველი არხის" ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", - ამბობს გორგილაძე.

ambebi.ge მწერალსა და ჟურნალისტ დათო გორგილაძეს დაუკავშირდა და შეეცადა მეტი გაეგო, მაგალითად, რას უკავშირებს, რა ვერსია აქვს ტელეწამყვანს გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა მან უკვე გავრცელებული კომენტარის განვრცობა არ ისურვა, გვითხრა, რომ კომენტარი უკვე გააკეთა და ასახსნელი არაფერი აქვს. მანვე გვირჩია, რომ ეს კითხვა "სხვებისთვის“ დაგვესვა.

დათო გორგილაძე საზოგადოებაში ცნობილია საკუთარი კრიტიკული შეფასებებით “ქართული ოცნების” ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართ, მაგალითისათვის, ის ღიად გამოხატავდა კრიტიკას იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების კანონს. "არათუ ამ კანონპროექტის მიღება, მისი ინიცირებაც კი ბოროტებაა და ძალიან ბევრს ამბობს მისი ინიციატორების გეგმებსა და ზრახვებზე“, - ასე აფასებდა მწერალი და გადაცემის წამყვანი დათო გორგილაძე "უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება“ აპირებდა.

მას შემდეგ, რაც გორგილაძის გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოხატეს წამყვანის მიმართ და ისინი გადაცემის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნებას პეტიციით ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" მოულოდნელად და არამოტივირებულად დაიხურა. "არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად. მისი არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

ცნობისათვის:

  • დათო გორგილაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება დაამთავრა. არის ამავე უნივერსიტეტის "მედიისა და ახალი ტექნოლოგიების“ მაგისტრი. გარდა სამწერლო საქმიანობისა, ის კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით საქმიანობს. არის ცნობილი ქართული საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ის ექსპერტ-ბლოგერი. საკუთარ ტექსტებში ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თემებს ეხება. ასევე წერს პორტრეტებს მისთვის საინტერესო და საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებზე.

ჩვენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს დავუკავშირდით და შევეცადეთ გაგვერკვია, თუკი საკითხი ფინანსურ რესტრუქტურიზაციას ეხება, გადაცემების დახურვა რატომ არ შეთანხმდა სამეურვეო საბჭოსთან. ვასილ მაღლაფერიძე გვიხსნის, რომ რიგი გადაცემების დახურვა მენეჯმენტის გადაწყვეტილებაა.. ვინაიდან საზოგადოებაში ასეთი აზრი მუსირებს, ჩვენ მას ისიც ვკითხეთ, არის თუ არა დათო გორგილაძის გადაცემის დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილება...

ვასილ მაღლაფერიძე:

"ამ თემაზე ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს. ეს საკითხი საქართველოში ვისაც როგორ უნდა, ისე ესმის..."საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ამ წუთას 27 გადაცემაა ტელევიზიაში და 21- რადიოში. მანამდე, როცა მთელი წელი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი არხი დასახურია, ჩვენს გადაცემებს არავინ უყურებს, რომ მათი ატანა არ აქვთ, ბიუჯეტი შესამცირებელია და ა.შ. ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ არხის ისეთი გულშემატკივრები არიან, მეტი რომ არ შეიძლება. ეს არის ორკესტრირებული სიტუაცია...

იცით, მაგალითად, "ტელესკოლა“ ვინ გააკეთა? ეს გადაცემა 2 კვირაში გააკეთა მენეჯმენტმა, დირექტორმა, "ტელესკოლის“ ჯგუფმა და დღეს ამ ადამიანებს არაპატრიოტიზმისთვის ლანძღავენ "ტელესკოლის“ დახურვის გამო. ხომ უნდა დაუშვან, რომ ვინც ეს გააკეთა, თავისი საქმე იციან? არის ადამიანების ერთი ნაწილი, რომელიც დილით იღვიძებს და ფბ-ზე უნდა ბეჭდოს რაღაცა, ყველაფერზე გამოთქვას თავისი აზრი, ათასი სიბინძურე გაავრცელოს...

ჩვენ ხომ ამას ვერ ავყვებით? ნურავინ აგვიხსნის ნურაფერს, ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, მენეჯმენტი თავისი წესით და რიგით მიდის. აგერ, ცოტა ხნის წინ დაფინანსების წესი და ფორმატი შეიცვალა და აღტაცებულები იყვნენ, მათ შორის პარლამენტის წევრები, რა კარგია, რომ შეიცვალა და ნეტა საერთოდ არ არსებობდეს "პირველი არხიო". რამე ხომ არ მეჩვენებოდა შემთხვევით? მე ამას ხომ ვისმენდი? და ახლა მე მეკითხებიან, ასე მიაჩნდა მენეჯმენტს საჭიროდო? ვინ რა სარჩული დაუდო, რა მნიშვნელობა აქვს? არ ვაპირებ ცალკე გადაცემებისგანხილვას და მათზე შეჩერებას, ძალიან უხერხულია. გადაცემა ძვირია, თუ იაფი, ამ გადაწყვეტილებას იღებს მენეჯმენტი. "ტელესკოლაც“ პოლიტიკური მიზნით დავხურეთ? გორგილაძის გადაცემა რომელი პოლიტიკური მიზნებით უნდა დაგვეხურა, რა, პოლიტიკური გადაცემა იყო? ვინც ამ კითხვებს სვამს და აღშფოთებას გამოთქვამს, დარწმუნებული ვარ, ეს გადაცემები ნანახიც არ აქვს. ბოლოს როდის ნახეთ ეს გადაცემები? არც ხართ ვალდებული ყველას უყუროთ. მენეჯმენტი კიდევ გააკეთებს განმარტებას, მე ამაზე მეტი რა განგიმარტოთ?“- აღშფოთებული გვპასუხობს მაღლაფერიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელშიც ვკითხულობთ:

"აღნიშნული გადაწყვეტილება მენეჯმენტმა საზოგადოებისთვის შესაბამისი განმარტების გარეშე მიიღო. პასუხგაუცემელია თუ რატომ სახელდება ფინანსური რესტრუქტურიზაცია გადაცემების დახურვის მთავარ მიზეზად, რატომ ხდება ეს 2024 წელს, მაშინ, როცა მაუწყებლის დაფინანსების არსებული მოდელი და ბიუჯეტი ორი წელი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ასევე, თუკი საკითხი ფინანსურია, რატომ არ შეთანხმდა “რესტრუქტურიზაციით” გამოწვეული დახურვა სამეურვეო საბჭოსთან. ფაქტია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორიგ ჯერზეც არ და ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება. არხის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის. ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს“.

კოალიციამ მოუწოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, უზრუნველყოს მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში.

კოალიცია, ასევე, მოუწოდებს მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტურ გარემოს შექმნას ქვეყანაში.

"საზმაუს" სამეურვეო საბჭოს წევრი და მედიის ანალიტიკოსი ლიკა ბასილაია-შავგულიძე გვეუბნება, რომ ხელმძღვანელობას სამეურვეო საბჭოსთვის არაფერი შეუთანხმებია, რითაც, პრაქტიკულად, დაარღვია ურთიერთობის წესი სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის:

"საქმეც იმაშია, რომ ჩვენ არაფერი გვითხრეს. წინა დღეს, 14 დეკემბერს იყო სხდომა, დაამტკიცეს ბიუჯეტი (რასაც მე და ლაშა ტუღუშმა მხარი არ დავუჭირეთ გარკვეული მიზეზების გამო), მაგრამ კრინტი არავის დაუძრავს იმაზე, რომ მეორე დღეს გადაცემებს ხურავდნენ. რასაც ისინი სჩადიან, ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე, ფარისევლობა და ტყუილი. მესმის, რომ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით ყოველწლიურად ბიუჯეტში ასეთი ტიპის ზრდა არ იქნება, მაგრამ შენ როცა რაღაცის დახურვა გაქვს გადაწყვეტილი და, შესაბამისად, რაღაც მიზნით თანხების გამოთავისუფლება, ეს უნდა განიხილო საბჭოზე. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ამაზეც ვალაპარაკებდით და მოვითხოვდით ადეკვატურ ქმედებას - გადაცემებს თუ ხურავ, უნდა შეაფასო ამა თუ იმ გადაცემის ყურებადობა, გავლენა მაყურებელზე, რეიტინგი, ხარისხი, წვდომა მაყურებელთან და რაც მთავარია, შესაბამისობა პრიორიტეტებთან, დასახულ მიზნებთან და თემატურ ვალდებულებებთან. მათ ასე მუხანათურად, თავხედურად მოგვაყენეს შეურაცხყოფა და დაარღვიეს ურთიერთობის წესი სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის. მათ გადასახადების გადამხდელების ფულით დაფინანსებული გადაცემები დახურეს ისე, რომ ადამიანებს, მაყურებელს არაფერი ჰკითხეს. კარგი, ჩვენ არ გვითხრეს, ეს ერთი დარღვევა და მეორე - წინსწრებით რანაირად არ გამოსცეს პრესრელიზი, ან ახსნა-განმარტება, რის საფუძველზე გააკეთეს ეს? სამეურვეო საბჭოს წევრებმა ( მე, ლაშა ტუღუშმა და ზაზა აბაშიძემ) მივწერეთ წერილი და გამოვითხოვეთ ახსნა, რატომ არ იყო განხილული კრიტერიუმები, რის საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებას (ანუ უნდა იყოს კალკულაცია, რა გადაცემა რა ღირს, რა ეფექტი და სიკეთე მოაქვს ხალხისთვის და "საზმაუს" ნდობისა და რეიტინგის გაზრდის თვალსაზრისით, ესა თუ ის გადაცემა რა სიკეთეს და ღირებულებას წარმოადგენს ადამიანებისთვის და თვითონ არხისთვის).

დათოს გადაცემა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ყველაზე იაფი ჯდება და მოიკითხეთ ერთი, რა ჯდება სხვა გადაცემები, რომლებიც არ დახურეს (მაგალითად, რა ჯდება "42-ე პარალელი“? - დაახლოებით 100 ათასით მეტი) და რამდენი მაყურებელი ჰყავს, რა გავლენა და რა ღირებულება აქვს, რამდენი კაცი უყურებს და არხის ნდობის გაზრდაზე თუ მუშაობს?

გავიგე, რომ თანხები დასაზოგი გაქვს, მაგრამ რა კრიტერიუმებით არჩევ დასახურ გადაცემებს? რაც ერთი შეხედვით ჩანს, გადაცემების დახურვის ლოგიკა არ არსებობს. ლოგიკა, რომელიც მათ მოიტანეს (ვითომ ძვირი რომ ჯდება), სხვა გადაცემები ბევრად ძვირი ჯდება. ერთ-ერთ კომენტარში არც გამოვრიცხე, რომ დათოს გადაცემის დახურვა მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. ამიტომ უნდა ახსნან, რატომ ტოვებენ სიტყვაზე "42-ე პარალელს“ და რატომ არ დატოვეს დათოს გადაცემა, რომელიც კალკულაციით ამ გადაცემის ნახევარი ჯდება, თანაც მასზე რეიტინგულია. რიცხვებს თუ ჩახედავთ, სხვა ახსნა არ მოიძებნება, რატომ უნდა დახურო უფრო ბიუჯეტური გადაცემა, რომელსაც ჰყავს ბევრი გულშემატკივარი და მაყურებელი და რატომ უნდა დატოვო არხზე ბევრად უფრო ძვირიანი გადაცემა, რომელსაც ბევრად ნაკლები მაყურებელი ჰყავს? ამაზე უნდა გველაპარაკა სხდომაზე, ამას ვითხოვდი და ამის გამო გამოვარდა გვიმრაძე (ახალი და მიმდინარე ამბების მიმართულების ხელმძღვანელი), შეურაცხყოფა მომაყენა და მეც სათანადოდ ვუპასუხე.

მე სულ მოვითხოვ, რომ ამა თუ იმ გადაცემის დანახარჯები და შემდგომი ბიუჯეტი ფასდებოდეს წლის შედეგებზე დაყრდნობით იმის მიხედვით - გადაცემამ რა გავლენა მოახდინა მაყურებელზე, რა სიკეთე შექმნა, როგორია გამოხმაურება, რამდენი ადამიანი უყურებს და ა.შ. (როგორც BBC აკეთებს). წლის ბოლოს უნდა დაჯამდეს ეს შედეგები და გადაწყვეტილებების შესაბამისად გაიწეროს მომავალი წლის ბიუჯეტი. მაგრამ ეს ვის აინტერესებს? - არავის".

როგორც ლიკა ბასილაია-შავგულიძე გვეუბნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო აძლიერებს შეფასებას, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, ზეგავლენის ქვეშაა და ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია.

"დიდი ხანია ეს პრობლემა მაწუხებს და ძალიან ძნელია, როცა უმცირესობაში ხარ. თვითონ საზოგადოებამ თუ არ მოითხოვა (პეტიციებიც კეთდება, ხალხი გაბრაზებულია და აღშფოთებული), ხალხი უფრო მტკიცედ თუ არ დადგება საკუთარი ინტერესების დასაცავად, თუნდაც ამ კონკრეტულ ერთ საკითხში, ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. ეს არ არის კერძო ტელევიზია, ეს არის ხალხის შრომით და ფულით დაფინანსებული, საზოგადოებრივი ტელევიზია. ვასილ მაღლაფერიძე ასეთი ხალხის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული და არა პარტიის წინაშე. მე რომ ვიყო წამყვანი ჟურნალისტების ადგილას, გავაპროტესტებდი, მოვითხოვდი დასაბუთებას, ობიექტურ დათვლას და ობიექტურ შეფასებებს, რა შედეგები აქვს ამა თუ იმ გადაცემას და რა - მათ გადაცემას, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი გადაცემა უფრო ძვირია, ნაკლები მაყურებელი ჰყავს, უფრო ნაკლები გავლენა აქვს საზოგადოებაზე და თუ დავრწმუნდებოდი, რომ მართლაც ასეა და მე არ ვვარგივარ, დავიხურავდი ქუდს და წავიდოდი, მაგრამ უსამართლობას არ შევეგუებოდი. ესენი რომ მნიშვნელოვანი გადაცემებია, თუნდაც სერიოზული მიზეზით მათი დახურვა, ასე ერთი ხელის მოსმით დაუშვებელია, ამის თაობაზე უნდა არსებობდეს ობიექტური კვლევები. ამათ კვლევები არ აინტერესებთ, ყველაფრის მიმართ სამარცხვინოდ არაპროფესიონალური მიდგომა აქვთ და მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც თვითონ აწყობთ და უნდა ვასილ მაღლაფერიძეს და მის ჯგუფს. ეს არის და ეს.

სამწუხაროდ, ხალხის ფული იჭმება და რჩება ურეიტინგო გადაცემები, სამაგიეროდ, იხურება ყველაზე საინტერესო, მიმზიდველი, მრავალფეროვანი, საგანმანათლებლო, ევროპული ტიპის გადაცემები, რაც კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს და პროპაგანდასთან არაა დაკავშირებული. ვკითხულობ, რატომ არ ამოიღეს, საჯარო არ გახადეს, დეტალურად არ გავიარეთ თითოეული გადაცემის ბიუჯეტი, მისი სარგებლიანობა და გავლენა მაყურებელზე, არხის რეიტინგზე... არხის მიმართ მაყურებლის ნდობის გაზრდაში რომელს უფრო დიდი წვლილი ჰქონდა - "გორგილაძის სიმსუბუქეს“, "ტელესკოლას“, "ფერმას“, თუ გვიმრაძის რომელიმე გადაცემას? ვფიქრობ, აუცილებელია იმ ხალხმა ილაპარაკოს, ვისი გადაცემებიც დაიხურა და ვისაც სამართლიანად არ მიაჩნიათ ხელმძღვანელობის ეს ქმედება. ხოლო თუ სამართლიანად მიაჩნიათ და არ უნდათ დისკუსიაში შესვლა, მაშინ იქნება, როგორც არის“.

ფაქტია, რომ თანამედროვე საქართველოში, ზოგადად ყველა სფეროში და ჟურნალისტიკაშიც მათ შორის, მოქალაქის შრომითი უფლებები, ფაქტობრივად, სრულად დაუცველია. როდესაც ისეთი ცნობილი და რეიტინგული გადაცემის, როგორც "გორგილაძის აუტანელია სიმსუბუქის" შემოქმედებითი ჯგუფი, რჩება ყველასთვის მოულოდნელად, უსამსახუროდ, ხომ, წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა ჟურნალისტი. თან ამ შემთხვევაში, ლაპარაკია "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და არა კერძო ტელევიზიაში, სადაც დამსაქმებელი პოლიტიკურად ან სხვა თვალსაზრისით კიდევ უფრო ანგაჟირებული შეიძლება იყოს.

როგორც გავარკვიეთ, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" თავისი პროფკავშირიც აქვს, რომლის თავმჯდომარე გადაცემა "რეალური სივრცის" წამყვანი ნინო ზაუტაშვილია:

"ვისაც შეეხო შემცირება, ყველას სათითაოდ დავუკავშირდი (და ამას ისინი დაგიდასტურებენ) და ვუთხარი, რომ თუ იურიდიული, ან სხვა რაიმე ტიპის დახმარება დაჭირდებათ, პროფკავშირი მზად იყო მათი უფლებების დასაცავად. არცერთმა მათგანმა არ გამოთქვა სურვილი ჩართულიყო პროცესში. ჩვენ გვყავს ჩვენი იურისტი, რომელიც იცავს თანამშრომლების უფლებებს, სამწუხაროდ, ყველა შემთხვევაში უარი მივიღე. ადამიანს საკუთარი თავის დაცვა თუ არ უნდა, თავს ზევით ძალა არ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს გადაცემებს, ჩვენ ვიცავთ "საზმაუს" იდეას და თუ ამ იდეის დაცვა ვინმეს არ უნდა და თვლის, რომ არ არის საჭირო, მაპატიეთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სრულიად უძლური ვხდები. არხის ბიუჯეტზე ხდება აქცენტირება და საუბარი არაა იაფიან და ძვირიან გადაცემებზე, აქ მთავარი სარგებელი მაყურებლისთვის უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა. ის გავლენა და სიკეთე, რასაც საზოგადოება იღებდა და იღებს კონკრეტული გადაცემებიდან, მე თუ მკითხავთ, შეუფასებელია. მთავარია, როგორი ზემოქმედება და სარგებელი შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას ამ გადაცემებმა, ეს შეიძლება ვერც კი გაზომო ადამიანმა, ჩვენ ხომ არ ვართ კომერციული არხი, რომლისთვისაც იდეაფიქსია რეიტინგი, რომლითაც შემდეგ თავის რეკლამას გაყიდის? "საზმაუს" იდეა საერთოდ სხვა რამეა და ბევრი ამას ვერ აცნობიერებს (ამ შემთხვევაში პარლამენტს ვგულისხმობ, პირველ რიგში). ვინც "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ვართ, ვალდებულნი ვართ ვიმუშაოთ საზოგადოებისთვის და მაქსიმალურად გავზარდოთ მათი ინფორმირებულობა, განათლება, შემეცნება. პირადი ინიციატივით ყველასთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ვერ მივიღე დადებითი პასუხი, შესაბამისად, ადამიანების სურვილის გარეშე ამას ვერ განვახორციელებ“.