თბილისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხე წაიქცა, რომელიც ბორდიულს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე. ხე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ქარი და წვიმა დედაქალაქში დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდა.

სტიქიამ პრობლემები კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც შექმნა. ამ დროის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარმა 10- მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
სტიქიის ზონაში უკვე იმყოფებიან ყვარლის მერი და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. გარდა ყვარლისა, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში, ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს და გზის გაწმენდა მიმდინარეობს.

რთული ხილვადობის და უამინდობის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა. როგორც კახეთის საგზაო სამმართველოში განაცხადეს, ამ მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქია, რის გამოც, გადადგილება დროებით შეიზღუდა.
თუმცა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა. ასევე, შუამთის მონასტერთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ამ მიმართულებით ავტომობილების გადადგილებას აკონტროლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.