ავტორი:

"გამქრალი პატიმრები" - რატომ იკარგებიან ადამიანები რუსეთის ციხეებიდან?

"გამქრალი პატიმრები" - რატომ იკარგებიან ადამიანები რუსეთის ციხეებიდან?

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გაუჩინარების დღეების ათვლა 6 დეკემბრიდან იწყება. კითხვას, თუ სად გაქრა პოლიტიკოსი, სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 12 დეკემბერს უპასუხა - გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ვლადიმირსკის ოლქის ციხიდან გადაიყვანეს, თუმცა სად წაიყვანეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არ დაუკონკრეტებიათ.

"ხელისუფლებას არ აქვს ვალდებულება გაასაჯაროოს ინფორმაცია, თუ სად გადაჰყავთ პატიმარი. ნორმების მიხედვით, არ არის სავალდებულო, რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყოს, თუმცა უსაფრთხოების გამო, არც გასაჯაროების ვალდებულება აქვთ. ეს პროცესი შესაძლოა კვირები, ზოგჯერ კი თვეობით გაიწელოს“, - ამბობს ნატალია ტაუბინა, ფონდ "საზოგადო ვერდიქტის“ ხელმძღვანელი.

  • ბოლო წლებში ასეთ შემთხვევებზე, ანუ პატიმრის გაუჩინარების ფაქტებზე საზოგადოებისთვის, სულ უფრო იშვიათად ხდება ცნობილი. მსგავსი საკითხებზე განგაშს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულ პატიმრებზე ატეხენ ხოლმე.

რატომ ხდება ასე? პირველ რიგში იმიტომ, რომ პოლიტიკოსები უფლებადამცავების ყურადღების ცენტრში არიან, ისინი ადვოკატებთან უწყვეტ კონტაქტზე არიან, ხოლო მათი გაუჩინარება თვალშისაცემი ხდება.

მაგალითად, 2021 წელს "ღია რუსეთის“ ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი პივოვაროვი დააკავეს. 2021 წელს ის კრასნოდარის ციხეში გადაიყვანეს, სადაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოეხადა, თუმცა 2022 წლის დეკემბერში გაქრა.

2023 წლის იანვარში პივოვაროვი პეტერბურგის ციხიდან გამოვიდა ხაზზე, შემდეგ კი ერთი თვით ისევ გაქრა. უფლებადამცველებისა და ადვოკატების მოთხოვნა ინფორმაციაზე, თუ სად იყო პივოვაროვი - უპასუხოდ რჩებოდა. ბოლოს, 20 თებერვალს პასუხი მიიღეს, რომ მათი კლიენტი კარელიის მე-7 კოლონიაში იმყოფებოდა. კოლონიის თანამშრომლებმა ანდრეის დედასთან განაცხადეს, რომ მისი შვილი იქ 24 იანვარს გადაიყვანეს.

  • "ხშირად ასეთ სიტუაციას, საერთაშორისო სამართალში, "ძალადობრივ გაუჩინარებას“ უწოდებენ - ადამიანი სრულ იზოლაციაში იმყოფება, დიდი რისკია წამების, ცემის და თანაც, არანაირი შესაძლებლობა არ აქვს გაასაჩივროს ან უბრალოდ მათ შესახებ ადვოკატებს გააგებინოს“, - ამბობს ტაუბინა.

ახლა უცნობია, სად იმყოფება მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატი, ალექსეი გორინოვი. ის 2022 წლის ივლისში დააკავეს. 62 წლის გორინოვი ვლადიმირსკის ციხეში იხდიდა სასჯელს, დეკემბრის დასაწყისში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩიოდა.

ბოლოს ის ადვოკატმა 8 დეკემბერს ნახა, შემდეგ კი განგაში ატეხა. ადვოკატი ამბობდა, რომ გორინოვი იმდენად ცუდად იყო, ვერც ჯდებოდა და ვერც საუბრობდა. იმის შემდეგ ადვოკატს კოლონიაში არ უშვებენ, სად იმყოფება გორინოვი - უცნობია.

"ალექსეი გორინოვი ძალადობრივი გაუჩინარების მსხვერპლი გახდა. ისევე როგორც ნავალნის შემთხვევაში, გორინოვის იძულებითი გაუჩინარების მიზეზი, შესაძლო წამება და აგრესიული ქმედებები, მის უფლებებს არღვევს და ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს“, - ამბობს გაეროს მომხსენებელი ადამიანების უფლებების მიმართულებით, მარიანა კაცაროვა.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხო არ ეხებათ მხოლოდ პოლიტპატიმრებს. იანვარში ჩიტას კოლონიაში მოხდა დმიტრი ვედერნიკოვის ეტაპირება, რომელიც 22-წლიან პატიმრობას იხდის მკვლელობების ორგანიზებისა და ძარცვის ბრალდებით. ის ჯერ კრასნოიარსკში გადაიყვანეს, შემდეგ გაუჩინარდა. ცოლმა ის 15 მარტს ტულის ოლქში აღმოაჩინა.

პატიმრების ასეთი ხანგრძლივი გაუჩინარების ერთ-ერთი მარტივი მიზეზი არის ის, რომ ისინი მატარებლით გადაჰყავთ. პატიმრები სპეციალური, ე.წ "სტოლიპინის“ ვაგონებით გადაჰყავთ, რომლებიც ჩვეულებრივ სამგზავრო მატარებელს ებმება. ისინი არ გადაადგილდებიან პირდაპირი მარშრუტით.

"პატიმრები სხვადასხვა ადგილებიდან სატრანზიტო ზონაში მიჰყავთ, შემდეგ რაღაც კონკრეტულ რაოდენობას აგროვებენ, აერთებენ ვაგონს და იწყებენ მათ ტრანსპორტირებას. ასეთი ზიგზაგები და სატრანზიტო ზონები უსასრულოდ ბევრია ხოლმე,“ - ხსნის ტაუბინა.

ვორონეჟის მკვიდრის, რომან ხაბაროვის ტრანსპორტირებას ერთი ციხიდან მეორეში 35 დღე დასჭირდა. ხაბაროვი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2010-იანების დასაწყისში რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების დეგრადაციაზე დაიწყო საუბარი. 2014 წელს ის აზარტული თამაშების არაკანონიერად ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. 2018 წელს სამარის ციხეში გადაიყვანეს. შემდეგ სიზრანში, სააპელაციო სასამართლოს შემდეგ სამარაში დააბრუნეს, იქიდან ულიანოვსკში გადაიყვანეს. მოგვიანებით იყო ყაზანი და იჟევსკი, ბოლოს კი ეკატერინბურგი.

"ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეტაპირების დროს გამოუყენებიათ ძალა, უცემიათ ან უწამებიათ პატიმრები. ასეთ დროს, ეტაპირება იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ ძალადობის კვალი არ გაქრება. სადღაც ჰყავთ გადაყვანილი სატრანზიტო ზონაში და არავის აჩვენებენ. შემდეგ ისევ სადღაც მიჰყავთ,“ - ამბობს ირინა ბირიუკოვა, რომელიც პატიმრების წამების საქმეებზე მუშაობს.

ეტაპირების დროს გაუჩინარება ბოლო წლებში რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. 2018 წლის ზაფხულში პეტერბურგის ციხიდან "ქსელის“ საქმის ფიგურანტები ვიქტორ ფილინკოვი და იური ბოიარშინოვი გაქრნენ. 2021 წლის ოქტომბერში ორი კვირის მანძილზე არაფერი ისმოდა მაქსიმ ივანკინზე.

ფელინკოვი, რომელსაც 7 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, ორენბურგის კოლონიაში 45 დღის განმავლობაში მიჰყავდათ. 4 სექტემბერს მოსკოვის ციხიდან ვლადიმირ კარა-მურზა წაიყვანეს.17 დღის შემდეგ ის ომსკის ციხეში აღმოაჩინეს.

ავტორი: ანრი კურტანიძე