ავტორი:

უკრაინის ცა - რუსული სამხედრო თვითმფრინავების "სასაფლაო“: რას აცხადებენ უკრაინაში და რას - რუსეთში?

უკრაინის ცა - რუსული სამხედრო თვითმფრინავების "სასაფლაო“: რას აცხადებენ უკრაინაში და რას - რუსეთში?

22 დეკემბერს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ერთ დღეში ხერსონის ოლქში 3 რუსული სუ-34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშუკმა გაავრცელა.

"დღეს, შუადღისას, მინუს სამი რუსული გამანადგურებელი-ბომბდამშენი სუ-34“, - განაცხადა ოლეშუკმა.

უკრაინელი დამცველების წარმატება იყო რუსული "გერანების“ 21-22 დეკემბრის იერიშზე პასუხი.

"ერთ-ერთ ჩამოგდებულ დრონზე ოკუპანტებს ეწერათ: "ამოწყდით, ძუკნებო“, აი, თქვენ ჩვენი პასუხი! სამუდამო ფრენა, "ძმებო“, - ნათქვამია ოლეშუკის განცხადებაში.

  • ვინ დაგეგმა სპეცოპერაცია?

უკრაინის შეიარაღებული სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერი, იური იგნატი ამბობს, რომ სუ-34-ების ჩამოგდების ბრწყინვალე ოპერაცია თავად ნიკოლაი ოლეშუკმა დაგეგმა.

"თქვენ იცით, რომ ჩრდილოეთ მიმართულებით ერთდროულად სამი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი ჩამოვუგდეთ. ერთხელ ოდესის ოლქში შევძელით სუ-ების განადგურება. ასეთი მიღწევა დიდი ხანია არ გვქონია. სუ-34 კარგა ხანია ჩვენს "დადებით სტატისტიკაში“ არ გამოჩენილა“, - აღნიშნა სპიკერმა.

  • რა არის ცნობილი განადგურებულ თვითმფრინავებზე?

სოციალურ ქსელებში რუსი პილოტების კატაპულტირების ადგილის სურათები გავრცელდა. რუსები ვარაუდობენ, რომ მათი თვითმფრინავების განადგურება Patriot-ის სისტემების მეშვეობით მოხერხდა.

კომენტარი ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა:

"ყველა რუსმა მფრინავმა იცოდეს, რომ თითოეულ რუს მკვლელს გავცემთ პასუხს. არცერთი მათგანი არ დარჩება დაუსჯელი“.

25 დეკემბერს უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჯერად სუ-30 და სუ-34 ჩამოაგდეს, თუმცა ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები ჯერ არ ჩანს. რუსებმა ეს ინფორმაცია 22 დეკემბრისგან განსხვავებით, უარყვეს და განაცხადეს, რომ ყველა გაფრენილი თვითმფრინავი წარმატებით დაბრუნდა ბაზაზე.

  • რა არის სუ-34 და რატომ არის მათი განადგურება მნიშვნელოვანი?

სუ-34 ყველაზე თანამედროვე ორადგილიანი, რუსული ზებგერითი გამანადგურებელი-ბომბდამშენია - მისი ტიპის თვითმფრინავები დასავლურ არსენალში არც ისე გავრცელებულია. ყველაზე ახლო ანალოგი არის მრავალფუნქციური F-15E Strike Eagle.

თვითმფრინავი რუსეთის შეიარაღებაში 2014 წლიდან გამოჩნდა. მოსკოვი მას სირიასა და უკრაინაში იყენებდა.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვმა 10 სუ-34-ის განადგურება დაადასტურა, თუმცა დასავლეთში ფიქრობენ, რომ მათი რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო ბევრია.

სუ-34-ების განადგურებით უკრაინა რუსეთის საჰაერო პოტენციალს ამცირებს. მით უმეტეს, მალე უკრაინის ცაზე F-16-ებსაც ვიხილავთ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე