საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების საწყობს ააშენებს

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების საწყობს ააშენებს

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწყობის მშენებლობას გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები ეტაპობრივად შემოდის საქართველოში, აუცილებელი გახდა შესაბამისად აღჭურვილი სასაწყობო ფართის მოწყობა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს და პირობას, რაც აპარატების შენახვა/ექსპლუატაციისთვის არის საჭირო.

საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობებისთვის თანამედროვე სტანდარტების საწყობი ორსართულიანი იქნება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ მოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში განთავსდება და შესაბამის პირობებში შეინახება ელექტრონული აპარატები.

საწყობის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული, მათ შორის გათვალისწინებულია სატვირთო ლიფტების დამონტაჟება, ელექტრონული აპარატურის გასამართად საჭირო ქსელისა და სამრეწველო მაგიდების, დაცვის სისტემების მოწყობა. შენობაში გამოყოფილი იქნება საოფისე, სასაწყობო, სამუშაო/საინსტალაციო და სხვა დამხმარე სივრცეები. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული ბიზნეს პროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს.

სასაწყობო ფართის მშენებლობასთან დაკავშირებით ცესკომ უკვე ჩაატარა ტენდერი. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები. პროექტის ღირებულება 11 333 011 ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, მშენებლობის დასრულება 2024 წლის აგვისტოში იგეგმება.