ავტორი:

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ვითარება იძაბება: ჩინეთი და ფილიპინები ერთმანეთს კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ - ტერიტორიული დავა და საერთაშორისო ინტერესები

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ვითარება იძაბება: ჩინეთი და ფილიპინები ერთმანეთს კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ - ტერიტორიული დავა და საერთაშორისო ინტერესები

ოფიციალურ პეკინსა და მანილას შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. ეს მას მერე დაიწყო, რაც ფილიპინებმა ჩინეთი მის გემებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ჩინეთმა ფილიპინები გააფრთხილა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობა დიალოგის გზით მოაგვარონ, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ განაცხადა.

"ჩინეთ-ფილიპინების ურთიერთობები გზაჯვარედინზეა. ახლა უმთავრესი პრიორიტეტი არსებული საზღვაო სიტუაციის სწორად მართვა და კონტროლია“, - განაცხადა ვანგ იიმ.

თავის მხრივ, ფილიპინების შეიარაღებული ძალები ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც წერს, რომ ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კონფლიქტის პროვოცირებას არ ახდენს.

"ფილიპინები კონფლიქტის პროვოცირებას არ იწვევს. ჩვენ საერთაშორისო სამართალს მივყვებით და მხოლოდ ჩვენს შიდა კანონმდებლობას ვახორციელებთ, რაც ჩვენი ტერიტორიული წყლებისა და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის საზღვრებს აწესებს, სადაც ჩვენ სუვერენული უფლებები გვაქვს“, - განაცხადა ფილიპინების შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, მედელ აგილარმა.

აგილარმა აღნიშნა, რომ ჩინეთისგან განსხვავებით ფილიპინები ისეთს არაფერს აკეთებს, რაც გემებსა და მეზღვაურებს საფრთხეს უქმნის.

"ყველა დარღვევას ისინი სჩადიან“, - აღნიშნა აგილარმა.

ვითარება განსაკუთრებით სექტემბრის ბოლოდან დაიძაბა, როდესაც გავრცელდა ჩინეთის სანაპირო დაცვის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის მოტივტივე ბარიერის განთავსების ამსახველი ფოტოები. იმჟამად ფილიპინების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლმა, ედუარდო ანიომ განაცხადა, რომ ქვეყანა სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში ჩინეთის მიერ განთავსებული მოტივტივე ბარიერების მოსახსნელად "ყველა შესაბამის ზომას მიიღებდა".

"ვგმობთ ჩინეთის სანაპირო დაცვის მიერ მოტივტივე ბარიერების დაყენებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბარიერის განთავსება ჩვენი მეთევზეების ტრადიციულ სათევზაო უფლებებს არღვევს", - თქვა ანიომ.

კომენტარი გააკეთეს ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ბარიერის განთავსებას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდეს.

  • ცნობისთვის, ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე, რომელშიც ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეის, ინდონეზიისა და ფილიპინების ეკონომიკური ზონების ნაწილებიც შედის.

ჩინეთსა და ფილიპინებს შორის არსებული ტერიტორიული დაპირისპირება საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა საინტერესო. უპირველესად, ის დაკავშირებულია სადავო კუნძულების ლოკაციასთან - სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან. 2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავლების მესამედი, ანუ 3.37 ტრილიონი დოლარი სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გამომუშავდება. ამასთანავე, რეგიონს ეკონომიკურ ღირებულებას მატებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით თხევადი ბუნებრივი გაზის სავაჭრო ბრუნვით მიღებული შემოსავალის 40%-ც ასევე ხსენებულ ზღვაზე მოდის. რეგიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, ფაქტი, რომ ტერიტორიული დავა ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სწორედ ამ რეგიონში მიმდინარეობს, ამ დაპირისპირებას მსოფლიო პოლიტიკისთვის ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის.

გარდა ამისა, ჩინურ-ფილიპინური ტერიტორიულ დავაში მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის მთავარმა მეტოქემ აშშ-მ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი როლი სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვას მიანიჭა. მოგეხსენებათ, აშშ-ს უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს პეკინისგან მომავალი პოტენციური საფრთხის შეკავება წარმოადგენს, ამის მისაღწევად კი აუცილებლად მიიჩნევა ვაშინგტონის პოზიციების გაძლიერება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგადად ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში.