გასულ თვეს, რუსულმა მედიამ საზეიმოდ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიჟნი ნოვგოროდში 100 წლის კაცმა 75 წლის საყვარელ ქალზე იქორწინა. საქმრო პუშკინის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, პატარძალი კი მსახიობი ტატიანა უკოლოვა გახლდათ. ახალდაქორწინებულები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, მაგრამ პატარძალს 35 წელი მოუწია ლოდინი, რათა საყვარელი ადამიანის ცოლი გამხდარიყო.
რეჟისორი ქართველი მთავრის ოჯახიდან
ოთარ დადეშქელიანს ქართული წარმოშობა აქვს, თუმცა დაიბადა ნოვოჩერკასკში 1923 წლის აგვისტოში. დედა კაზაკი გახლდათ, მამა ქართველი მთავარი. ოთარ დადეშქელიანმა ცეკვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ოჯახი ჯერ ნოვოჩერკასკში ცხოვრობდა, შემდეგ როსტოვში, ბოლოს კი სტავროპოლში გადავიდა. ოთარის დედას ძალიან უყვარდა თეატრი და შვილი სპექტაკლებზე ხშირად დაყავდა.
პატარა, ქართველი ბიჭი თავადაც დადიოდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, მონაწილეობდა კონკურსებში და ხშირად იღებდა პრიზებს. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ოთარ დადეშქელიანი სტავროპოლში წამყვანი მოცეკვავე გახდა. როდესაც ქალაქი გერმანელებმა აიღეს, ის დედასთან ერთად სოფელში იმალებოდა. ქალაქის განთავისუფლების შემდეგ კი ფრონტზე მოხალისედ წავიდა.
დემობილიზების შემდეგ სტავროპოლში დაბრუნდა, ჯერ ფილარმონიაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი პიატიგორსკის მუსიკალური კომედიის თეატრში გადავიდა. სარეჟისორო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა ამ კუთხით გააგრძელა.
შემოქმედებითი გზა
ოთარ დადეშქელიანი მუშაობდა მთავარ ქორეოგრაფად გორკისა და ჩელიაბინსკის თეატრებში, შემდეგ კი ბელორუსის რესპუბლიკის დიდი ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მოგვიანებით მთავარი რეჟისორი გახდა. ქორეოგრაფის პირველი ცოლი, კლარა მალიშევა, ამავე თეატრის დასის წამყვანი ბალერინა იყო, მოგვიანებით იგი შეცვალა მისმა ქალიშვილმა ნათელამ. ვაჟმა დენისმაც თავისი ცხოვრება ცეკვას დაუკავშირა.
1976 წელს ქორეოგრაფი გადავიდა გორკში (ამჟამინდელი ნიჟნი ნოვგოროდი), სადაც დაიკავა პუშკინის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირექტორის პოსტი. ოთარ დადეშქელიანს ამისთვის ორი მიზეზი ჰქონდა. მას უყვარდა დასი და გრძნობები გაუჩნდა სოლისტის ანტონინა ბოროდაევას მიმართ, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა სპექტაკლში „კარმენი“. მალე ქალი რეჟისორის მეორე ცოლი გახდა.
ოთარ დადეშქელიანის სპექტაკლებს დიდი წარმატება ხვდა წილად გორკის თეატრის სცენაზე და თეატრის გასტროლებზე დადიოდა მოსკოვსა და კიევში, გერმანიაში, საფრანგეთსა და მაკედონიაში.
სიყვარული და მოლოდინი
"ოთარ დადეშქელიანი პირად ცხოვრებაში ბედნიერი კაცი იყო" - წერს რუსული მედია. პირველ მეუღლესთან კლარა მალიშევასთან ერთად მას ორი შვილი შეეძინა, შემდეგ კი გრძნობები ნიჟნი ნოვგოროდის თეატრის სოლისტის ანტონინა ბოროდაევის მიმართ გაუჩნდა. ქალმა უბრალოდ დაიპყრო ის. რეჟისორს ძალიან უყვარდა მეორე ცოლი, ის მრავალი წლის განმავლობაში დარჩა მის მუზად და პრაქტიკულად არასოდეს დაშორებულან. ერთად იყვნენ თეატრში და სახლში და ვერ წარმოედგინათ ცალ-ცალკე დასასვენებლად წასვლა. წლების განმავლობაში ვნება გაქრა, მაგრამ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა დარჩა.
რეჟისორი უკვე 65 წლის იყო, როცა მსახიობ ტატიანა უკოლოვასთან რომანი დაიწყო. მაშინ ქალი 40 წლის იყო და ნიჟნი ნოვგოროდის მსახიობთა სახლში მუშაობდა. ის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი იყო. მალე, ხმა გავრცელდა, რომ ტატიანას ოთარისგან ქალიშვილი შეეძინა.
რა თქმა უნდა, რეჟისორის მეუღლემ ყველაფერი შეიტყო და განქორწინება გადაწყვიტა. მაგრამ ქმარმა სიტყვა მისცა, რომ ტატიანასთან ურთიერთობას გაწყვეტდა და ცხოვრებაში აღარასოდეს შეხვდებოდა მას. ანტონინა ბოროდაევამ ქმარს დაუჯერა და წყვილმა სიყვარულსა და ჰარმონიაში კიდევ 35 წელი იცხოვდა. ის რეალურად აღარასოდეს შეხვედრია ტატიანა უკოლოვას.
თუმცა, ქალიშვილს ფინანსურად ეხმარებოდა, ყოველთვიურად უგზავნიდა ფულს, პერიოდულად ხვდებოდა ბებია-ბაბუის თანდასწრებით, მაგრამ არა, ტატიანას, რადგან მან სიტყვა მისცა ცოლს.
წყვილი შეთანხმდა, რომ ეს ამბავი არ გახსენებოდათ. 2023 წლის გაზაფხულზე, რეჟისორის მეუღლე გარდაიცვალა, აგვისტოში კი ოთარმა 100 წლის იუბილე იზეიმა. ამ დღის შემდეგ გადაწყვიტა, დაერეკა ტატიანასთვის და საკუთარი ხელი და გული შეეთავაზებინა. ოთარმა უთხრა ქალს, რომ ერთად ეცხოვრათ დარჩენილი დღეები.
ტატიანა უკოლოვამ ოთარ დადეშქელიანის წინადადება მიიღო და 7 ნოემბერს ოფიციალურად დაქორწინდნენ. ამ დღეს მათთან ერთად იყო საერთო ქალიშვილი ოლგა, რომელიც რუსეთში ცნობილი მეცო-სოპრანოა.