ავტორი:

როგორ სახლებს აშენებდნენ ბრინჯაოს ხანის საქართველოში - უნიკალური აღმოჩენა წალკაში, რომელიც საუკუნეების წინანდელ არქიტექტურაზე ბევრს ამბობს

როგორ სახლებს აშენებდნენ ბრინჯაოს ხანის საქართველოში - უნიკალური აღმოჩენა წალკაში, რომელიც საუკუნეების წინანდელ არქიტექტურაზე ბევრს ამბობს

"საბეჭდავის ნამოსახლარის გათხრილი ნაწილი მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ქალაქური ტიპის დასახლებასთან, რომელსაც გააჩნია რეგულარული გეგმარების სასიმაგრო სისტემა, საცხოვრებელი კვარტლები, ქუჩები, მოედნები და საკულტო ადგილები. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები ძირითადად ძვ.წ. XIII-VI სს თარიღდება" - ცნობილი არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი საბეჭდავის მეგალითური კომპლექსის შესახებ უნიკალურ ცნობებს გვაწვდის...

თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიცია საბეჭდავის მეგალითური კომპლექსის ტერიტორიაზე 1989 წლიდან 2003 წლის ჩათვლით მუშაობდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციის ხელძღვანელი სწორედ გოდერძი ნარიმანაშვილი იყო.

კომპლექსი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, თრიალეთის პლატოზე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ის დაცილებით. სამხრეთიდან მშრალი ხევი საზღვრავს. "ციკლოპური" სიმაგრე და ნამოსახლარი მთის თხემსა და დასავლეთ კალთაზეა განფენილი. ნამოსახლარი წარმოადგენს კომპლექსს, რომელიც სასიმაგრო სისტემებისგან, მათ შორის შიგნით და გარეთ არსებული უბნებისაგან შედგება. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით ძვ.წ. XIII-VI სს-ით თარიღდება ქვედა სიმაგრე (B უბანი), რომელიც კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქვედა სიმაგრე ხევის და მდინარის ბუნებრივ კონცხზეა გამართული. იგი ორი ნაწილისაგან შედგება და ორი შესასვლელი აქვს. ერთი შესავლელი სამხრეთიდანაა, მეორე - აღმოსავლეთიდან.

  • გალავნის კედლები ნაგებია ბაზალტის დიდი, დაუმუშავებელი ლოდებით, უდუღაბოდ. კედლების სისქე 3-4 მ-ს აღწევს. გალავნის მთელ პერიმეტრზე მიდგმულია სხვადასხვა ზომის 30-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელთა შორის დატოვებულია გასასვლელები და ქუჩები.
საბეჭდავის მეგალითური კომპლექსი. რეკონსტრუქცია. ხედი დასავლეთიდან.

კედლების შემორჩენილი სიმაღლე 0.8-1.5 მ უდრის. სიმაგრის ცენტრალური ნაწილი ნაგებობებისაგან თავისუფალი ჩანს. ქვედა სიმაგრის აღმოსავლეთი შესასვლელიდან მთის წვერისაკენ მიემართება ბაზალტის დიდი ქვებისაგან გაწყობილი "ხეივანი", რომელიც 100 მ-ის შემდეგ ორად იყოფა, ელი-ბაბას მთას გარშემო უვლის და ზედა სიმაგრესა და საცხოვრებელ კვარტლებს საზღვრავს. მისი საერთო სიგრძე აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე 1200 მ-ია. მთის ფერდობზე და წვერზე, "ხეივნის" შიგნით, განლაგებულია ცალკეული საცხოვრებელი უბნები, სასიმაგრო სისტემები გალავნით შემოზღუდული საკულტო მოედანი.

საცხოვრებელ უბნებში გამოვლენილი სახლები, თავისი გეგმარებით განსხვავდებიან სიმაგრის შიგნით გათხრილი სახლებისაგან. თუ სიმაგრეში გათხრილი სახლები მცირე ზომისაა და ძირითადად ერთი ოთახისაგან შედგება, კვარტლებში უმეტესად ორსათავსიანი, დიდი ზომის სახლებია. ყველა სახლი ნახევრად მიწურს წარმოადგენდა და მათ, როგორც ჩანს, ბანური გადახურვა ჰქონდათ.

1. მეგალითური კომპლექსის გენგეგმა; 2. ქვედა სიმაგრე და პირველი საცხოვრებელი კვარტალი. გეგმა

სახლებში აღმოჩენილი მასალა ძირითადად კერამიკითაა წარმოდგენილი. მათი უმეტესობა ხელითაა ნაძერწი, უხეშკეციანია და არათანაბრადაა გამომწვარი. დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი რიყის და ბაზალტის ქვის სანაყები და სასრესები.ზედა სიმაგრე ელი-ბაბას მთის თხემზეა გამართული და ორი ნაწილისაგან (EE და FF უბნები) შედგება. პირველი ნაწილი (E უბანი) თხემის ყველაზე მაღალ მონაკვეთს საზღვრავს. გალავანი დიდი ზომის ქვის ლოდებითაა ნაგები. კედლები თხემის კიდეს მიუყვება და არ არის სწორხაზოვანი, თუმცა კოშკისებური შვერილები მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში აქვს. გალავანში მოხვედრა მხოლოდ დასავლეთიდან, მეორე საცხოვრებელი კვარტლის (D უბანი) გავლით არის შესაძლებელი. კარიბჭის გავლისთანავე მცირე ტერასაზე ვხვდებით, სადაც ბაზალტის დიდ ლოდში გამოკვეთილი საკურთხეველია მოთავსებული.

პირველი ტერასიდან კიბეებით ზედა, დიდ ტერასაზე შეიძლება ასვლა. ტერასის ყველაზე მაღალ ნაწილში, ბაზალტის ბუნებრივი ქანები კარგადაა მოსწორებული და მოედანია შექმნილი, სადაც სხვადასხვა დიამეტრისა და სიმაღლის ღრმულებია ამოკვეთილი. ჩანს რომ, ამ ადგილზე, სიმაგრის ცენტრში ადრე დიდი ნაგებობა იდგა, რომელსაც ბაზალტის ბუნებრივ ქანში გამოკვეთილი იატაკი ჰქონდა. მოედანზე XIX საუკუნეში მცირე ეკლესია აუგიათ.

საბეჭდავის ნამოსახლარის ქვედა და ზედა სიმაგრეებს შორის საცხოვრებელი კვარტლებია გამართული. დღეისათვის კარგად ჩანს ორი მათგანი. თუმცა, არის უმნიშვნელო მონაცემები, რომლებიც ზედა სიმაგრეების (E და F უბნები) ჩრდილოეთით დასახლების არსებობაზე მიუთითებენ.

1. ქვედა სიმაგრე. რეკონსტრუქცია. 2. ქვედა სიმაგრე. გეგმა

I კვარტალი

პირველი კვარტალი (C უბანი) მდებარეობს ქვედა სიმაგრის აღმოსავლეთით, სადაც ორმოცამდე სახლის კონტურები შეინიშნება. პირველ კვარტალში გაითხარა ოთხი სახლი. სახლების ფართობი 150-160 კვადრატული მეტრია. ოთხივე სახლი დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებითაა ნაგები, მშრალად. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 1.0 – 1.5 მ-ს უდრის.

თითოეული სახლი ორი მცირე და დიდი სათავსისაგან შედგება. მცირეში მოწყობილია კერა ან ღუმელი, იატაკი თიხატკეპნილია. დიდი სათავსოს იატაკის ნახევარი ბაზალტის ფილებითაა მოგებული (ზღვე). #1 სახლს ორი შესასვლელი აქვს დანარჩენებს ერთი. სახლებს გრძელი, კორიდორისებური შესასვლელი აქვთ.

II კვარტალი (D უბანი) პირველის აღმოსავლეთით 200-ოდე მეტრის დაცილებით არის გამართული. ამ მონაკვეთში არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა, თუმცა ზედაპირულად 50-მდე სახლის კონტური შეინიშნება. სახლები ისეთივე გეგმარების ჩანს, როგორიც I კვარტალში გათხრილი სახლებია. ნამოსახლარის ამ ნაწილს უშუალოდ ებმის ზედა სასიმაგრო სისტემა. სახლებში ერთგვაროვანი მასალა აღმოჩნდა. ძირითად მასას თიხის ჭურჭელი წარმოადგენს.

ყველა სახლში დადასტურდა თიხის კერა, როლებიც მსხვილმარცვლოვანი თიხისაგანაა დამზადეული. სახლებში აღმოჩნდა ბაზალტის და რიყის ქვისაგან დამზადებული იარაღები: სანაყები, სასრესები, ხელსაფქვავები. დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ობსიდიანის ნუკლეუსები და ანატკეცები, რომელთა ნაწილზეც მუშაობის კვალია შემორჩენილი.

. 1. პირველი საცხოვრებელი კვარტალი. #3 სახლი, დეტალი. გრაფიკული რეკონსტრუქცია; 2. პირველი საცხოვრებელი კვარტალი, #2 სახლის #1 სათავსო. რეკონსტრუქცია.

სამაროვანი (ძველი სასაფლაო) - საბეჭდავის ნამოსახლარს ოთხი სამაროვანი აკრავს. ერთი სამხრეთ-დასავლეთით არსებულ მინდორზეა განლაგებული, მეორე მდ. ბაშკევ-სუს მარჯვენა ნაპირზე, მესამე ნამოსახლარის დასავლეთით, მეოთხე კი ჩრდილო-დასავლეთით. ეს უკანასკნელი 2002-2003 წწ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისას იქნა შეწავლილი. გაითხარა 100-ზე მეტი სამარხი, რომლებიც ძვ.წ. VII-VI სს თარიღდება. სამაროვნის სამარხეული მასალის დიდ ნაწილს თიხის ჭურჭელი შეადგენს. კერამიკული მასალა, დამზადების ტექნიკის თვალსაზრისით, ძირითადად ორი სახისაა: მორგვზე ამოყვანილი და ხელით ნაძერწი. მიუხედვად იმისა, რომ ყველა სამარხი გაძარცვულია, აშკარად ჩანს მძარცველების მიზანი ლითონის არტეფაქტების მოპოვება იყო, სამარხებში მაინც დაფიქსირდა სხვადასხვა საბრძოლო და სამეურნეო იარაღი რკინის შუბისპირები და დანები, ბრინჯაოს კვერთხისთავი, ბრინჯაოს ორფრთიანი და გრძელყუნწიანი ისრისპირი.

ვფიქრობთ, საბეჭდავის ნამოსახლარი წარმოადგენს ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე არსებული, მცირე ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეულების ერთ-ერთ ისეთ ტიპურ ქალაქს, რომლებიც ურარტუს მეფეთა წარწერებშია მოხსენიებული.