ავტორი:

გარდაიცვალა პოეტი და მწერალი თემურ ჩალაბაშვილი

გარდაიცვალა პოეტი და მწერალი თემურ ჩალაბაშვილი

ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ ჩალაბაშვილი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ჩალაბაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ ლიტერატურული კონკურსის - "მუზა", გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თემურ ჩალაბაშვილს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "მუზა" გადაეცა. კულტურის მინისტრი გუშინ მას პირადად ესტუმრა და მოინახულა.

თემურ ჩალაბაშვილი 1951 წლის 12 ნოემბერს სოფელ ძველი ანაგაში დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ „დროშა“-ში. მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ „პირველ სხივში“, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა „მერანი“-ს განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“, „პოეტის ასი ლექსი“ , „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“.

მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას სახელობის და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები. 2018 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს თემურ ჩალაბაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს